ახალი ამბები

არასამთავრობოები: იური ვაზაგაშვილის საქმე დაუყოვნებლივ და ობიექტურად უნდა გამოიძიონ

21 იანვარი, 2015 • • 1210
არასამთავრობოები: იური ვაზაგაშვილის საქმე დაუყოვნებლივ და ობიექტურად უნდა გამოიძიონ

არასამთავრობო ორგანიზაციები „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, “სამოქალაქო განვითარების სააგენტო” (CIDA), “იდენტობა” და „ლიბერალური აკადემია – თბილისი“ აცხადებენ, რომ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე სამართალდამცავმა ორგანოებმა საზოგადოებას ასევე უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა ახლა ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება.

 

“იური ვაზაგაშვილი წლების მანძილზე ითხოვდა 2006 წელს სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული  შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებას, რომელიც ამ დრომდე არ არის დასრულებული”, – აცხადებენ ორგანიზაციები.

 

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას გარდაიცვალა. ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით [რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში] დაიწყო.

 

2006 წლის 2 მაისს თბილისში, ”დინამოს” ყოფილი კორტების ტერიტორიაზე, იქ, სადაც ამჟამად იუსტიციის სახლი მდებარეობს, სამართალდამცავებმა სპეცოპერაციისას ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლეს.

 

მაშინდელი გამოძიების ცნობით, სპეცოპერაციის დროს ყაჩაღური ჯგუფის წევრები დაიღუპნენ, რასაც მაშინვე მოჰყვა საზოგადოების ნაწილის პროტესტი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სპეცოპერაციის დროს პოლიციელებმა უდანაშაულო ახალგაზრდები მოკლეს.

 

ზურაბ ვაზაგაშვილის მამა  იური ვაზაგაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლებისგან მისი შვილის მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვდა, ამ მოთხოვნით 2013 წელს იუსტიციის სახლის წინ აქციაც გაიმართა.

იური ვაზაგაშვილი
იური ვაზაგაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი