ახალი ამბები

იორდანიის პასუხი “ისლამურ სახელმწიფოს” ცოცხლად დამწვარი პილოტის გამო

6 თებერვალი, 2015 • • 1697
იორდანიის პასუხი “ისლამურ სახელმწიფოს” ცოცხლად დამწვარი პილოტის გამო

მას შემდეგ, რაც  ახალი ამბებით გავრცელდა ვიდეო, რომელშიც  ჯიჰადისტების მიერ ტყვედ აყვანილი იორდანიელი პილოტი ცოცხლად იწვის, იორდანიამ მათ სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმა განახორციელა. ამის შესახებ CNN იტყობინება.   

 

“ეს მხოლოდ დასაწყისია. თქვენ უნდა იცოდეთ, ვინ არიან იორდანიელები”, – განაცხადეს იორდანიის სახელმწიფო შეიარაღებულმა ძალებმა.

 

იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ნასერ ჯუდეჰი CNN-თან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საჰაერო თავდასხმები მას შემდეგ დაიწყო, რაც  ახალგაზრდა პილოტის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი.

 

“ჩვენ დავედევნებით მათ, სადაც უნდა იყვნენ. ეს არც დასაწყისია და არც დასასრული”, – განაცხადა ჯუდეჰმა.

 

“The guardian”-ის ინფორმაციით, იორდანიის საჰაერო ძალებმა ჯიჰადისტებზე დარტყმები ხუთშაბათს განახორციელეს. ბაზაზე დაბრუნებისას მათ გარდაცვლილი პილოტის მოაზ ალ კასასბეხის სახლის თავზე გადაიფრინეს, სადაც იმ დროისთვის მეფე აბდულა მეორე მის ოჯახს უსამძიმრებდა.

 

იორდანიელი პილოტის მამა CNN-თან საუბარისას ამბობს, რომ მეფე მას და მის ოჯახს ჯიჰადისტებზე შურისძიებასა და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დე ფაქტო დედაქალაქ რაკას დაბობმვას დაჰპირდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ოპერაციაში 30 სამხედრო თვითმფრინავი მიიღებს მონაწილეობას.

 

იორდანიის მთავრობის პრესმდივნის მოჰამედ ალ მომანის თქმით, პილოტის ცოცხლად დაწვის ვიდეო სამშაბათს გავრცელდა, თუმცა იორდანიის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ  მოაზ ალ კასასბეხი ერთი თვის წინ დაწვეს.  

 

“ჩვენ არ დავრთავთ ნებას კრიმინალებს, ასეთი გზით გაუსწორდნენ ჩვენს პილოტებს. ეს ადამიანები  დაისჯებიან,’’ –  განაცხადა CNN-თან საუბრისას მომანმა.

შეგახსენებთ, რომ ლეიტენანტი მოაზ ალ კასასბეხი ტყვედ 2014 წლის დეკემბერში ჩავარდა, როდესაც მისმა თვითმფრინავმა E-16 სირიის ქალაქ რაკაში ავიაკატასტროფა განიცადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი