ეკონომიკა

გაძვირდება თუ არა სესხები ლარში?

11 თებერვალი, 2015 • • 1344
გაძვირდება თუ არა სესხები ლარში?

ეროვნული ბანკის  მონეტარული კომიტეტი ბოლოს 2014 წლის 17 დეკემბერს შეიკრიბა. კომიტეტმა სესხებზე რეფინასირების განაკვეთი 4%-ზე დატოვა. 

 

ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთზე საპროცენტო განაკვეთი ბოლოს 2013 წლის 18 დეკემბერს შეცვალა და განაკვეთის 3,75%-დან 4 %-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.  

 

2011 წელს რეფინანსირების განაკვეთი სესხებზე 8% იყო. სამი წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთმა ეტაპობრივად 4%-მდე დაიკლო. 

 

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება 30 იანვარს მიიღო . ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა: 

 

“ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებული გადაცემის ყველა ინსტრუმენტს, ჩვენი ჩარევა იქნება თანმიმდევრული, ეტაპობრივი და იმ მოცულობის და დოზის, რაც საჭირო იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად”.

 

“ეროვნული ბანკის მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ეკონომიკას შეამცირებს და საბანკო კრედიტს გააძვირებს”, ამბობს “ნეტგაზეთთან” ეკონომიკის აკადემიური დოქტორი ლია ელიავა: 

 

“სავალუტო ინტერვენცია ნიშნავს სავალუტო რეზერვების ხარჯვას და გაყიდვას კომერციულ ბანკებზე. მეორე ინსტრუმენტი არის რეფინანსირების განაკვეთი, რომელიც არის 4% და ამ განაკვეთს ეროვნული ბანკი გაზრდის.  ვისაც სესხი აღებული აქვს ლარში, ეს მიბმულია მცურავ სავალუტო კურსზე და მათ გაეზრდებათ სესხის ხარჯი.  მოსახლეობის ფინანასური მდგომარეობა დამძიმდება.”

 

ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით, დადგენილი სავალუტო კურსით 1 აშშ დოლარის მიმართ ეროვნული ლარი 2.0421 ნიშნულზე. საქართველოს კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარი 2.08 ლარი ღირს. კომერციულ ბანკში 100 დოლარის ყიდვისთვის 208 ლარი დაგჭირდებათ. ეროვნულმა ლარმა აშშ დოლარის მიმართ გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 20 ნოემბერს 100 აშშ დოლარის ყიდვა 177 ლარად იყო შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი