ეკონომიკა

ლარში სესხები ძვირდება

11 თებერვალი, 2015 • • 1877
ლარში სესხები ძვირდება

 მონეტარული კომიტეტის სხდომა დღეს, 11 თებერვალს გაიმართა და მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ.


“მონეტარული პოლიტიკის გადაწვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც გაიზარდა საგარეო შოკის გავლენით საპროგნოზო ინფლაციაზე მოქმედი რისკები. ინფლაციის მოლოდინების ზრდის გასანეიტრალებლად კომიტეტი მიზანშეწონილად თვლის შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივ გამოსვლას. თუმცა, მიუხედავად პოლიტიკის გამკაცრებისა, პოლიტიკის განაკვეთი ნეიტრალურ ნიშნულს დაბლა რჩება. მიმდინარე პროგნოზით, თუკი არ გამოიკვეთა ეკონომიკაზე მოქმედი სხვა შოკები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, 2015 წლის ბოლოს 5%-ის ფარგლებში იქნება”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ეროვნული ბანკის ცნობით, ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურ გამოხატულებაში არ გაუფასურებულა, თუმცა ლარი გაუფასურდა აშშ დოლარის მიმართ:


“რადგან საქართველოში გვაქვს დოლარიზაციის მაღალი დონე აშშ დოლარის მიმართ ლარის გაუფასურება ქმნის ინფლაციის დამატებით რისკებს ინფლაციის მოლოდინების ზრდისა და დოლარით დენომინირებული სესხების მომსახურებასთან დაკავშირებული გაზრდილი შუალედური ხარჯების შედეგად. არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციური რისკების შესამცირებლად”, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.


მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2015 წლის 25 მარტს გაიმართება. 

 

ეროვნული ბანკის  მონეტარული კომიტეტის წინა სხდომა 2014 წლის 17 დეკემბერს გაიმართა. მაშინ კომიტეტმა სესხებზე რეფინასირების განაკვეთი 4%-ზე დატოვა. 

 

ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთზე საპროცენტო განაკვეთი ბოლოს 2013 წლის 18 დეკემბერს შეცვალა და განაკვეთის 3,75%-დან 4 %-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.  

 

2011 წელს რეფინანსირების განაკვეთი სესხებზე 8% იყო. სამი წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთმა ეტაპობრივად 4%-მდე დაიკლო. 

 

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება 2015 წლის 30 იანვარს მიიღო. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა: 

 

“ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებული გადაცემის ყველა ინსტრუმენტს, ჩვენი ჩარევა იქნება თანმიმდევრული, ეტაპობრივი და იმ მოცულობის და დოზის, რაც საჭირო იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად”.

 

“ეროვნული ბანკის მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ეკონომიკას შეამცირებს და საბანკო კრედიტს გააძვირებს”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” ეკონომიკის აკადემიური დოქტორი ლია ელიავა: 

 

“სავალუტო ინტერვენცია ნიშნავს სავალუტო რეზერვების ხარჯვას და გაყიდვას კომერციულ ბანკებზე. მეორე ინსტრუმენტი არის რეფინანსირების განაკვეთი, რომელიც არის 4% და ამ განაკვეთს ეროვნული ბანკი გაზრდის.  ვისაც სესხი აღებული აქვს ლარში, ეს მიბმულია მცურავ სავალუტო კურსზე და მათ გაეზრდებათ სესხის ხარჯი.  მოსახლეობის ფინანასური მდგომარეობა დამძიმდება.”

 

დღესვე ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა სავალუტო აუქციონზე. 11 თებერვლის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის კურსით 1 აშშ დოლარი 2.0421 ლარი ღირს.

მასალების გადაბეჭდვის წესი