ახალი ამბები

“იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ადგილას პოლიცია 24-საათის განმავლობაში პატრულირებდა”

20 იანვარი, 2015 • • 1101
“იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ადგილას პოლიცია 24-საათის განმავლობაში პატრულირებდა”

თეთრი ავტომობილი, რომლითაც ადგილობრივების ინფორმაციით სამართალდამცველები ყარაფილას სასაფლაოსთან ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ
თეთრი ავტომობილი, რომლითაც ადგილობრივების ინფორმაციით სამართალდამცველები ყარაფილას სასაფლაოსთან ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ


შენიშნეს თუ არა პოლიციის ზემოხსენებული ეკიპაჟის წევრებმა რაიმე საეჭვო სასაფლაოზე დღეს, გუშინ ან წინა დღეებში? – ამ კითხვაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. ყარაფილაში სამართალდამცველებმა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს, თუმცა ადგილობრივებმა, რომელთაც ნეტგაზეთი ესაუბრა, აღნიშნეს, რომ პოლიციელებმა თქვეს, რომ მათ არაფერი დაუნახავთ და მხოლოდ აფეთქების ხმა გაიგეს. ადგილობრივებისვე ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში სასაფლაოზე არაერთი ადამიანი იყო, რადგან სოფელში ერთი ადამიანი გარდაიცვალა და მისთვის საფლავს ამზადებდნენ.


სოფელ ყარაფილაში აფეთქების ხმა დღეს, 20 იანვარს, დაახლოებით 13:30 საათზე გაიგეს. ადგილობრივების განმარტებით, ვაზაგაშვილის ცხედარი პირველად მესაფლავეებმა ნახეს. სოფელში დაქირავებული მესაფლავეები არ მუშაობენ და ამ სამუშაოს ადგილობრივები მორიგეობით ახორციელებენ. როგორც ნეტგაზეთს ყარაფილელებმა განუცხადეს, ხუთამდე ადამიანი, მათ შორის ორი მესაფლავე დაკითხვაზე გორში გადაიყვანეს.


ყარაფილელები იხსენებენ, რომ იური ვაზაგაშვილი სოფელში გუშინწინ ჩავიდა, რადგან მისი ერთ-ერთი თანასოფლელი გარდაიცვალა და ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. იგი ყარაფილაში დღეს, 20 იანვარსაც ჩავიდა გარდაცვლილი გასვენების პროცესში მონაწილეობის მისაღებად. თუმცა, ადგილობრივების განმარტებით, სასაფლაოზე პირველი ავიდა საკუთარი ავტომობილით, შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე ყვავილების შეცვლის მიზნით, რა დროსაც აფეთქების ხმა გაისმა. თვითმხილველების ინფორმაციით, გარდაცვლილის ძლიერი დაზიანებები საფეთქლის და ხელის არეში აქვს მიყენებული. ისინი ვარაუდობენ, რომ ასაფეთქბელი მოწყობილობა ყვავილების ლარნაკის ქვეშ იყო მოთავსებული, რადგან ბომბმა სწორედ საფლავის ეს ნაწილი დააზიანა.


ლექსუსის ჯიპი, რომლითაც იური ვაზაგაშვილი სასაფლაოსთან მივიდა
ლექსუსის ჯიპი, რომლითაც იური ვაზაგაშვილი სასაფლაოსთან მივიდა


იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით [რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში] დაიწყო.  

მასალების გადაბეჭდვის წესი