ახალი ამბები

კალაძე: რაჭაში ჰიდროელექტროსადგურის პროექტი არ ითვალისწინებს დატბორვას

17 დეკემბერი, 2014 • • 1402
კალაძე:  რაჭაში ჰიდროელექტროსადგურის პროექტი არ ითვალისწინებს დატბორვას

მისი თქმით, საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის დაიდო კვლევის შესახებ მემორანდუმი, რაც 18 თვის გამვალობაში ეკოლოგიურ, ფინანსურ, სოციალურ და ტექნიკურ შესწავლა-შეფასებას გულისხმობს და მხოლოდ ამის შემდეგ კანონის სრული დაცვით მოხდება სამშენებლო ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობაზე მსჯელობა.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არსებული საპროექტო წინადადდება არ ითვალისწინებს არც დატბორვას და, შესაბამისად, არც სოფლების გადასახლებასა თუ ვაზის უნიკალური ჯიშებისთვის საფრთხის შექმნას.  გარემოზე ზემოქმედების და სოციალური საკითხების შეფასების დროს განხილული იქნება ყველა შესაძლო ალტერნატივა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, კონკრეტულად იმ ადგილზე რომელი პროექტის განხორციელება იქნება გამართლებული. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოს მთავრობას აქვს შემუშავებული მთის რეგიონების ეკონომიკურ – სოციალური განვითარების სტრატეგია, რაც ითვალისწინებს მათ შორის რაჭის რეგიონში მოსახლეობის დაბრუნებას, დასაქმებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას. ამიტომ ნებისმიერი ინვესტიცია, რომელიც აქ განხორციელდება, არის ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის სასარგებლო და მათ კეთილდღეობას ემსახურება”,- განაცხადა კალაძემ.

 

ახალი ჰიდროელექტროელექსადგურების მშენებლობის მიზნით გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა 2014 წლის თებერვალში დასრულდა და გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

 

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში, მდინარე რიონზე, “ალპანა“ და სადმელი“ ჰესების კასკადის მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულად თურქული კომპანია Calik Enerji-ი გამოცხადდა. “ალპანაჰესის“ დადგმული სიმძლავრე 70,6მგვტ-ია. წლიური გამომუშავება კი – 356,8 მლნ.კვტ/სთ.

 

რაჭაში, დაბა ჭრებალოში 20 დეკემბერს დაგეგმილია საპროტესტო აქცია რაჭაში დიდი ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგოდ.

 

“ფარული, მაგრამ დადასტურებული ინფორმაციით, სახელმწიფომ უკვე გასცა ნებართვა რაჭაში, კერძოდ შარეულას ხეობაში ჰესის მშენებლობაზე. სამშენებლო სამუშაოებს თურქული კომპანია ჩალიკ ენერჯი სანა აწარმოებს.  ალბათ ზედმეტია იმაზე საუბარი, თუ რა სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ მშენებლობას. ყველაზე მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი რომ ვახსენოთ – რაჭაში შეიცვლება მიკროკლიმატი, რაც თავის მხრივ ხვანჭკარის საღვინე ვაზის ჯიშის – ალექსანდროულის გადაჯიშებას, ზვავ-საშიშროების ამაღლებას, ჭარბ ნესტიანობას და რიონის დონის აწევას გამოიწვევს. გაიჩეხება შარეულას ტერიტორია, განადგურდება უნიკალური ხეების დიდი ნაწილი და ა.შ. და ა.შ.  სამუშაოების საერთო სიგრძე 19.5 კილომეტრს შეადგენს”,- ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

საკითხთან დაკავშირებით არსებობს პეტიციაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი