ახალი ამბები

შსს-ს ცნობით, საკრედიტო ბარათებიდან 13 ათასი ლარის მითვისების ბრალდებით პირი დააკავეს

11 თებერვალი, 2015 • • 1662
შსს-ს ცნობით, საკრედიტო ბარათებიდან 13 ათასი ლარის მითვისების ბრალდებით პირი დააკავეს

გამოძიების ცნობით, გიორგი ს. ავტოსამრეცხაოს და საავტომობილო ზეთების მაღაზიის მფლობელი და დირექტორი იყო. მან ერთ-ერთ ბანკთან გააფორმა ხელშეკრულება და სამუშაო ადგილზე დააყენა ბანკის პოს-ტერმინალი.

 

შსს-ს ინფორმაციით, 2014 წლის 14 ოქტომბერს ტერმინალის საშუალებით ჩატარებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება გამოვლინდა. ერთი საათის განმავლობაში დაფიქსირდა 9 საბანკო ოპერაციის მცდელობა, რომელთაგან წარმატებულად 2 განხორციელდა.

 

სამინისტრო აცხადებს, რომ საბანკო ოპერაციების მცდელობა ჩინეთის რესპუბლიკის 1 პლასტიკური ბარათის და ამერიკის შეერთებული შტატების 8 პლასტიკური ბარათის მონაცემებით ჩატარდა. წარმატებით განხორციელებულმა საბანკო ოპერაციებმა ჯამში 13 000 ლარი შეადგინა. წარმატებით განხორციელებული ორი ტრანზაქციიდან ერთ შემთხვევაში გაანაღდა 4 200 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში – 8 800 ლარი.

 

გამოძიების ცნობით, პლასტიკური ბარათები, საიდანაც თანხები მოიხსნა, რეალური მფლობელების მიერ დაკარგულად იყო გამოცხადებული.

გამოძიება არაერთგზის ჩადენილი დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების და მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).

მასალების გადაბეჭდვის წესი