ახალი ამბები

ოჯახში ძალადობის აღკვეთა, სიმღერით გამოხატული თანაგრძნობის ნაცვლად

19 დეკემბერი, 2014 • • 1899
ოჯახში ძალადობის აღკვეთა, სიმღერით გამოხატული თანაგრძნობის ნაცვლად

პეტიციის ავტორებმა ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის წინაშე ორი შეთავაზება წამოაყენეს. პირველი პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის მოწვევას უკავშირდება, რათა ფემიციდთან მიმართებაში სისხლის სამართლის პოლიტიკასთან დაკავშირებული ხედვა მოისმინონ.

 

“რა შეცვალეს ერთი წლის განმავლობაში, როგორ რეაგირებენ ახალ მოცემულობაზე, ასევე გვაინტერესებს, როგონ მიმდინარეობს გამოძიებები, გვაინტერესებს, დადგა თუ არა იმ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა პასუხისმგებლობა, რომლებმაც იცოდნენ მიმდინარე ძალადობის შესახებ, როდესაც მსხვერპლებმა მოასწრეს გაეფრთხილებინათ არა მხოლოდ შსს, ასევე გენინსპექცია, და მიუხედავად ამისა, სახელმწიფომ ვერ მოახერხა მათი დაცვა”-  აღნიშნა ორგანიზაცია “საფარის” იურისტმა  ბაია პატარაიამ.

 

ქალთა ინტერესების დამცველები საკომიტეტო მოსმენის დროს შსს-ს მიერ მომზადებულ ძალადობის პრევენციის ეროვნულ სტრატეგიასაც შეეხნენ და იმ კამპანიასაც, რომელიც შსს-მ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ დაგეგმა. ისინი ამბობენ, რომ საგანმანათლებლო სამუშაოს ნაცვლად,  შსს მისი რეალური საქმიანობით უნდა დაკავდეს, რომ უწყების უშუალო კომპეტენცია დანაშაულის აღკვეთა და მასზე რეაგირებაა.

 

“ჩვენ დღეს ორიენტირებული ვართ, რომ აქცენტი გავაკეთოთ არა გრძელვადიან პრევენციულ ზომებზე, არამედ სწორედ დანაშაულის აღკვეთის ღონისძიებებზე, რომლებიც უნდა განხორციელდეს ახლა. ჩვენ ქალების უფლებები დაცვას ვითხოვთ ახლა. ისეთი სივრცის ჩამოყალიბება, სადაც ქალებს არ ეშინიათ ძალადობის, გვინდა ახლა. გრძელვადიანი პერსპექტივები, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფოსთვის, მაგრამ ამ პეტიციის ავტორთა სურვილია, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას ახლა, რადგან ამ წუთებში ათასობით ქალი ნამდვილად არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ”,- აღნიშნა იურისტმა თამარ გურჩიანმა.

 

“ოჯახში ძალადობა, თავისი ჩაკეტილი ბუნებიდან გამომდინარე, ერთ–ერთ რთულად გამოსავლენი დარღვევაა, შესაბამისად, საზოგადოების ინფორმირება ძალადობის იდენტიფიცირების და მასზე სამართლებრივი რეაგირების მექანიზმების შესახებ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს”, – მიიჩნევენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და, შესაბამისად, დაგეგმეს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები: საინფორმაციო ვიდეორგოლი, მუსიკალური კლიპი, ბუკლეტები, ჟურნალისტური კონკურსი – არასრული ჩამონათვალია იმ აქტივობებისა, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალის მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში ახორციელებს.

 

“შსს-მ შექმნა ვიდეორგოლი, მომღერლებმა ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ იმღერეს. ქალებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან, არ სჭირდებათ სიმღერით გამოხატული თანაგრძნობა, ქალებს სჭირდებათ უფლებები, რომელსაც იცავს სახელმწიფო. პოლიციამ უნდა გაიხსენოს, მის შესახებ კანონში რაც წერია, რომ მისი ვალდებულება არა მხოლოდ დანაშაულის პრევენციაა, ასევე მისი აღკვეთა. დანაშაულის აღკვეთა, რეაგირება. გენდერულად ლმობიერი პოლიიცის ყოლა საბოლოოდ იმ შედეგამდე მიგვიყვანს, რომ ამ დანაშაულის პრევენციას შევძლებთ. სწორი რეაგირებაც პრევენციის ერთერთი გზაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შსს-ს სიმღერის და დაყვავების მიდგომა მოძალადეების წინააღმდეგ მკაცრი სახელმწიფო პოლიტიკით შეიცვალოს”,- განაცხადა იურისტმა თამარ გურჩიანმა.

 

ქალთა ინტერესების დამცველებმა საკომიტეტო მოსმენაზე განმარტეს, რომ შსს-სგან ეფქტური მექანიზმების შემუშავებას ოჯახში ძალადობის ფაქტებთან არასათანადო რეაგირების გამო ითხოვენ. მათ ორი მაგალითიც დაასახელეს.  ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ზესტაფონში 2014 წლის ივლისში მოხდა, როდესაც ყოფილმა ქმარმა, რომელიც პოლიციელი იყო, მოკლა ახალგაზრდა ქალი. მკვლელობამდე ქალმა პოლიციას მიმართა, რომელმაც ორივე მხარე გამოკითხა, მაგრამ “სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არქონის მოტივით” ქალის განცხადებას სამართალდამცავი უწყებებისგან რეაგირება არ მოჰყოლია.

 

 

“ჩვენ მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს კითხვით, თუ  რა გააკეთა უწყებამ მაშინ, როდესაც მიიღო შეტყობინება ძალადობის შესახებ და მივიღეთ ოფიციალური პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, რომ შეტყობინება ამ ფაქტებთან დაკავშირებით გადაეცა პროკურატურას. მივმართეთ პროკურატურას, თუ რა გააკეთა მან, როდესაც შეტყობინება მიიღო, მათგანაც მივიღეთ პასუხი, რომ მტკიცებულებების არარსებობის გამო მათ ეს საქმე შეწყვიტეს. შემდგომ მოხდა მკვლელობა. სამართალდამცველებმა ვერ გაიაზრეს თავის კომპეტენციის ფარგლებში დაეცვათ ადამიანი, რომელმაც მათგან ითხოვა დახმარება. ეს არის არაკომპეტენტური და გულგრილი დამოკიდებულება ფაქტის მიმართ”- ამბობს  “ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის” რეგიონული კოორდინატორი ელისო ამირეჯიბი.

 

გამომსვლელების მიერ სამართალდამცავი უწყებების უმოქმედობის აღნიშვნა პარლამენტის წევრის მერაბ კაჭახიძის პროტესტის საგანი გახდა. კაჭახიძემ ზოგ გამომსვლელს პათოსი დაუწუნა, ზოგსაც პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზის ოთახად მოხსენიება შეუსწორა, თუმცა მისი მთავარი პრეტენზია მაინც სამართალდამცველი უწყებების არაეფექტური მუშაობის ხაზგასმას მოჰყვა.

 

“რომელ ექიმს უნდა პაციენტი მოუკვდეს საოპერაციო მაგიდასთან, მაგრამ ხდება ასეთი რამ. როგორ შეიძლება გამომძიებელს, პროკურორს უნდოდეს, რომ საქმეზე, რომელსაც იძიებს, უარესი უბედურება დატრიალდეს. თქვენ რომ გეპასუხათ, რომ ამ ოჯახს ავუყვანეთ ადვოკატი, მან გამოითხოვა საქმე, მაშინ დაგეთანხმებოდით, შეგისწავლიათ სიღრმისეულად საქმე და მართლაც ყოფილა დარღვები გამოძიებაში, მაგრამ  იქნებ ჩაგვეხედა საქმეში. იმ ადამიანმა, რომელიც შემდეგ მსხვერპლად იქცა, პროკურორი როდესაც მივიდა, მოძალადეზე რა ჩვენება მისცა. ხომ ვიცით საქართველოა, შეიძლება გამომძიებელს ანგელოზად დაუხატოს თავის მეუღლე”, – განაცხადა მერაბ კაჭახიძემ.

 

თამარ გურჩიანის შეფასებით პარლამენტარის მიდგომა სწორედ მსხვერპლს აქცევს ძალადობაზე პასუხისმგებლად და ეს მიდგომა სახიფათოა:

 

“ჩვენ 21-ე საუკუნეში უნდა გავიაზროთ ერთი უკამათო ჭეშმარიტება, ძალადობა არის მოძალადის ბრალი და არა მსხვერპლის ბრალი. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ძალადობას აქვს მიზეზები, ბუნებრივია, ძალადობა შეიძლება ახსნა სხვადასხვა ფაქტორებით, ძალადობა ახსნას ექვემდებარება, მაგრამ არ ექვემდებარება გამართლებას. სწორედ გამართლებაა აქცენტის გადატანა მსხვერპლზე ძალადობის ჩამდენისგან. შსს-ს სტრატეგია სწორედ ამ ფილოსოფიაზეა დაფუძნებული და მიმაჩნია, რომ ეს არის სახიფათო. კი ვამბობთ იმ ვიდეორგოლზე, რომ მაინც კარგია, მაგრამ შსს-ს ვიდეორგოლიც იმავეს ამბობს, “ნუ დამალავ სიმართლეს”, თითქოს ძალადობის მსხვერპლი რომ მალავს სიმართლეს, ამიტომაა, რომ ძალადობის პრევენცია არ ხდება. სწორედ ეს არის ის ხაზი, რაც პატივცემულმა პარლამენტარმა განავითარა”,- ამბობს გურჩიანი.

 

საბოლოო ჯამში, კომიტეტმა პეტიციის ავტორების მოთხოვნები გაიზიარა, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ კომიტეტი პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მოწვევას უზრუნველყოფს. ასევე კომიტეტმა მხარი დაუჭირა პეტიციის ავტორების მოთხოვნას, პეტიციასთან დაკავშირებით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რათა ყველა აღნიშნულ რეკომენდაციაზე, რომელზეც პეტიციაშია საუაბრი, შესაძლებელი გახდეს ყოველდღიურად მუშაობა და უფრო კონკრეტულად ხედვა შემუშავება.

 

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, როდის მოიწვევენ პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს პარლამენტში. პეტიცია ხელმოსაწერად გაიხსნა 25 ნოემბერს, ქალთა მოძრაობის მიერ ორგანზებულ ქალთა მიმართ ძალაოდბის აღმოფხვრის აქციაზე, რომელიც 25 ქალქში მიმდინარეობდა. 10 დეკემბერს აღნიშნული პეტიცია დაიხურა და ჩაბარდა პარლამენტს განსახილვევლად. პეტიცია 6 რეკომენდაციას მოიცავს და მიმართულია ხელისუფლების სამივე შტოსადმი. პეტიციას  6500 ხელმომწერი ჰყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი