ახალი ამბები

გელა მთივლიშვილი ომბუდსმენთან არსებულ პრევენციის ეროვნული მექანიზმის ჯგუფს ტოვებს

22 დეკემბერი, 2014 • • 1010
გელა მთივლიშვილი ომბუდსმენთან არსებულ პრევენციის ეროვნული მექანიზმის ჯგუფს ტოვებს

“მართალია, უფლებამოსილების ვადა მალე ამოგვეწურება, მაგრამ მე მანამდე დავტოვე სახალხო დამცველის აპარატთან არსებული სპეციალური პრევენციული ჯგუფი. ხვალ დილით ოფიციალურად მივმართავ სახალხო დამცველს განცხადებით. ჩემთვის გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვანია და არა ვიღაცის კერძო ინტერესები, ვინც არ უნდა იყოს ის. მე კომკავშირს ვერ მოვესწარი და არანაირი სურვილი არ მაქვს კომკავშირული სულისკვეთებით ვიცხოვრო და ვიმუშაო. ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობას და სახალხო დამცველის აპარატიდან გათავისუფლებული თანამშრომლების სასამართლო დავასთან დაკავშირებით მომზადებულ სტატიებს არავითარი კავშირი არ აქვს ციხეების მონიტორინგთან და არც არავინ უნდა წამომაყვედროს ის. არც ვინმეს შევუთანხმებ, ფეისბუქზე როდის რა დავწერო!”, – ამბობს მთივლიშვილი.

 

პრევენციის ეროვნული მექანიზმი 2009 წლიდან სახალხო დამცველის აპარატში შეიქმნა, რომელიც ციხეებში არსებულ სიტუაციას იკვლევს, აფასებს წამებისა და არადამიანური მოპყრობის რისკფაქტორებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს, ანგარიშებს  და პატიმრების ინდივიდუალურ საჩივრებსაც განიხილავს. გელა მთივლიშვილი პრევენციის ეროვნული მექანიზმის ჯგუფში 2013 წლის ივლისში შევიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი