ახალი ამბები

“მწვანე მუშტი” კანცელარიასთან და კულტურის სამინისტროსთან აქცია-კონცერტს გამართავს

22 დეკემბერი, 2014 • • 1327
“მწვანე მუშტი” კანცელარიასთან და კულტურის სამინისტროსთან აქცია-კონცერტს გამართავს

კანცელარიასთან აქცია 16:00 საათზე დაიწყება, ხოლო კულტურის სამინისტროსთან-  17:30 საათზე. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აქცია-კონცერტები გაგრძელდება ყოველდღე, სანამ ხელისუფლება არ შეცვლის პოზიციებს უპირველესად საყდრისის და შემდეგ სხვა დიდი პრობლემების მიმართ, მათ შორისაა მუშათა უფლებებიც.

 

“დაიწყოს საწარმოების ნაციონალიზაციის პროცესი. ავირიდოთ ეკოლოგიური კატასტროფები, არა დიდ ჰესებს საქართველოში! ხუდონჰესი, რაჭის ჰესი, ყაზბეგში, აჭარაში. აქცია-კონცერტი არ არის რომელიმე პარტიის ან ორგანიზაციის მიერ მართული, მასში მონაწილე ყველა მუსიკოსი თუ ხელოვანი იზიარებს ჩვენ მიერ წამოყენებულ მწვავე პრობლემებს და მოთხოვნებს, რომელსაც აქამდე ტელევიზორთან ან ფეისბუქში ვაპროტესტებდით. ყოველდღე შეკრების მიზეზი საკმაოდ ბევრია, პირველ რიგში, სიყვარული ერთმანეთის და მუსიკის”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

აქცია-კონცერტები 20 დეკემბრიდან იმართება. ორგანიზატორების განცხადებით, მათი მიზანია, ადამიანები ყველა არსებული პრობლემის მოსაგვარებლად გაერთანდნენ. 

 

“არ ვიყოთ გულგრილები და სოლიდარობა არ დავიყოთ ინტერესების და საქმიანობის მიხედვით, მოვითხოვოთ საყდრისზე სამუშაოების შეჩერება, ავამაღლოთ საზოგადოების განწყობა უმთავრეს სოციალურ და მწვანე პრობლემებზე საქართველოში. ეს არტისტებმა, სტუდენტებმა და საზოგადოებრივად აქტიურმა ადამიანებმა უნდა შევძლოთ, დანარჩენები შემოგვიერთდებიან. არტისტებმა მოვითხოვოთ კონკრეტულ მწვავე პრობლემებზე რეაგირება და არა მთავრობის გადაყენება. საყდრისს მხოლოდ მთავრობის უგუნური პოლიტიკის შეცვლა ჭირდება და არა ფინანსები”,-ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი