ახალი ამბები

“ეკლესიისთვის მინიჭებული უფლება საზოგადოებრივ ინტერესებს არღვევს”

10 თებერვალი, 2015 • • 1232
“ეკლესიისთვის მინიჭებული უფლება საზოგადოებრივ ინტერესებს არღვევს”

საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 4 მარტის 341-ე განკარგულებით საპატრიარქოს 2010 წელს 1 ლარად გადაცემულ კრწანისის ტყე-პარკსა და მის მიმდებარე ტერიტორიებთან დაკავშირებით ის საპრივატიზებო პირობა მოუხსნა, რომელიც მას ამ ტერიტორიების მესამე პირზე გადაცემას უკრძალავდა.


2015 წლის 16 იანვრის #31 განკარგულებით კი, მთავრობამ მის მიერვე მიღებული 341-ე კანკარგულება გააბათილა.
მთავრობის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ამ პირობის (გასხვისების უფლების შეზღუდვის) გაუქმების თხოვნით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს კათალიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა 2014 წლის თებერვალში მიმართა. ქორეპისკოპოსის წერილში აღნიშნული იყო, რომ 1 ლარად გადაცემული უძრავი ქონების მესამე პირისთვის საკუთრებაში გადაცემის აკრძალვა “ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებულ და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით განსაზღვრულ საკუთრების უფლების შინაარსს”.


ქორეპისკოპოსი თავის წერილში ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ “მესაკუთრის უფლება, განკარგავდეს მის საკუთრებაში არსებულ ქონებას, “ხელშეკრულებით” უსამართლოდ არის შეზღუდული”.


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, სულხან სალაძის განმარტებით, ეს არ არის, ასე ვთქვათ, სტანდარტული ქონება, რომელზეც ვრცელდება აბსოლუტური უფლება, ვინაიდან აქ საუბარია ტყე-პარკზე: “ამასთან, როცა პრეზიდენტის განკარგულებით გადაეცა და გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება, მაშინ სამართლებრივ აქტში პირობებიც გაიწერა, მათ შორის შეზღუდვებიც, მაგრამ მაშინ არ გასჩენია საპატრიარქოს პრეტენზიები. ეტყობა, მისთვის ის პირობები მისაღები იყო, რადგან ხელშეკრულებას ხელი ნებაყოფლობით მოეწერა.”


იურისტის თქმით, გამოდის, რომ საპატრიარქომ თავად გამოხატა თანხმობა შეთავაზებულ პირობებზე და, შესაბამისად, 3-4 წლის შემდეგ მესაკუთრის უფლების შეზღუდვაზე საუბარი არასამართლიანია.


საქართველოს მთავრობამ გასულ წელს “საყურადღებოდ მიიჩნია” ის, რომ კონკორდატის მიხედვით ეკლესიის საკუთრება და ქონებრივი უფლებები დაცულია საქართველოს კანონმდებლობით. ამასთან, მთავრობამ მიიჩნია, რომ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის 1 ლარად ქონების გადაცემაზე გაფორმებული ხელშეკრულებით საპატრიარქოს საკუთრების უფლების შეზღუდვა არ იყო შესაბამისობაში სახელმწიფო ქონების პრივატიზების მარეგულირებელი კანონმდებლობის პრინციპებთან, ამიტომ ეს შეზღუდვა უნდა გაუქმებულიყო: “ამ პირობის გაუქმება იქნება კონკორდატის მე-6 მუხლის დაცვის მაგალითი და დადებითად აისახება საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაზე.”


საპატრიარქოსთვის შეზღუდვის გაუქმება მასსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაზე დადებითად ნაკლებად აისახა. ეკლესიამ 1 ლარად მიღებული მთელი ქონება მესამე პირს დაურეგისტრირა, მთავრობამ კი მიმდინარე წლის იანვარში თავისივე განკარგულება ცნო ბათილად. ამით, სახელმწიფომ ეკლესიის მიერ აღნიშნულ ქონებაზე მთელი ათი თვის განმავლობაში ჩატარებული ოპერაციების კანონიერება ეჭვქვეშ დააყენა.


მთავრობის მიმდინარე წლის 31-ე განკარგულების განმარტებით ბარათში ვკითხულობთ: “აღნიშნული პირობის გაუქმებით დასაშვები გახდა საპრივატიზებო ქონების მესამე პირთა საკუთრებაში გადაცემა, რომელსაც მიეცემა უფლება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე განკარგოს და ისარგებლოს 1 ლარად გადაცემული ქონებით. შეზღუდვის გაუქმების მიუხედავად, ძალაშია პრეზიდენტის იმავე განკარგულებით დაწესებული სხვა შეზღუდვები (იქ არსებული ნარგავების (გამწვანების ზოლის) მოვლა-პატრონობა, საზოგადოებისთვის ამ ქონების ხელმისაწვდომობის შენარჩუნება, გამწვანების ზოლში არათავსებადი ობიექტების მშენებლობის დაუშვებლობა – ავტ.), ამიტომ აზრს კარგავდა 341-ე განკარგულებით შეზღუდვის გაუქმება. ამასთან, სახელმწიფოს ექმნება დამატებითი სირთულეები, გააკონტროლოს გადაცემული ქონების მესამე პირთა საკუთრებაში აღმოჩენის შემთხვევაში ამავე ქონებაზე დაწესებული სხვა სამართლებრივი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა, რაც თავისი არსით არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და სხვა პირთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, რის გამოც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 მარტის #341 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე ძალაში შესვლის დღიდან.”


“ამით მთავრობამ, ფაქტობრივად, დაინახა საფრთხეები და თქვა, რომ არასწორად მოიქცა, როცა უკანონოდ აღჭურვა ახალი მესაკუთრე გარკვეული უფლებით. მაგრამ არის მეორე პრობლემა – ეს ქონება სხვა ფუნქციით დაიტვირთა, დაფუძნდა ახალი იურიდიული პირი, ამიტომ ბუნებრივია, დგება საკითხი – რა ბედი ელის ამ ქონებას? წესით, გამოდის, რომ უკან უნდა დაუბრუნდეს საპატრიარქოს პრეზიდენტის 2010 წლის განკარგულების პირობებით, მაგრამ ვინც ამ ქონებით რაიმე მოქმედება შეასრულა გასულ წელს, ან აპირებდა ინვესტიციების ჩადებას მოგების მიზნით, მათთვის უცებ ყველაფერი აღმოჩნდა კანონს მიღმა – ამიტომ, მათ (იგივე საპატრიარქოს, სხვა იურიდიულ პირს) სრული უფლება აქვთ სახელმწიფოს მოსთხოვონ კომპენსაცია გონივრულ ფარგლებში”, – აცხადებს სულხან სალაძე და დასძენს, რომ კომპენსაცია შეიძლება იყოს ფულადი, ან სხვა ტერიტორია მისცენ სანაცვლოდ და ა.შ. რაც შესაძლოა სახელმწიფოს ძვირი დაუჯდეს.


საქართველოს საპატრიარქოს, პრეზიდენტ სააკაშვილის 2010 წლის განკარგულებით, 1 ლარად გადაეცა თბილისში – კრწანისის ტყე-პარკი და მის მიმდებარედ ფონიჭალაში, აღთაკლიაში, ყარაჯალარში, ასევე ქ. რუსთავში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ტერიტორიები; მთლიანობაში 7 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი მიწის ფართობი და მასზე არსებული 2500 კვ/მ-ზე მეტი ფართობის შენობა-ნაგებობა. განკარგულების მიხედვით, საპატრიარქოს ამ მიწის გასხვისების უფლება არ ჰქონდა, მაგრამ ამის უფლება მთავრობამ შარშან მიანიჭა, რითაც საპატრიარქომ ისარგებლა და მიწის ნაკვეთი მესამე პირს გადასცა. საპატრიარქომ, შპს „ემ & სი ჯორჯია ჰოლდინგთან” ერთად, 2014 წლის აპრილში შპს „კრწანისის პარკი” დააფუძნა, 1 ლარად გადაცემული ქონება სრულად შეიტანა ამ კომპანიის საწესდებო კაპიტალში მოგების მიღების მიზნით და ქონებაც “კრწანისის პარკის” საკუთრებაში დარეგისტრირდა. საპატრიარქო ამ კომპანიაში 25%-იანი წილითაა შესული. ახალი კომპანიების უკან კი მოიაზრება ბევრი ისეთი კომპანია, რომ- ლებიც ოფშორულ ზონაში არიან რეგის- ტრირებული.
რაც, შეეხება ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ ან სხვა კომპანიებს _ სულხან სალაძის თქმით, ასეთი მეთო- დი თუ მასიურ ხასიათს მიიღებს, მათ- თვის ეს კარგი საშუალება იქნება საპა- ტრიარქოს სახელით 1 ლარად მოიპო- ვონ სახელმწიფო ქონება. ჯერ ეკლე- სია მიიღებს ლარად ქონებას და შემდეგ მას დაურეგისტრირებს სხვა იურიდი- ულ პირს: `და ეს მაშინ, როცა სახელმ- წიფოს თავად შეუძლია კანონიერად, ქონების აუქციონის წესით გასხვისე- ბა, მათ შორის პირობებითაც. ამ კონკ- რეტულ შემთხვევაშიც, თუ მიზანი იყო 1 ლარად გასხვისება, შეიძლებოდა ნებ- ისმიერ კომპანიასთან ისეთი კონტრაქ- ტის გაფორმება, სადაც უფრო მკაცრად იქნებოდა ის პირობები გაწერილი, რომ- ლებიც სახელმწიფო ინტერესებშია~.

მასალების გადაბეჭდვის წესი