სამართალი

შენიშვნები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტთან დაკავშირებით

7 თებერვალი, 2015 • 2249
შენიშვნები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტთან დაკავშირებით

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი იუსტიციის სამინისტრომ UNICEF-თან და სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობით მოამზადა. კოდექსი ერთ საკანონმდებლო აქტში აერთიანებს არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის პროცესის, სასჯელაღსრულების და სხვა საკითხების მარეგულირებელ ნორმებს.

 

კოდექსის პროექტი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესისთვის პრიორიტეტის მინიჭებას, ნასამართლობის გაქარწყლებას, განრიდების ინსტიტუტს, სპეციალიზებული მოსამართლეებისა და პროკურორების მომზადებასა და მთელ რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს.

 

 

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არასრულწლოვანის განრიდება

 

“თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ არასრულწლოვანმა ჩაიდინა ნაკლებად მძინე ან მძიმე დანაშაული, პირველ რიგში, განიხილება არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განრიდების შესაძლებლობა”- ნათქვამია კოდექსის პროექტში (2015 წლის 20 იანვრის მდგომარეობით). განრიდების თაობაზე გადაწყვეტილებას,  ამავე კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, პროკურორი იღებს. თუ პროკურორი განრიდებაზე უარს იტყვის, არასრულწლოვანს, ან/და მის წარმომადგენელს უფლება აქვს განრიდების მოთხოვნით ზემდგომ პროკურორს მიმართოს.

 

“საქართველოს კოალიციის ბავშვებისა და ახალგაზრდობის კეთილდღეობისათვის” წარმომადგენელი ტატო ქელბაქიანი ამბობს, რომ მხოლოდ პროკურორს არ უნდა ჰქონდეს განრიდების უფლება. როგორც ის განმარტავს, საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, განრიდება მართლმსაჯულების ყველა ეტაპზე უნდა გამოიყენებოდეს, მათ შორის სასამართლო დონეზე.

 

მისი განმარტებით, თუკი პროკურატურა განრიდებაზე უარს იტყვის, მაშინ სასამართლოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ამ გადაწყვეტილებას გადახედოს, რისი შესაძლებლობაც მას დღეს არ აქვს.

არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების დაცვა

 

კოდექსის პროექტის თანახმად “დაუშვებელია არასრულწლოვანის პერსონალური მონაცემების რაიმე სახით გამჟღავნება ან გამოქვეყნება. 16 წლის ასაკს მიღწეული არსრულწლოვნის პერსონალური მონაცმეები შეიძლება გამჟღავნდეს ან გამოქვეყნდეს მხოლოს მისი თანხმობით”.

 

ტატო ქელბაქიანი ამბობს, რომ ხშირ შემთვევაში, შეიძლება ბავშვმა ბოლომდე ვერ გაიაზროს და მის მიერ გასაჯაროვებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს მის სტიგმატიზაცია, რაც შემდგომში საზოგადოებაში ინტეგრაციაში ხელს შეუშლის.

 

ის ამბობს, რომ მნიშვნელოვანია არსებობდეს დამცავი მექანიზმები: “ასეთი სახის გასაჯაროვება შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოს მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით და თუ ეს პასუხობს ბავშვის საუკეთსო ინტერესებს.” ქელბაქიანის თქმით, შესაძლებელია ინფორმაციის გასაჯაროვება ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეც მოხდეს, ოღონდ ეს კომბინაციური დამცავი მექანიზმები უნდა არსებობდეს.

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის წარმომადგენელი ლია სარალიძე ამბობს, რომ ასეთივე დაცვა ჭირდება არასრულწლოვანი დაზარალებულის პირადი მონაცემების გასაჯაროებასაც, რათა მათი ხელმეორედ ვიქტიმიზაცია არ მოხდეს.

 

“განსაკუთრებით ისეთი სტიგმატიზებული, საერთოდ დასაცავი ინფორმაცია არის, რაც ეხება სექსუალურ ძალადობას, ოჯახში ძალადობასაც და ა.შ,”- ამბობს ლია სარალიძე.

‘საქართველოს კოალიციის ბავშვებისა და ახალგაზრდობის კეთილდღეობისათვის’ დისკუსია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე 06.02.2014

გადამზადება და სპეციალიზაცია

კოდექსის თანახმად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის მონაწილე ყველა პირი სპეციალიზებული უნდა იყოს. არასრულწლოვანთა საქმეებზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი და პოლიციელი და საზოგადოებრივი ადვოკატი იმუშავებენ.

 

ტატო ქელბაქიანის თქმით, კოდექსში ეს ისეთი ფორმულირებით უნდა ჩაიდოს, რომ არ შეიძლებოდეს, ცალკე ნორმატიული აქტის საშუალებით ვინმეს მიმართ გამონაკლისი დაუშვან და გადაუმზადებელი კადრი, მაგალითად, ციხის უფროსი, დანიშნონ. მისი განმარტებით, პენიტენციურ სისტემაში გადამზადება ძირითადად საშუალო და დაბალ რგოლებზე ხდება, ზედა რგოლებს კი ეს არ ეხებათ.

“პენიტენციურ სისტემაში, მე თვითონ ვარ სასწავლო ცენტრის ტრენერი, სადაც ვასწავლი ხოლმე სისტემის მოხელეებს, ისეთი სისტემაა შემუშავებული, რომ არ ხდება მაღალი თანამდებობის პირების გადამზადება. დღეს არც დირექტორებს და არც დირექტორების მოადგილეებს, ვინც მუშაობს, არ აქვთ არანაირი გადამზადება გარკვეულ საერთაშორისო სტანდარტებზე ბავშვთა კეთილდღეობაზე და ფსიქოლოგიაში. ბავშვის მოზარდობის ასაკში გამოვლენილი ქცევა მისი ზრდისა და განვითარების ნაწილია და ხშირ შემთხვევაში ქრება, როცა სრულწლოვნობას აღწევს. თუ ის არ იცი, რაღაც მომენტში მის მიერ გამოვლენილი ქცევა რატომ მომდინარეობს ბავშვის ფსიქოლოგიიდან გამოდინარე, შეიძლება არასწორი დასკვნები გამოიტანო, არასწორი მიდგომები შეიმუშავო და ა.შ.“ – ამბობს ქელბაქიანი.

 

მას მიაჩნია, რომ გადამზადება აუცილებლად უნდა გაიროს ყველამ, ვისაც კი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან აქვს შეხება.

 

UNICEF-ის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროგრამის ხელმძღვანელი თეონა კუჭავა, რომელიც იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ამ კოდექსის მომზადებაში იყო ჩართული, ამბობს, რომ გადამზადების პროცესი დაწყებულია:

 

“ჩვენ უკვე ხელი შევიწყვეთ სპეციალიზაციას სხვადასხვა სისტემაში, მაგალითად, პროკურატურაში უკვე არსებობენ, რომელთაც გარკვეული საბაზისო გადამზადება გაიარეს თავიდან. იგვე არსებობს იურიდიული დახმარების სამსახურში. სასამართლოსთან დაწყებული გავქვს გარკვეული მუშაობა და შსს-სთან შეთანხმება არსებობს იმაზე, რომ შემუშავდეს სპეციალიზაციის სპეციალური მოდელი, იმიტომ, რომ შსს-ს ცოტა რთული სტრუქტურა აქვს და გარკვეული მოდელი უნდა შეიქმნას”.

 

არასრულწლოვანის საქმის დაყოვნების გარეშე განხილვა

კოდექსის პროექტის თანახმად, ბრალდებული არასრულწლოვანი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს მოსამართლეს ან გათავისუფლდეს არაუგვიანეს 48 საათისა (მუხლი 54). გარდა ამისა, არასრულწლოვანი ბრალდებულად შეიძლება იყოს ცნობილი არაუმეტეს 6 თვისა, სააპელაციო სასამართლოს სხდომა კი საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში იმართება (მუხლი 55).

 

ქელბაქიანისთვის ეს ჩანაწერი მისაღებია და ამბობს, რომ იგივე უნდა გავრცელდეს არასრულწლოვან დაზარალებულსა და მოწმეზეც, რადგან პროცესის გაჭიანურება შესაძლოა მათთვისაც დამაზიანებელი აღმოჩნდეს. მისი თქმით, კოალიციას ჰქონდა რეკომენდაცია, რომ პროცესებში, სადაც ბავშვი მონაწილეობს, როგორც დაზარალებული, მათი საქმეებიც ანალოგიურად, სწრაფ რეჟიმში განიხილებოდეს.

 

ლია სარალიძის თქმით კი, ხშირად როგორც სექსუალური ძალადობის, ასევე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვები თავად არიან ხოლმე დაზარალებულებიც და ერთადერთი მოწმეებიც. ამიტომაც, “სწრაფი რეაგირება და მიტანა სასამართლომდე, მათი რეაბილიტაციის და დახმარების პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,”- თქვა მან.

სპეციალური საშუალებების გამოყენება

 

კოდექსის პროექტით, სპეციალური საშუალებების სახით “დასაშვებია მხოლოდ ფიზიკური ძალისა და ხელბორკილის და შებორკვის სხვა საშუალების გამოყენება, ხოლო ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღსაკვეთად, თავდასხმის მოსაგერიებლად და შეიარაღებული პირის დასაკავებლად, შესაძლებელია, აგრეთვე, გამოყენებულ იქნას ხელკეტი, შესაბოჭი ბადე, ცრემლსადენი გაზი და წყალსატყორცნი”.

 

ტატო ქელბაქიანი ამბობს, რომ მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი, თუ ვის და რა შემხთვევაში უნდა შეეძლოს  სპეციალური საშუალებების გამოყენება. მისი თქმით, უნდა არსებობდეს სპეც საშუალებების სახეების, შენახვის, ტარების და გამოყენების სახელმძღვანელო პრინციპები. გარდა ამისა, ქელბაქიანი ამბობს, რომ ამ საშუალებების გამოყენება მხოლოდ გადამზადებულ პირებს უნდა შეეძლოთ.

 

“ყველაზე მთავარი პრინციპი, რაზეც ხაზი უნდა გაესვას, არის ის, რომ ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული, რომ ამ ზომამდე არ მიხვიდე. ეს უნდა იყოს უკიდურესი ზომა და მხოლოდ ამ შემთხვევაში, როდესაც სხვა საშუალება შეიძლება იყოს არაეფექტური, შეიძლება გამოიყენო, ისიც ძალიან მოზომილად და პროპორციულად,”- თქვა მან.

 

“საქართველოს კოალიციის ბავშვებისა და ახალგაზრდობის კეთილდღეობისათვის” განცხადებით, ეს და სხვა რეკომენდაციები მათ იუსტიციის სამინისტროს უკვე გააცნეს, მოგვიანებით კი საკომიტეტო განხილვაშიც გეგმავენ ჩართვას.

 

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და სხვა უწყებებიდან რეკომენდაციების მიღება 20 იანვრიდან დაიწყო და 8 თებერვლამდე გაგრძელდება.

 

“დღეის მდგომარეობით, არაერთმა არასამთავრობომ შემოიტანა რეკომენდაცია,”- განაცხადეს სამინისტროში. მათი თქმით, დოკუმენტის რედაქტირება პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს და მთავრობას კოდექსის პროექტი რედაქტირების დასრულებისთანავე წარედგინება.

მასალების გადაბეჭდვის წესი