ახალი ამბები

რუსეთის მიერ საქართველოსთვის გადასახდელი კომპენსაციის ბუნდოვანი პერსპექტივა

10 თებერვალი, 2015 • • 1157
რუსეთის მიერ საქართველოსთვის გადასახდელი კომპენსაციის ბუნდოვანი პერსპექტივა

უკვე 7 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ და საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის საფუძველზეც მოსკოვმა თბილისს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. თუმცა, როგორც ირკვევა, ქართულ და რუსულ მხარეებს, სასამართლოს განჩინების შესაბამისად, კომპენსაციის განსაზღვრისათვის მოლაპარაკებები არ დაუწყიათ. მოლაპარაკებების დაწყების გაჭიანურებულ პროცესს, შესაძლოა, კიდევ ერთი ახალი გამოწვევა – რუსეთის ევროსაბჭოდან შესაძლო გასვლა – დაემატოს, რაც მოსკოვიდან კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას ბუნდოვანს ხდის.

 

ცოტა ხნის წინ BBC-მ გაავრცელა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში [PACE] რუსეთის დელეგაციის ხელმძღანელის, ალექსეი პუშკოვის ინტერვიუ, სადაც იგი აცხადებს, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე PACE-ში რუსეთისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვის გამო, დელეგაცია ასამბლეას ერთი წლით ბოიკოტს უცხადებს და დაფიქრდება, ზოგადად, ევროსაბჭოს დატოვებაზეც. სტრასბურგის სასამართლო კი ევროსაბჭოს ფარგლებში მოქმედი სტრუქტურაა, რომლის გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგსაც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისაგან დაკომპლექტებული კომიტეტი ახორციელებს.

 

აღნიშნულმა სასამართლომ 2014 წლის 3 ივლისს გამოქვეყნებული განჩინებით დაადგინა, რომ რუსეთმა 2006 წელს საკუთარ ტერიტორიაზე ეთნიკური ქართველების მასობრივი დაპატიმრებითა და მათი ქვეყნიდან გაძევებით დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6 მუხლი, მათ შორის მეოთხე მუხლი, რაც უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვას ითვალისწინებს, ასევე, კონვენციის მე-3 (წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება), მე-5 მუხლის პირველი ნაწილი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-5 მუხლის მე-4 ნაწილი (დაკავებისას სასამართლო განხილვის უფლება) და 38-ე მუხლი (ეფექტიანი გამოძიების ჩატარებისათვის ყველა საჭიროების უზრუნველყოფის ვალდებულება). დარჩენილ სამ მუხლში, რომელსაც ქართული მხარე მოსკოვს ედავებოდა, რუსეთის ფედერაციამ თავის გამართლება მოახერხა.

 

სასამართლომ რუსეთს დააკისრა სამართლებრივი ვალდებულება, კომპენსაცია გადაუხადოს საქართველოს მისი მოქალაქეების უფლებების დარღვევისთვის. კომპენსაციის ოდენობაზე შესათანხმებლად საქართველოსა და რუსეთს 12-თვიანი ვადა მიეცათ. თუ მხარეები შეთანხმებას ვერ შეძლებენ, ევროსასამართლო საკომპენსაციო ზომას თვითონ განსაზღვრავს 2015 წლის მეორე ნახევარში.

 

შეუნარჩუნდება თუ არა რუსეთს ეს სამართლებრივი ვალდებულება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ევროსაბჭოდან გავა, უკრაინის გამო მასზე განხორციელებული ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის საპასუხოდ? – საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი და იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე დავით ჯანდიერი კონვენციის 58-ე მუხლზე დაყრდნობით აცხადებს, რომ შეუნარჩუნდება, რადგან სასამართლოს გადაწყვატილება იქამდე შევიდა ძალაში, ვიდრე ქვეყანა მის დატოვებას გადაწყვეტდა, თუმცა რუსეთის  შემთხვევაში მისი აღსრულების ბერკეტი მაინც სუსტდება:

 

“სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე მინისტრთა კომიტეტს, გარდა დიპლომატიურისა, სხვა არავითარი ბერკეტი არ გააჩნია. სანქციები, ბუნებრივია, მხოლოდ დიპლომატიურია. ყველაზე მკაცრი სანქცია, რაც არსებობს, არის [ევროსაბჭოდან] გარიცხვა, მაგრამ თუ [რუსეთის მთავრობაში] ისედაც აცხადებენ, რომ გასვლა გვინდაო…”, – ამბობს ჯანდიერი და დასძენს, რომ, პირველ რიგში, სწორედ საქართველომ უნდა იაქტიუროს ამ პროცესის მის სასარგებლოდ დასრულებისთვის, რადგან კომპენსაციის განსაზღვრა მის ინტერესებშია.

 

“ბათუმელები” დაინტერესდა, დაიწყეს თუ არა ამ დრომდე საქართველომ და რუსეთმა კომპენსაციის საკითხზე მოლაპარაკებები? როგორც გავარკვიეთ, ამ თემაზე გრიგორი კარასინმა და ზურაბ აბაშიძემაც ისაუბრეს, თუმცა აბაშიძის მტკიცებით, “მხოლოდ ის ითქვა, რომ საკითხზე რუსეთის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროები უნდა შეთანხმდნენ”.

 

იუსტიციის სამინისტროში აზუსტებენ, რომ საქართველოს რუსეთთან ერთი-ერთზე მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა არ სურს და ცდილობს, რომ დიალოგი უშუალოდ სტრასბურგის სასამართლოს შენობაში გაიმართოს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ:

 

“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პოზიციაა, რომ მოპასუხე მხარესთან მოლაპარაკებები კომპენსაციის ოდენობაზე სტრასბურგის სასამართლოს შუამავლობით მოხდეს, მათ შორის, ორ მხარეს შორის შეხვედრებიც სტრასბურგის სასამართლოს შენობაში გაიმართოს. ჯერ-ჯერობით შეხვედრის თარიღი ვერ ჩაინიშნა, მაგრამ მოლაპარაკებები გაგრძელდება შეხვედრის თარიღთან დაკავშირებით”.

 

პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის საქმიანობას წლებია აკვირდება, არ სჯერა, რომ რუსეთი ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებს და საქართველოს კოპმენსაციას გადაუხდის, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წარმომადგენლის, ლევან მესხორაძის წინასწარი ვარაუდით საკმაოდ დიდი თანხა უნდა იყოს:

 

“აქ პირველ რიგში, პოლიტიკური მოტივია. თუ რუსეთი კომპენსაციას გადაიხდის, ეს მისი მხრიდან იმის აღიარება იქნება, რომ 2006 წელს ეთნიკური ნიშნით გამოაძევა ქართველები რუსეთის ტერიტორიიდან, რასაც რუსეთი არ აღიარებს. ჩემი აზრით, რუსეთისგან მოსალოდნელი არ არის, რომ ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებები შეასრულოს, რადგან, მოგეხსენებათ, იგი იგნორირებას უკეთებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს: რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის ომის შემდგომ დადებულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც შეირაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან უნდა გაეყვანა. ასევე, გაეროს რეზოლუციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით”, – ამბობს ჩიტაძე და დასძენს, რომ საქართველომ ევროსასამართლოს განაჩენი რუსეთზე ზეწოლის ბერკეტად უნდა გამოიყენოს სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, იქნება ეს ეუთოს, ნატოს თუ გაეროს რეზოლუციები.

“აღნიშული გადაწყვეტილება გამოყენებულ უნდა იქნას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში, რათა ყველა დარწმუნდეს, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ აგრესია 2008 წლის აგვისტომდე დაიწყო… გამოჩნდება რუსეთის დესტრუქციული როლი და საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება ამაში”, – აცხადებს პოლიტოლოგი.


რუსეთ-საქართველო - www.trend.az-ის ფოტო
რუსეთ-საქართველო – www.trend.az-ის ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი