ახალი ამბები

წულუკიანის თქმით, უცხოელებმა მხოლოდ მაშინ უნდა იყიდონ მიწა, როცა ინვესტიცია შემოაქვთ

11 თებერვალი, 2015 • • 1005
წულუკიანის თქმით, უცხოელებმა მხოლოდ მაშინ უნდა იყიდონ მიწა, როცა ინვესტიცია შემოაქვთ

„აქამდე უცხოელს სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა უსაზღვრო ოდენობით და ნებისმიერი მიზნით შეეძლო და დღესაც შეუძლია. პარლამენტმა ამ საკითხის მოსაგვარებლად დროებით გამოაცხადა მორატორიუმი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა და დღეს ჰექტრობით მიწა უსისტემოდ შეიძლება გაიყიდოს უცხოელებზე. ეკონომიკის სამინისტროსთან ჩვენი ერთობლივი პროექტი მიზნად ისახავს მიწის უცხოელზე გაყიდვის არა ბრმად აკრძალვას, არამედ შესაბამისი პირობების დაწესებას იმისათვის, რომ უცხოელებმა პირადი მიზნებისათვის კი არ იყიდონ ქართული მიწა, ან, უბრალოდ, უმიზნოდ იყიდონ, არამედ იყიდონ მხოლოდ მაშინ, როცა ინვესტიცია შემოაქვთ და ამით მონაწილეობენ ქართული ეკონომიკის აღორძინებაში. ამასთან, მისასალმებელია, რომ უცხოელს მემკვიდრეობით შეეძლება მიწის მიღება, რადგან ბევრი ქართველი დღეს სხვა ქვეყნის მოქალაქეა და თუ მათ არ მივეცით ბებია-ბაბუის მიწის მემკვიდრეობით მიღების უფლება, ეს ჩვენივე ქვეყნისთვის საზიანო იქნება“, – აცხადებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული მოდელი, ერთი მხრივ, შეესაბამება საქართველოს, როგორც მცირემიწიანი ქვეყნის, ეროვნულ ინტერესს, ხოლო მეორე მხრივ, იცავს უცხოელი ინვესტორების უფლებებს და, ამასთან, ემსახურება, ასევე, ეროვნულ ინტერესს, რომ საქართველო უცხოური ინვესტიციებისათვის მიმზიდველი ქვეყანა იყოს, რაც სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების საწინდარია.

“ცვლილებების თანახმად:  უცხოელ ფიზიკურ პირებს შეეძლებათ, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე საკუთრება შეიძინონ მემკვიდრეობის, საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების ან ქართულ კომლში წევრად შესვლის გზით. განქორწინების ან კომლიდან გასვლის შემთხვევაში უცხოელს წარმოეშობა ვალდებულება 6 თვის ვადაში გაასხვისოს მიწის ნაკვეთი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მიწის ნაკვეთი ჩამოერთმევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ამასთან ყოფილ მეუღლეს ან კომლის სხვა წევრებს აქვთ მიწის ნაკვეთის უპირატესი შესყიდვის უფლება. ყველა სხვა შემთხვევაში, მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უცხოელს აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვა და თუ შესაძენი სასოფლო- სამეურნეო მიწის ფართობი არანაკლებ 5 ჰექტარია. ამასთან, უცხოელის საკუთრებაში არსებული მიწის საერთო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 20 ჰექტარს. კანონში ჩნდება დათქმა, რომ საქართველოში უცხოელის. მონაწილეობით დაფუძნებულ ან მოქმედ იურიდიულ პირს შეუძლია, საკუთრებაში შეიძინოს არანაკლებ 20 ჰექტარი ფართობის სასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ხოლო მის საკუთრებაში არსებული მიწის საერთო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 200 ჰექტარს; ოღონდ ასეთი შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებზე. ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით, განსაკუთრებულ.

შემთხვევებში, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შექმნილი საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით და სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, უცხოელს და მისი მონაწილეობით შექმნილ იურიდიულ პირს შეუძლიათ, შეიძინონ და საკუთრებაში იქონიონ სასოფლო-სამეურნეო მიწა ზემოთ აღნიშნული ზღვრული ოდენობების გარეშეც.

მიწის გასხვისება უცხოელ ფიზიკურ პირზე ვერ მოხდება საქართველოს საზღვრის მიმდებარე 5-კილომეტრიან ზოლში და მთავრობის მიერ დადგენილ შესაბამის სასაზღვრო ზონაში.

იზრდება ნოტარიუსის როლი, რომელიც უცხოელ და ქართველ კერძო პირებს შორის სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებული ტრანზაქციების სავალდებულო სანოტარო დამოწმებას განახორციელებს და შეამოწმებს ახალი კანონით დადგენილი ახალი პირობების შესრულებას როგორც მიწის გამყიდველის, ისე მისი მყიდველის მხრიდან. უცხოელებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებაში.

შეძენის პირობების განსაზღვრაზე იუსტიციის სამინისტრო, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებთან ერთად, რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, პროცესში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და აგრარული სექტორის ექსპერტები”, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი