ახალი ამბები

ღარიბაშვილი: მოვითხოვ მთავარი პროკურატურისგან სასწრაფოდ გამოიძიოს იური ვაზაგაშვილის საქმე

20 იანვარი, 2015 • 1289
ღარიბაშვილი: მოვითხოვ მთავარი პროკურატურისგან სასწრაფოდ გამოიძიოს იური ვაზაგაშვილის საქმე

კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს.

 

“შოკირებული ვარ მომხდარით. იური ვაზაგაშვილის სიკვდილი ყველა ჩვენგანისათვის თავზარდამცემია.
მინდა გულწრფელად მივუსამძიმრო ვაზაგაშვილების ოჯახს. ამ ოჯახში კიდევ ერთხელ დატრიალდა წარმოუდგენელი ტრაგედია.

გამოძიება დაიწყო სს კოდექსის 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში. მოვითხოვ მთავარი პროკურატურისგან სასწრაფოდ გამოიძიოს იური ვაზაგაშვილის საქმე და უმოკლეს ვადებში დაასრულოს ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა დამნაშავე დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით,”– ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის Facebook გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

 



 

2006 წლის 2 მაისს თბილისში, ”დინამოს” ყოფილი კორტების ტერიტორიაზე, იქ, სადაც ამჟამად იუსტიციის სახლი მდებარეობს, სამართალდამცავებმა სპეცოპერაციისას ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლეს. მაშინდელი გამოძიების ცნობით, სპეცოპერაციის დროს ყაჩაღური ჯგუფის წევრები დაიღუპნენ, რასაც მაშინვე მოჰყვა საზოგადოების ნაწილის პროტესტი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სპეცოპერაციის დროს პოლიციელებმა უდანაშაულო ახალგაზრდები მოკლეს.

 

ზურაბ ვაზაგაშვილის მამა  იური ვაზაგაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლებისგან მისი შვილის მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვდა, ამ მოთხოვნით 2013 წელს იუსტიციის სახლის წინ აქციაც გაიმართა

მასალების გადაბეჭდვის წესი