ახალი ამბები

ბარომეტრი: რეცეპტის ინსტიტუტმა შეამცირა მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება

12 თებერვალი, 2015 • • 1183
ბარომეტრი: რეცეპტის ინსტიტუტმა შეამცირა მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება

კვლევის შედეგებითვე, 2012 წლის დეკემბერთან შედარებით, 78 %-ით არის გაზრდილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში რეგისტრირებული ადამიანების რაოდენობა.

 

ბარომეტრის შედგებით, გაზრდილია მოსახლეობის ამბულატორიული სამედიცინო მიმართვიანობა, რაც კვლევის ავტორთა თქმით, ეს სავარაუდოდ უკავშირდება ბოლო 6 თვის განმავლობაში განხორციელებულ, ისეთ მნიშვნელოვან ცვლილებას, როგორიც რეცეპტის ინსტიტუტის შემოღება იყო. 

 

“გაზრდილმა ამბულატორიულმა მიმართვიანობამ და შესაბამისად გაზრდილმა მოლოდინის დრომ, შეიძლება სამომავლოდ ნეგატიური გავლენა იქონიოს რეფორმების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებაზე, თუ მანამდე კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგა”, – წერია კვლევის ანგარიშში.

 

ბარომეტრი ჯანდაცვის მომსახურების ფასებსაც იკვლევდა.  

 

“ჯანდაცვის ფასების ცვლილებაზე სპეციალისტთა შეფასება ემთხვევა საქსტატის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც მომსახურებაზე ფასი ზრდადია. 2014 წელს ფასები 6,7 პროცენტით გაიზარდა 2013 წელთან შედარებით. შესაბამისად, კვლავაც პრობლემად რჩება სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ფასების ზრდის ტემპი, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს სახელმწიფო ბიუჯეტის მსყიდველუნარიანობას.”

 

2014 წელს  ჯანმრთელობის დაზღვევისა და საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშების მიხედვით, აღნიშნულ პროგრამებზე 9 თვის განმავლობაში დაიხარჯა  278 მილიონი – დაგეგმილზე 18%-ით ნაკლები და 2014 წლის ბოლო სამი თვის პერიოდში ასათვისებელი დარჩა 200 მილიონი.

 

“აღნიშნული ხარჯვის მოცულობები წინააღმდეგობაში მოდის გაზრდილ მოსარგებლეთა რაოდენობასა (74%-ით) და სამედიცინო მომსახურების ფასებთან. ბარომეტრის მეოთხე ტალღის შედეგებით, კვლევაში ჩარტულ სპეციალისტთა დამოკიდებულება მოსახლეობის ფინანსურ დაცულობასთან დაკავშირებით ნეგატიურია და ასევე პესიმისტურია მათი სამომავლო მოლოდინებიც, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ფასების ზრდასთან.”

 

საერთაშორისო ფონდი “კურაციო” საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრს 2012 წლიდან ყოველ ექვს თვეში ერთხელ  აქვეყნებს.

 

“ბარომეტრის შედეგები ასახავს კვლევაში ჩართულ სპეციალისტთა მოსაზრებებს და მოლოდინებს. რეალური ტენდენციების წარმოსაჩენად, რესპონდენტთა მოსაზრებები შედარებულია ფაქტობრივ სტატისტიკურ და სხვა კვლევების მონაცემებს.  ბარომეტრში მონაწილე სპეციალისტები  არიან სამინისტროების, სამთავრობო სტრუქტურების, სამედიცინო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციების, სადაზღვევო კომპანიების და კვლევითი ჯგუფების წარმომადგენლები. ბარომეტრის მეოთხე ტალღაში გაზრდილია მონაწილე სპეციალისტთა რაოდენობა რეგიონალური სამედიცინო დაწესებულებებიდან.”

მასალების გადაბეჭდვის წესი