ახალი ამბები

მინსკის შეთანხმების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის ციხე ნადეჟდა სავჩენკომ დატოვოს

12 თებერვალი, 2015 • • 1173
მინსკის შეთანხმების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის ციხე ნადეჟდა სავჩენკომ დატოვოს

“ეხო მოსკვის” ინფორმაციით, შეთანხმება უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლებასთან დაკავშირებით მინსკში გამართული მოლაპარაკებების დროს თითქოს მიღწეულ იქნა. დღეს გამართულ მოლაპარაკებაზე უკრაინა-რუსეთს შორის კონფლიქტის დასარეგულირებლად შემუშავებულ დოკუმენტს მოეწერა ხელი, რომელშიც  მძევლების გათავისუფლების აუცილებლობაზეც არის საუბარი, სქემით ,,ყველა ყველაზე”. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მძევლების გათავისუფლება 19 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს. რაც შეეხება სავჩენკოს, პოროშენკოს აზრით,  მოსკოვის იზოლატორის დატოვებას ის ექსპერტიზის დასრულებისა და გამოძიების წინასწარი დასკვნების წარდგენის შემდეგ შეძლებს. პოროშენკოს აზრს იზიარებენ, ასევე, გერმანიისა და საფრანგეთის  პირველი პირებიც, ანგელა მერკელი და ფრანსუა ოლანდი.

 

მფრინავის ერთ-ერთი დამცველი, ნიკოლაი პოლოზოვი მიიჩნევს, რომ სავჩენკოს გათავისუფლება შესაძლებელია ამნისტიის ან შეწყალების გზით. მეორე ადვოკატის, მარკ ფეიგინის თქმით კი, სავჩენკო გასაცვლელ მძევალთა სიაში არ მოხვდა და ბრალდებულის საქმე ისევ გაგრძელდება. თუმცა, ფეიგანის თქმით, სიტუაციის ნათელსაყოფად რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებაა აუცილებელია.

ნადეჟდა სავჩენკო;  ფოტო: novayagazeta
ნადეჟდა სავჩენკო; ფოტო: novayagazeta

 

უკრაინელ მფრინავს, მოხალისეთა ბატალიონ ,,აიდარის’’ მებრძოლ ნადეჟდა სავჩენკოს რუსეთის სახელმწიფო ტელერადიო მაუწყებლის ჟურნალისტების მკვლელობაში მონაწილეობა და რუსეთის ფედერაციის საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედება ბრალად.

 

9 თებერვალს , სავჩენკოს დაცვის მხარემ სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეიტანა, თუმცა მანამდე სტრასბურგის სასამართლომ თვითონ დაიწყო უკრაინელი მფრინავის საქმის წარმოება და რუსეთის მთავრობას სავჩენკოს დაპატიმრების მიზეზების განმარტება მოსთხოვა.

ნადეჟდა სავჩენკო 1981 წელს კიევში დაიბადა. ის უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერია და ერთ-ერთი პირველი ქალია უკრაინაში, რომელიც საჰაერო ძალების პილოტი გახდა. სავჩენკო მოხალისედ იბრძოდა აღმოსავლეთ უკრაინაში ბატალიონ “აიდარის” შემადგენლობაში. 2014 წლის ნოემბერში ნადეჟდა სავჩენკო მერვე მოწვევის უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი გახდა პარტია “ბატკივშინადან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი