ახალი ამბები

ყიფიანის მოადგილე: სპორტში რეფორმა ორი წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ ჩატარდა

29 დეკემბერი, 2014 • • 1000
ყიფიანის მოადგილე: სპორტში რეფორმა ორი წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ ჩატარდა

თამაზ თევზაძე: სახელმწიფოს მხრიდან სპორტის პოლიტიკა უფრო მაღალ რანგში უნდა იყოს აყვანილი. 29.12.2014. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ფოტო: გიორგი დიასამიძე
თამაზ თევზაძე: სახელმწიფოს მხრიდან სპორტის პოლიტიკა უფრო მაღალ რანგში უნდა იყოს აყვანილი. 29.12.2014. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ფოტო: გიორგი დიასამიძე

 

თევზაძის თქმით, მთავრობის დადგენილებით, სამინისტროების რეორგანიზაცია იგეგმება, რასაც შეიძლება მისი თანამდებობიდან გათავისუფლებაც მოყვეს:

 

“რადგან შეამცირეს მინისტრის მოადგილის შტატის ერთი ერთეული, არ არის გამორიცხული ჩემი წასვლა. ამ წუთში პრემიერ-მინისტრისგან გადაწყვეტილება არ არის მიღებული. რეორგანიზაცია გულისხმობს ერთი საშტატო მინისტრის მოადგილის შემცირებას. სამინისტროდან ჩემი წასვლა საკუთარი ნებით არ მოხდება, რასაკვირველია. რეორგანიზაციის განხილვაშიც, სამწუხაროდ, არ მიმიღია მონაწილეობა. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ დიდი ალბათობით, მომიწევს წასვლა სამინისტროდან.”

 

თევზაძე ვარაუდობს, რომ მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია.

 

“პრემიერ-მინისტრისთვის რჩევების მიცემა მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე. მსურდა 10-15 წუთით ვყოფილიყავი მისი მრჩეველი, რათა ჩემი სტრატეგიული ხედვა და რეფორმებთან მიმართებაში ანალიზი მისთვის მიმეწოდებინა. სხვა მხრივ, მინისტრის მრჩეველი ნამდვილად არ და ვერ ვიქნები”, – აცხადებს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე.

 

თამაზ თევზაძე სამინისტროს საქმიანობის ყველაზე წარმატებულ მხარედ საერთაშორისო ურთიერთობებს ასახელებს. მისი თქმით, ამ უწყებაში აუცილებელია სისტემური რეფორმის გატარება, რაც ორი წლის განმავლობაში ვერ განხორციელდა:

 

“სპორტის რეფორმა და მართვა არის ყველაზე მთავარი, რაც ვერ განხორციელდა და საჭიროებს სისტემურ რეფორმას. ამ კუთხით რომ არ გადაიდგა პრაქტიკული ნაბიჯები, რა თქმა უნდა, ცუდია. სწორედ ამიტომ არის საჭირო სისტემური რეფორმა მომავალში. სახელმწიფოს მხრიდან სპორტის პოლიტიკა უფრო მაღალ რანგში უნდა იყოს აყვანილი. სამომავლოდ ყველა სპორტის სახეობაზე დეტალურად შემიძლია ვუპასუხო ნებისმიერ შეკითხვას.”

 

თამაზ თევზაძე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ 2012 წელს დაინიშნა. დეკლარაციის მიხედვით, 1993 წლიდან – დღემდე ევროპის ოლიმპიური კომიტეტების წევრია. 2004-2005 წლებში თევზაძე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი