ახალი ამბები

უსუფაშვილი ენმ-ს ვიდეოებზე: ვინც სიცრუეს უკეთებს ტირაჟირებას, მალე იქნება მხილებული

29 იანვარი, 2015 • • 1251
უსუფაშვილი ენმ-ს ვიდეოებზე: ვინც სიცრუეს უკეთებს ტირაჟირებას, მალე იქნება მხილებული

“მოდაშია ახლა ვიდეომასალების შექმნა, მოპოვება, მონტაჟი, გავრცელება და ა.შ. ეს ვიდეომასალა სხვა მასალებისგან განსხვავებით, თავად ქმნის შთაბეჭდილებას საკუთარ თავზე, მნახველმა თავად განსაჯოს, რასთან გვაქვს საქმე, თანამედროვე ვითარებაში ტყუილი და მართალი აღარ იმალება. ვინც სიცრუეს უკეთებს ტირაჟირებას, ის მხარე მალე იქნება მხილებული. ჩემი კომენტარის გამო არა, მე არ ვარ ექსპერტი ვიდეოინჟინერიაში, რომ რამე მოგახსენოთ ამის თაობაზე. ვისურვებდი, ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტები უფრო პროდუქტიულად ოპონირებდნენ ერთმანეთთან”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

ენმ-ს მიერ გამოქვეყნებულ ორ ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ აყენებს შეურაცხყოფას მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც მას აჯარიმებენ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო. მოქალაქე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის დავით ცინარიძის სახელს ახსენებს და პატრულს ამით ემუქრება. ენმ-ს ცნობით, ამ ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე, პატრულის თანამშრომელი გიორგი ჯღარკავა სამსახურიდან დაითხოვეს. “ნაციონალურმა მოძრაობამ” კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს პატრულის თანამშრომლებთან პოლიციის პოლკოვნიკის, ზურაბ ბერიკაშვილის დაპირისპირება. კადრში ისმის სიტყვები, რომ ბერიკაშვილი შეეცადა იარაღის ამოღებას, რასაც თავად უარყოფს, თუმცა მას მაინც აკავებენ. ენმ-ს ცნობით, ამ ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე, პატრულის თანამშრომელი გიორგი ლომსაძე, ასევე დაითხოვეს სამსახურიდან, ხოლო ბერიკაშვილი ამჟამად არის  შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის მოადგილე. საპატრულო პოლიციის ცნობით, ლომსაძის სამსახურიდან დათხოვნა არ უკავშირდება ამ ინციდენტს და იგი თავისი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს.

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი