ახალი ამბები

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტი დაამტკიცა

20 დეკემბერი, 2014 • • 1055
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტი დაამტკიცა

აღნიშნული დოკუმენტი საკრებულოს დეპუტატებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ წარუდგინა და იმ ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელიც 2015 წლის ბიუჯეტშია ასახული.


თბილისის მერის თქმით, მთავარი საფინანსო დოკუმენტი ოთხი ძირითადი მიმართულებისგან შედგება და ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს, ინფრასტრუქტურულ და გარემოს დაცვით პროექტებს, ასევე საბავშვო ბაღებზე ზრუნვას მოიცავს.


“მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი პროგრამული ბიუჯეტის პრინციპებზე შეიქმნა , იგი გამჭვირვალეა და შედეგებზეა ორიენტირებული “,- განაცხადა ნარმანიამ.

 

“დედაქალაქს ასეთი მოცულობითი ბიუჯეტი ჯერ არ ჰქონია და მისი ხარჯვის პროცესის გაცნობის საშუალება ნებისმიერ მოქალაქეს ექნება“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ, ქონების მართვისა და საფინანსო -საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ.

 

2015 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე დეპუტატების კითხვები ძირითადად თბილისში საცობების აღმოფხვრას, ავარიული სახლების შეკეთებას, ტრანსპორტის გაიაფებას, კომუნალური ვაუჩერების განაწილების ახალი წესის შემოღებას და ქალაქის გამწვანების საკითხებს ეხებოდა.

 

ფრაქციების, “ნაციონალური მოძრაობა“, “ნაციონალური მოძრაობა-თბილისის“, ” გაერთიანებული დემოკრატების“ წარმომადგენლებმა და საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა საკუთარი პოზიცია სხდომაზე დააფიქსირეს და აღნიშნეს, რომ თბილისის 2015 წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერდნენ.


“გაერთიანებული დემოკრატების’’ თავმჯდომარემ ზაზა ვეკუამ განაცხადა, რომ აღნიშნული ბიუჯეტით თბილისელები ვერ მიიღებენ ისეთ შედეგს, რომელიც მათ კეთილდღეობაზე აისახება.


კოალიცია “ქართული ოცნების’’ დატოვების მიუხედავად, 2015 წლის ბიუჯეტს მხარი დაუჭირეს ” თავისუფალმა დემოკრატებმა“.


“აღნიშნულ პროექტზე მერიასთან და საკრებულოს მმართველ გუნდთან ერთად ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და მასში სრულად მოხდა იმ შენიშვნების გათვალისწინება, რაც ფრაქცია “თავისუფალმა დემოკრატებმა“ წარმოვადგინეთ. მიუხედავად იმისა, რომ მხარი დავუჭირეთ ბიუჯეტს, ჩვენზე ძლიერი ოპონენტი მერიას არ ეყოლება, რადგან მკაცრ მონიტორინგს განვახორციელებთ თითოეულ ჩატარებულ სამუშაოზე”, – განაცხადა ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების’’ თავმჯდომარემ გიორგი მუსხელიშვილმა.

 

“დედაქალაქის მთავრობამ უმრავლესობის შენიშვნები სრულად გაითვალისწინა და, საბოლოო ჯამში, მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც თბილისელების ინტერესებზეა ორიენტირებული“,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი