ახალი ამბები

ყველაზე იაფი საახალწლო ტური ევროპაში საქართველოდან

19 დეკემბერი, 2014 • 4480
ყველაზე იაფი საახალწლო ტური ევროპაში საქართველოდან

საქართველოდან ტურისტების ნაკადი ბუდაპეშტის მიმართულებით იაფი ავიარეისების ამოქმედების შემდეგ გაიზარდა. ავიაკომპანია “ვიზეარი” (Wizz Air) ბუდაპეშტის მიმართულებით კვირაში ორჯერ ავიარეისს მიმდინარე წლის 30 სექტემბრიდან ასრულებს და დღემდე ავიაკომპანიამ ამ რეისით 4433 მგზავრი გადაიყვანა. ბილეთის (ერთი გზა) მინიმალური ფასი 19 ევროა.

 

“საახალწლოდ განსაკუთრებული მოთხოვნაა ბუდაპეშტზე. ამას ორი მიზეზი განაპირობებს: მგზავრები მიდიან შობის გასატარებლად ბუდაპეშტში. გარდა ამისა, ბუდაპეშტიდან მათ შეუძლიათ იმავე ავიაკომპანიით გაფრინდენ 40 სხვადასხვა დანიშნულების ადგილას,”- უთხრა “ნეტგაზეთს” საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა ნინია მაჭარაშვილმა.

უნგრეთის პარლამენტი. ფოტო - http://travel.nationalgeographic.com
უნგრეთის პარლამენტი. ფოტო – http://travel.nationalgeographic.com

სალომე აფხაზიშვილმა ბუდაპეშტის მიმართულებით “ვიზეარის” ავიაბილეთი 31 დეკემბრის რეისზე რამდენიმე თვით ადრე, ივნისში შეიძინა და ორმხრივ ბილეთში 60 ევრო გადაიხადა. სალომე, თავის მეგობრებთან ერთად, ახალი წლის დღეებს ბუდაპეშტში, შემდეგ კი ბერლინში გაატარებს. მისი თქმით, ბუდაპეშტში წასვლა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ავიბილეთები იაფია, ბუდაპეშტიდან ევროპის სხვა ქვეყნებში გადასვლა კი მარტივია და გზაშიც ძვირი არ ეხარჯება: “ძალიან მნიშვნელოვანია ფასი, იმიტომ, რომ ბუდაპეშტზე მეტად  არის ქალაქები, რომლის ნახვა ძალიან მინდა”.

 

“ბუდაპეშტი პლაცდარმივით არის, ახლოს არის, ევროპის ცენტრში და ყველგან შეიძლება მოხვედრა ძალიან მალე. სადღაც 2 საათში ბუდაპეშტიდან ავსტრიაში ხარ და ავსტრიიდან 3–4 საათში – ჩეხეთში,” – ასე ხსნის ევროპაში ბუდაპეშტის გავლით მოგზაურობის მიზეზს სანდრო ჩიხლაძე, რომელმაც ქუთაისი-ბუდაპეშტი-ქუთაისის რეისზე ავიაბილეთში 40 ევრო გადაიხადა.

 

“თან თუ გასტროტურიზმის მოყვარულები ხართ, ბუდაპეშტი იდეალური ადგილია ამისთვის, ვენაც ასევე, და პრაღაზე აღარაფერს ვლაპარაკობ”, – ამბობს სანდრო.

გამოყენებითი ხელოვნეის მუზეუმი, ბუდაპეშტი. ფოტო - http://travel.nationalgeographic.com
გამოყენებითი ხელოვნეის მუზეუმი, ბუდაპეშტი. ფოტო – http://travel.nationalgeographic.com

 

“ბუდაპეშტი არის მშვიდი, კომფორტული ქალაქი, რასაც მე უპირატესობას ვანიჭებ. ახალგაზრდული ქალაქიცაა და შეიძლება გართობა, ან შეგიძლია ქუჩის მუსიკოსებს უსმინო, რომლებიც მრავლად არიან და კონცერტებს მართავენ,”- გვითხრა ილიკო ნაცვალაძემ, რომელიც ახლა ბუდაპეშტში იმყოფება და საქართველოში დაბრუნებას 21 დეკემბრისთვის გეგმავს.

 

travel.nationalgeographic.com მოგზაურებს ურჩევს, რომ ბუდაპეშტში აუცილებლად მოინახულონ მეთევზეთა ბასტიონი, რომელიც ნეო–გოთური და ნეო–რომანული სტილით არის აშენებული და საუკეთესო ადგილია ფოტოების გადასაღებად. ასევე, დოჰანის სინაგოგა, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ბუდაპეშტის ებრაელთა თემის სიმდიდრესა და კეთილდღეობას განასახიერებს; უნგრეთის ეროვნული მუზეუმი, Gerbeaud Café, რომელიც ქალაქის ერთ–ერთი უძველესი კაფეა; წმინდა სტეფანის ბაზილიკა – ბუდაპეშტის ყველაზე დიდი ტაძარი, სადაც უნგრეთის პირველი მეფის, სტეფანის მუმიფიცირებული ხელი ინახება და ივლის–ოქტომბერში ორშაბათობით ორღანის კონცერტები იმართება.

 

ტურისტები საქართველოდან, რომლებსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, აღნიშნავენ, რომ ბუდაპეშტის გავლით მათ სხვა ქალაქებშიც იმოგზაურეს. მათ ბერლინი, ვენა, პრაღა და ბრატისლავა დაასახელეს.

 

ილიკო ნაცვალაძე, რომელიც ბუდაპეშტში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრინდა, ვენაში მატარებლით გაემგზავრა და საქართველოში დაბრუნებამდე ბრატისლავას დათვალიერებასაც აპირებს.

წყვილი ბუდას ციხესიმაგრეზე, საიდანაც ქალაქის ყველაზე პოპულარული ხედი იშლება ფოტო - http://travel.nationalgeographic.com
წყვილი ბუდას ციხესიმაგრეზე, საიდანაც ქალაქის ყველაზე პოპულარული ხედი იშლება ფოტო – http://travel.nationalgeographic.com

 

მისი თქმით, ბუდაპეშტიდან ვენაში მატარებლით მგზავრობა (ორი გზა) 37 ევრო ღირს, ხოლო ბუდაპეშტიდან ბრატისლავაში გამგზავრება (ორი გზა) – 36 ევრო ჯდება.

 

სალომე აფხაზიშვილი კი, რომელიც ბუდაპეშტიდან ბერლინში მიემგზავრება, ამბობს, რომ ბერლინამდე ავტობუსით მგზავრობა (ერთი გზა) 40 ევრო ღირს.

 

ის ამ ორ ქალაქში ჰოსტელებში აპირებს დარჩენას. მისი თქმით,  ჰოსტელის დაქირავება ბუდაპეშტში დღეში 20 ევრო, ბერლინში კი – 13 ევრო ღირს. ამ ფასში საძინებელი, საერთო აბაზანა და სამზარეულო, ასევე  ყავა და ჩაი შედის.

 

“დარწმუნებული ალბათ ვერ იქნები, იმიტომ, რომ შეიძლება საიტზე იმდენად სხვა ინფორმაცია და სხვა ფოტოები იდოს და ჩახვიდე სულ სხვა სიტუაციაში. ამის გასაფილტრად არსებობს საიტი, რომელიც აკეთებს ჰოსტელების რანჟირებას, სადაც მომხმარებლები ჰოსტელს შეფასებებს უწერენ. ამ საიტის მიხედვით ამოვარჩიეთ,“– თქვა სალომემ.

 

ილიკო ნაცვალაძე ბუდაპეშტში მავერიკის სასტუმროების ქსელის მიერ შემოთავაზებულ ბინაში ცხოვრობს, რომელიც, მისი თქმით, კომფორტულია და ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ის ამ ბინაში თავის 3 მეგობართან ერთად  6 ღამეზე, ჯამში, 194 ევროს იხდის.

 

ყველა ტურისტმა, რომელთაც ნეტგაზეთი ესაუბრა, საკუთარი ტური თავად დაგეგმა.

 

“ადრეც მიმოგზაურია, ოღონდ ყოველთვის ტუროპერატორების მეშვეობით. ჩვენი გრაფიკი პირველად შევადგინეთ და სულ სხვა შეგრძნებაა, როცა შენს თავზე ხარ დამოკიდებული, ბევრად უფრო სახალისო და ბევრად უფრო საინტერესოა,”- ამბობს სანდრო ჩიხლაძე.

‘ჯაჭვის ხიდი’ ბუდაპეშტში, რომელიც 1849 წელს გაიხსნა. ფოტო - http://travel.nationalgeographic.com
‘ჯაჭვის ხიდი’ ბუდაპეშტში, რომელიც 1849 წელს გაიხსნა. ფოტო – http://travel.nationalgeographic.com

მოგზაურობის დამოუკიდებლად დაგეგმვისას ტურისტებს თავად უწევთ ბილეთების შეძენაზე, ვიზის აღებაზე, მოგზაურობის მარშრუტისა და სასტუმროს დაჯავშნაზე ზრუნვა. ტურისტული კომპანიები კი, როგორც წესი, მათ ამ სერვისებს სთავაზობენ.

 

ტურისტული კომპანიების ნაწილის განცხადებით, ბუდაპეშტის მიმართულებაზე მოთხოვნა გაზრდილია, რაც იაფი ავიაბილეთებით არის განპირობებული.

 

“ევროპის სხვა ქვეყნების მიმართულებებთან შედარებით ახლა, ამ ეტაპზე, იანვარ–თებერვალში უფრო მეტი დატვირთვა მაგაზეა,”- უთხრეს ნეტგაზეთს Global Travel-ში.

 

Global Travel-ს თავის Facebook გვერდზე მითითებული აქვს, რომ ბუდაპეშტში მოგზაურობის 7-დღიანი სრული პაკეტის ფასი 135 ევროდან იწყება. ფასში შედის ავიაბილეთი ქუთაისი – ბუდაპეშტი – ქუთაისი, 3–ვარსკვლავიანი სასტუმრო, საუზმე, სამოგზაურო დაზღვევა, სავიზო მხარდაჭერა და ტურისტული სიმ-ბარათი. ამავე პირობებით ვენაში მოგზაურობის ფასი, ამ კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 353 ევროდან იწყება.

მსგავსი პირობები აქვთ სხვა ტურისტულ სააგენტოებსაც, მაგალითად, თუ  Four seasons tours-ის Facebook  გვერდზე მოცემული ინფორმაციით, თებერვალში ბუდაპეშტში 6 დღის გატარება მსურველს 190 ევრო დაუჯდება, პრაღაში 12-17 თებერვალს მოგზაურობა 295 ევრო ღირს.

მასალების გადაბეჭდვის წესი