სამართალი

მოქალაქის ბრალდებები შსს-ს დაკავების ოპერაციასთან დაკავშირებით

17 დეკემბერი, 2014 • • 1043
მოქალაქის ბრალდებები შსს-ს დაკავების ოპერაციასთან დაკავშირებით

როგორც მოქალაქე თამარ ფრანგიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, იგი შვილებთან ერთად მომხდარს პირადად შეესწრო:

“02:15 საათზე სტუმრები გავაცილეთ მე და ჩემმა შვილებმა, ჩემი სახლის მოპირდაპირე მხარეს ჩემს ხელშივე გაზრდილი მეზობლის ვაჟი მეგობრებთან ერთად სერანადას უმღეროდა შეყვარებულს, ცოტა ხნის შემდეგ სიმღერ-სიმღერით აუყვნენ სახლისკენ მიმავალ გზას. მოულოდნელად სამოქალაქო მანქანიდან გადმოხტნენ პოლიციელები და ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე მოინდომეს ბიჭების დაკავება. მე და ჩემი შვილიც გავიქეცით მათ დასახმარებლად, მაგრამ ამაოდ, შევეჩეხე გროვას, რომელთაც არ სურდათ არავის მოსმენა და არც საქმის გარკვევა. მათთან რომ ვერაფერს გავხდი, ბავშვების დედასთან გავიქეცი, მომეხმარე, შენი შვილები მიყავთ პოლიციაში-მეთქი, ისიც გამოიქცა და იცით რა მოხდა?! გამწარებულ დედას პოლიციამ დედის გინება დაუწყო და ხელიც დაარტყა. წარმოიდგინეთ, ამის შემყურე მისი შვილები რა დღეში ჩავარდებოდნენ. მოკლედ, სიტუაცია უმართავი გახდა, პოლიციამ დამხმარე ჯგუფი გამოიძახა. ჩემმა გოგონამ როცა პოლიციას კითხა, ეგ კანონის დარღვევა არ არის, ქალს რომ ურტყამთ და დედას აგინებთო?! იცით, რა პასუხი მიიღო პოლიციელებისგან?! ქალს არა, მანქანას ვაგინებდითო”, – ამბობს ფრანგიშვილი.

მისივე თქმით, როდესაც სერენადის სიმღერის შემდეგ ახლაგაზრდები ქუჩას აუყვნენ, მათ უკან მანქანა მიადგა და გაწევა სთხოვა, მაშინ, როცა ქუჩაზე მანქანის გადაადგილებისთვის საჭირო სივრცე არსებობდა. მისივე თქმით, მანქანას პოლიციის ნიშანი არ ჰქონდა.

“როცა უბრალოდ მანქანა დაინახეს, რომელიც გაწევას სთხოვდა, ესენიც გაებღინძნენ, რის გამოც რაც იქ მოხდა… მთელი უბანი გამოვიდა, დედამისს ხელი ურტყეს პოლიციელებმა და აგინეს. რამდენიმე აკეთებდა ამას, მაგრამ ერთი განსაკუთრებით აქტიურობდა”, – უთხრა მან ნეტგაზეთს.

თამარ ფრანგიშვილმა შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტომასალაც გაავრცელა. ნეტგაზეთის კითხვას, რატომ არ გადაიღო ვიდეო, იგი ამბობს, რომ ფოტოებს ტელეფონით მისი შვილი იღებდა, ვიდეოს გადაღება ორი მიზეზის გამო ვერ შეძლო: 1. შიში და 2. დაბნეულობა.


თამარ ფრანგიშვილის ფოტო
თამარ ფრანგიშვილის ფოტო

 

შსს-ს პრესსამსახურში ნეტგაზეთს დაუდასტურეს, რომ ხუდადოვის ქუჩაზე წუხელ 3 პირი მართლაც დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით. შსს-ს ცნობით, დაკავებულები ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შსს-ში არ აზუსტებენ მიზეზს, თუ რის გამო მოხდა კონფლიქტი სამართალდამცველებსა და დაკავებულებს შორის. რაც შეეხება ბრალდებას იმის შესახებ, რომ სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებულის დედას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, შსს ამას უარყოფს, თუმცა არ პასუხობს კითხვას, შეისწავლა თუ არა ინფორმაცია გენერალურმა ინსპექციამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი