ახალი ამბები

ომბუდსმენი სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრებ სოციალურად დაუცველთა საკითხზე მერიას მიმართავს

29 დეკემბერი, 2014 • • 874
ომბუდსმენი სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრებ სოციალურად დაუცველთა საკითხზე მერიას მიმართავს

28 დეკემბერს აღნიშნულ შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა.


“სახალხო დამცველის რწმუნებულები 5 დეკემბრიდან აკვირდებოდნენ დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისაგან შენობის გამოთავისუფლების პროცესს. აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა 2014 წლის 8 დეკემბერს.”


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ბინის ქირის გადახდის შეთავაზების შემდეგ დევნილთა უმრავლესობამ ტერიტორია დატოვა. რაც შეეხება სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, თბილისის მერიასა და ისნის რაიონის გამგეობასთან წარმოებული მოლაპარაკებების მიუხედავად, ომბუდსმენის ინფორმაციით, შეთანხმება ვერ მოხერხდა.


“საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა თბილისის ისნის რაიონის გამგეობიდან წერილობით გამოითხოვა ინფორმაცია აღნიშნულ შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების მიზნით გატარებული ღონისძიებების, ასევე, მათი საჭიროებების შესახებ, რაზეც ამ ეტაპზე პასუხი არ მიგვიღია.


ომბუდსმენი წერს, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულებაა უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფა, ისევე, როგორც უსახლკარო პირთა რეგისტრაცია.


“ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ საქართველოს სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაცია სწორედ ამ კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებას შეეხება, რომელიც დღემდე შესრულებული არ არის. არაერთ მუნიციპალურ ერთეულში პრობლემად რჩება სხვადასხვა სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული შენობების, სოციალურად დაუცველი/უსახლკარო ადამიანების მიერ დაკავების ფაქტი, რომელთა უმრავლესობაში ცხოვრებისათვის გაუსაძლისი პირობებია. აღნიშნული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ სახელმწიფოში არ არსებობს განსახლების პოლიტიკა”. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი