საზოგადოება

შეძლებს თუ არა მიგრაციის შესახებ კანონი ადამიანების ტრეფიკინგისგან დაცვას?

11 თებერვალი, 2015 • • 1638
შეძლებს თუ არა მიგრაციის შესახებ კანონი ადამიანების ტრეფიკინგისგან დაცვას?

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კანონპროეტს კანონად აქცევს, საქართველოს პირველად ექნება მიგრაციის შესახებ კანონი. მთავრობა აცხადებს, რომ ამ კანონის მიღება ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულების შესრულებაა. საკმარისია თუ არა კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაციები ტრეფიკინგის საფრთხის მინიმუმამდე დასაყვანად?

 

იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საქართველოდან საზღვარგარეთ დასაქმების მიზით გადიან, საკმაოდ დიდია. 2013 წელს “სამოქალაქო განვითარების სააგენტომ” ევროკავშირის დაფინანსებით კვლევა – “ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს” – ჩაატარა. ამ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 14%-ს ჰყავს ახლო ნათესავი ან ოჯახის წევრი სამუშაოდ უცხოეთში წასული. მიმღებ ქვეყნებს შორის პირველ ადგილს რუსეთი იკავებს (47%), ხოლო მეორე და მესამე ადგილზე თურქეთი (21%) და საბერძნეთია (18%).

 

ამავე კვლევის თანახმად, მიგრანტთა უმრავლესობას, რომელიც მიდის სამუშაოდ სხვა ქვეყანაში, არა აქვს დაგეგმილი თუ რა კონკრეტული სამუშაოს შესრულება მოუწევს იქ. გამოკითხულთა სამი მეოთხედის პასუხების მიხედვით სხვადასხვა ქვეყანაში წამსვლელებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ, რა პროფესიით იმუშავებენ.

 

“პრობლემა ისაა, რომ ადამიანები არაინფორმირებულნი არიან და მოუმზადებლად მიდიან საზღვარგარეთ, ძალიან ბევრ ადამიანს მიაჩნია, ოღონდაც ქვეყნიდან გააღწიონ, უკვე სულერთია და იქ როგორმე სამუშაოს იპოვნიან და ამისათვის მიმართავენ სხვადასხვა არალეგალურ ხერხს, როგორიცაა, მაგალითად, ოფიციალური გამშვები პუნქტის გვერდის ავლით გასვლა, ან თავიდან ლეგალურად გასვლა და ვიზის ამოწურვის შემდგომ არალეგალურად დარჩენა, ან შეიძლება იყოს სრულიად კანონიერად ყოფნა საზღვარგარეთ, მაგრამ სამუშაო ნებართვის გარეშე მუშაობა”, – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიგრაციის პროექტის კოორდინატორი თეონა მაჭარაშვილი.

 

შრომითი მიგრაცია პირდაპირ უკავშირდება არალეგალურ მიგრაციას და, შესაბამისად, ტრეფიკინგს. იმისათვის, რომ ტრეფიკინგის რისკი მინიმუმამდე დავიდეს, კანონპროექტის თანახმად, კომპანიას ან ფიზიკურ პირს, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებულ საქმიანობას ახორციელებს, ვალდებულება უჩნდება ამის შესახებ მოთხოვნა იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ორგანოში დაარეგისტრიროს.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიგრაციის პროექტის კოორდინატორი თეონა მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ სამუშაოს პოვნაში შუამავალი კომპანიის დარეგისტრირების ვალდებულებამ, შესაძლოა გარკვეული პრევენციული როლი ითამაშოს, თუმცა ეს მექანიზმი არასაკმარისია და ის, რაც კანონით იცვლება, მწირია იმისთვის, რომ ფართომასშტაბიანი კანონის მიღებაზე ვისაუბროთ.

 

კანონპროექტის თანახმად, შუამავალი კომპანია ვალდებულია არამხოლოდ დაარეგისტრიროს საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობა, ასევე, ვალდებულია შრომითი მოწყობის შესახებ ხელშეკრულება დადოს უშუალოდ უცხოელ დამსაქმებელთან, თუმცა ეს მაინც არაა საკმარისი მთავარი მიზნის, ტრეფიკინგის თავიდან ასაცილებლად:

 

“არსებული მდგომარეობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ძალიან  მარტივად გახადო ადამიანი ტრეფიკინგის მსხვერპლი, იმიტომ, რომ კომპანია, რომელიც საქართველოში მუშაობს და აკავშირებს საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ რომელიმე კომპანიასთან, სრულიად არ არის საჭირო, რომ ეს კომპანია იყოს არაკეთილსინდისიერი. მან შეიძლება არ იცოდეს რა შედეგები მოჰყვება მის შუამდგომლობას, შეიძლება უბრალოდ დააკავშიროს ადგილობრივ კომპანიას და ადამიანი შემდეგ გახდეს ტრეფიკინგის მსხვერპლი. ამ შემთხვევაში პასუხს ვერავის ვერ მოთხოვ, რადგან ადგილობრივმა კომპანიამ არ იცოდა წინასწარ და თავად არაფერი არაკანონიერი არ გაუკეთებია, უბრალოდ დააკავშირა და შესაბამისად მისი პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება. უცხოურ კომპანიას კი ვერ დააკისრებ პასუხისმგებლობას, რადგან საქართველოს ფარგლებს გარეთაა და ამ ქვეყნის იურისპრუდენცია მასზე არ ვრცელდება”,- ამბობს თეონა მაჭარაშვილი.

 

მისივე თქმით, როდესაც  ასეთი შავი ხვრელი ჩნდება, აუცილებელია არსებობდეს ერთიანი სახელმწიფო ხედვა და სტრატეგია, როგორ დაიცვას ქვეყანამ თავისი მოქალაქეები. ერთ-ერთ ასეთ საშუალებად კი იგი დიპლომატიური მექნიზმის ჩართვას მიიჩნევს:

 

“იქიდან გამომდინარე, რომ საკანონმდებლო თვალსაზრისით საკმაოდ რთულია ამის რეგულირება, აუცილებელია დიპლომატიური მექანიზმის ამუშავება, მაგალითისთვის შეიძლება ორმხრივი შეთანხმებები იყოს ორ სახელმწიფოს შორის. ამ მექნიზმის ამუშავებით, ტრეფიკინგის წინააღმდეგ თანამშრომლობის ვალდებულება მაღალ რანგში გადადის”, – ამბობს თეონა მაჭარაშვილი.

მიგრაციის შესახებ კანონპროექტმა უკვე გაიარა საკომიტეტო განხილვა პარლამენტმა იგი 20 თებერვლამდე უნდა დაამტკიცოს საკანონმდებლო ორგანომ.

მასალების გადაბეჭდვის წესი