ხელოვნება

ბერლინალეს კონტურები

11 თებერვალი, 2015 • • 2033
ბერლინალეს კონტურები

ქართული პროექტი კოპროდუქციის ბაზრობაზე წელს პირველად არის წარმოდგენილი. ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ 3 საუკეთესო პროექტს შორის მოხვდა. ამით რეჟისორებს საშუალება მიეცათ გამართონ სპეციალური პრეზენტაციები და მოლაპარაკებები აწარმოონ თანადამფინანსებლებთან, რადგან მათ თანხის გარკვეული რაოდენობა უკვე აქვთ, კინოცენტრის კონკურსში გამარჯვების გამო.

 

ორი ქართული ფილმი – გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული“ და ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ – იყო ნომინირებული ბერლინალეს ფარგლებში გამართულ დაჯილდოებაზე „კინო მშვიდობისთვის“. ჯილდო  უკვე რამდენიმე წელია, რაც არსებობს და მისი მიზანია ჰუმანიზმის ხაზგასმა კინოში. დაჯილდოება უკვე გაიმართა და ქართული ფილმები გამარჯვებულები ვერ გახდნენ, თუმცა მონაწილეობაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. 

 

მთავარ საკონკურსო პროგრამაში მონაწილე რუსულ ფილმში „ელექტრონული ღრუბლების ქვეშ“ ერთ-ერთ მთავარ როლს მერაბ ნინიძე ასრულებს. პრემიერა გუშინ, 10 თებერვალს Berlinale Palest-ში შედგა. რეჟისორმა ალექსეი გერმანმა ფილმის დასრულების შემდეგ გამოაცხადა: „ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ფილმი რუსეთის, უკრაინის და პოლონეთის ერთობლივი პროდუქციაა“. ფილმში აღწერილია მომავლის სამყარო, როგორ ირევა ერთმანეთში რეალური და ირეალური, წარსული და მომავალი, სადღაც უცნაურ სანაპიროზე, ყინვაში ნისლში და თოვლში. მოჩანს დაუმთავრებელი მშენებლობები, დაუსრულებელი ცათამბჯენები, რობოტები და ლენინის ძეგლი. შეიძლება ითქვას, რომ საკონკურსო პროგრამაში უკვე ნაჩვენებ ფილმებს შორის „ელექტრონული ღრუბლების ქვეშ“ ყველაზე სუსტ ფილმად შეიძლება ჩაითვალოს.

 

ასევე უკვე შეიძლება ვისმჯელოთ, ამ დროის მონაცემებით რომელმმა ფილმმა მოიპოვა ყველაზე კარგი კრიტიკა და მაყურებლის სიმპატიები. 

 

წელს ბელინალესთვის ძალიან ბევრმა საყვარელმა სახემ მოიყარა თავი. ერთ-ერთი მათგანი ანდრეას დრეზენია. ის უკვე ორი დათვის მფლობელია. პირველად 1999 წელს ფილმით „Night Shapes“ მან ვერცხლის,  ხოლო მეორედ, 2002 წელს ფილმით „Grill Point“ ოქროს დათვი მოიპოვა. წელს კი ფილმით „Als wir träumten” იგი მესამედ იბრძვის საკონკურსო პროგრამაში.

Als wir Träumten - ფილმის პოსტერი
Als wir Träumten – ფილმის პოსტერი

 

ფილმი მოგვითხრობს გერმანიის არცთუ ისე შორეულ წარსულზე, ცივ ომსა და აღმოსავლეთ გერმანიის ტკივილზე. რიკო, დანიელი, პაული, მარკი, ის ახალგაზრდები არიან,  რომლებიც სწორედ ამ ისტორიულ პერიოდში გაიზარდნენ და ძალაუნებურად გარემოების მსხვერპლად იქცნენ. მათ აქვთ ოცნებები: ერთს მუსიკოსობა უნდა, ერთს რეპორტიორობა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ ამის შანსი არ ეძლევათ. ისინი არიან ახალგაზრდები, რომლებიც არღვევენ წესებს, ეძებენ თავისუფლებას, ცდილობენ პიროვნების იდენტიფიკაციას, ოღონდ სხვაგვარად, რადგან მათ აქვთ ერთადერთი ალტერნატივა –  თავი გამოხატონ მიწისქვეშა კულტურაში, ნარკოტიკებში, ტექნო მუსიკაში. ისინი არიან ახალგაზრდები, რომლებმაც აუცილებლად უნდა დაარღვიონ წესები. უნდა გათავისუფლდნენ არაჯანსაღი გარემოდან, თუმცა ეს ფაქტობრივად შეუძლებელია. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დამეგობრებული ჯგუფი იშლება. მათ ჰქონდათ ოცნებები, მათ ჰქონდათ იმედი, მაგრამ გარემოება ვითარებას ქმნიდა.

 

ვნახოთ, ანდრეი დრეზენი შეძლებს თუ არა მესამედ მოიპოვოს გამარჯვება ბერლინალეს ფესტივალზე. კონკურსი ჯერ კიდევ გრძელდება და მაყურებელს წინ კიდევ ბევრი ფილმი ელის.

მასალების გადაბეჭდვის წესი