ახალი ამბები

ომბუდსმენი დეკრეტული შვებულების დროს სამსახურიდან დათხოვნილის აღდგენას ითხოვს

10 თებერვალი, 2015 • 1975
ომბუდსმენი დეკრეტული შვებულების დროს სამსახურიდან დათხოვნილის აღდგენას ითხოვს

სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა, ეკატერინე სხილაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ 115–ე სკოლის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ ომბუდსმენის აპარატს მიმართა ინფორმაციით, რომ 2014 წლის სექტემბერში, როდესაც დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა, ახლადარჩეულმა დირექტორმა ის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

 

“ნეტგაზეთი” 115–ე სკოლის დირექტორსაც დაუკავშირდა. სატელეფონო საუბრისას მან თქვა, რომ 20 თებერვალს ამ საკითხთან დაკავშირებით არის სასამართლო და სანამ პროცესი არ დასრულება, კომენტარისგან თავს შეიკავებს.  

 

ეკატერინე სხილაძე კი ამბობს, რომ სამსახურიდან დათხივნილი დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, “მისი გათავისუფლების საფუძველი გახდა მასსა და სკოლის დირექტორს შორის წარსულში არსებული კონფლიქტური სიტუაცია”.

 

სახალხო დამცველის აპარატში განმარტავენ, რომ დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის პერიოდში ჩერდება შრომითი ხელშეკრულება და სკოლის დირექტორს არ ქონდა საფუძველი, რომ პირი გაეთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობიდან.

 

“მთავარი ამ შემთხვევაში არის ის, რომ გათავისუფლება მოხდა სწორედ ამ დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის პერიოდში,”– განაცხადა სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა.

 

საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებისას შრომითი ურთიერთობები ჩერდება. ამასთანავე, შრომითი ურთიერთიბის შეჩერება არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას (მუხლი 36).

 

9 თებერვალს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით #115 საჯარო სკოლის დირექტორს მიმართა, რათა “შეისწავლოს ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში მყოფი ლ.ღ–ს სამსახურიდან გათავისუფლების საქმე და კანონის შესაბამისად მოახდინოს დარღვეული შრომითი უფლებების აღდგენა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი