ეკონომიკა

ევროკავშირის დახმარება საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის

16 იანვარი, 2015 • 2251
ევროკავშირის დახმარება საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის

ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებზე პასუხისმგებელმა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერეს ფინანსურ ხელშეკრულებას ახალი პროგრამისათვის.

 

ეს პროგრამა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დაეხმარება საქართველოს “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის” (DCFTA) განხორციელებაში და ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარებას.

 

ევროკომისარმა ჰანმა აღნიშნა: “ეს ახალი პროგრამა არის მკაფიო მაჩვენებელი ევროკავშირის მზადყოფნისა, დაეხმაროს საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის განხორციელებაში, რაც საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე ეკონომიკურ ინტეგრირებას შეუწყობს ხელს. საქართველომ სწორად განსაზღვრა საჭიროება იმისა, რომ მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და ინკლუზიური ეკონომიკურ ზრდისთვის მცირე ბიზნესის ხელშეწყობა აუცილებელია. ამ საჭიროებას ჩვენ ვპასუხობთ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის ინსტრუმენტით, რომელიც ავსებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ახალ პროგრამას და მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილებასს”.

 

ფინანსური ხელშეკრულების ხელმოწერით იწყება 44.5 მლნ ევროს მოცულობის ახალი სამწლიანი პროგრამა, რომელიც დაეხმარება საქართველოს ხელისუფლებას DCFTA-ს განხორციელებაში. ევროკავშირის მხარდაჭერა კონცენტრირებული იქნება შემდეგ მიმართულებებზე: (1) ვაჭრობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიული ჩარჩოების შემდგომი განმტკიცება; (2) ვაჭრობისა და კერძო სექტორის მარეგულირებელი და ხელშემწყობი ინსტიტუტების ფუნქციონირების გაუმჯობესება; (3) ეკონომიკური აქტორებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება და, ამავდროულად, ახალი მარეგულირებელი გარემოს DCFTA-სთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; (4) საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების, ბიზნესით დაკავებული ქალებისა და ახალგაზრდა მეწარმეების ეკონომიკური ინტეგრაცია.

 

ამ პროგრამას შეავსებს DCFTA-ს მცირე და საშუალო ბიზნესის ინსტრუმენტი, ევროკავშირისა და ევროპის ფინანსური ინსტიტუტების (უპირველესად ევროპის განვითარების ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის) რეგიონული ინიციატივა,  რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირიდან დაახლოებით 150 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის მობილიზებას საქართველოს,  მოლდოვასა და უკრაინაში მცირე და საშუალო ბიზნესში დაახლოებით 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციების ასამოქმედებლად.

 

ამ ინიციატივის ფარგლებში ევროკავშირმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 2014 წლის დეკემბერში ხელი მოაწერეს მცირე და საშუალო ბიზნესის პირდაპირი დაფინანსების ახალ, 10 მილიონი ევროს ოდენობის პროგრამას, რომელიც პირდაპირ შეუწყობს ხელს ამ სამ ქვეყანაში ინვესტირებას მცირე და საშუალო ბიზნესში, დაახლოებით 70  მილიონი ევროს სესხების გარანტიის უზრუნველყოფის გზით.

ევროკომისარი იოჰანეს ჰანმე [მარცხნივ] და საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი [მარჯვნივ] ხელს აწერენ საფინანსო შეთანხმებას. 15 იანვარი, 2015 , საქართველო, თბილისი ფოტო: საქართველოს მთავრობა
ევროკომისარი იოჰანეს ჰანმე [მარცხნივ] და საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი [მარჯვნივ] ხელს აწერენ საფინანსო შეთანხმებას. 15 იანვარი, 2015 , საქართველო, თბილისი ფოტო: საქართველოს მთავრობა

მასალების გადაბეჭდვის წესი