ახალი ამბები

პუტინი უკრაინის საკითხზე მინსკის მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს

11 თებერვალი, 2015 • 1038
პუტინი უკრაინის საკითხზე მინსკის მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს

უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, დღეს მინსკში ერთმანეთს შეხვდებიან “ნორმანდის ოთხეულის” წევრი ქვეყნის ლიდერები – უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

ინტერნეტგამოცემა “უნიანის” ინფორმაციით, 8 თებერვალს, როცა პოროშენკოს, ოლანდისა და მერკელის მორიგი შეხვედრა დაიგეგმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 11 თებერვლის შეხვედრა იმ შემთხვევაში გაიმართებოდა, თუ ამ დროისთვის მხარეები რიგ პოზიციებზე შეთანხმებას მიაღწევდნენ.


დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ უმაღლესი დონის მოლაპარაკებები კრიზისიდან გამოსვლის ის შანსია, რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლება.


ეს განცხადება მოგერინიმ 10 თებერვალს სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე უკრაინის კრიზისის განხილვის დროს გააკეთა.


“ხვალინდელი დღე ის შანსია, რომლის ხელიდან გაშვებაც დაუშვებელია. ადამიანები იღუპებიან. ეს მოლაპარაკებები ევროპაში მშვიდობის აღდგენისა და დაცვის, გლობალური ბალანსისა და წესრიგის დაცვის შანსია. მე არ ვამბობ, რომ იმედი მაქვს, მაგრამ ამ ძალისხმევით ვმუშაობ, უზრუნველვყო ევროპის ერთიანობა და მხარდაჭერა”, – განაცხადა მოგერინიმ.


როგორც “უნიანს” 9 თებერვალს კრემლის პრესსამსახურში განუცხადეს, ეგვიპტურ გამოცემა ალ ახრამთან საუბარში პუტინმა განაცხადა, რომ “ნათელია, კრიზისი იქამდე გაგრძელდება, სანამ თავად უკრაინელები ერთმანეთში არ მოილაპარაკებენ, სანამ არ დასრულდება რადიკალიზმისა და ნაციონალიზმის პარპაში, საზოგადოება კი კონსოლიდირებული არ იქნება პოზიტიური ღირებულებებისადა უკრაინის ინტერესების გარშემო. ამისთვის საჭიროა, რომ კიევის ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის ხმა გაიგოს. საერთო ენა იპოვოს ქვეყნის რეგიონებისა და ყველა პოლიტიკურ ძალასთან. სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობის ისეთი ფორმულა შეიმუშაოს, რომლის პირობებშიც ყველა მოქალაქისთვის  ცხოვრება უსაფრთხო და კომფორტული იქნებოდა.”


მისივე თქმით, იქამდე გაგრძელდება ომი დონბასში, სანამ უკრაინა პრორუსულ ბოევიკებთან მოლაპარაკებებს არ დაიწყებს. პუტინის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ კონფლიქტის მხარეები მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდნენ.


“კიევის მცდელობები ეკონომიკური წნეხის ქვეშ მოაქციონ დონბასი, მისი სიცოცხლისუნარიანობა დაბლოკონ, კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას. ეს არის ჩიხში მოქცევის გზა, რომელიც კასატროფას გამოიწვევს”, – განაცხადა პუტინმა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი