ახალი ამბები

ეროვნული მუზეუმი: საყდრისი მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლია

15 დეკემბერი, 2014 • • 2371
ეროვნული მუზეუმი: საყდრისი მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლია

“ბოლო დროს, სხვადასხვა კონტექსტით ხშირად ხდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის საქმიანობისა და კომპეტენციის არასწორი ინტერპრეტაცია, რითაც ილახება ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო რეპუტაცია, ყოველივე ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას იწვევს, ამიტომ გვინდა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ მუზეუმის პოზიცია, რომ ჩვენი, გერმანული მხარისა და სხვა, პარტნიორი დაწესებულებების, მიერ ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით ჩატარებული კვლევების საფუძველზე საყდრისი წარმოადგენს მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიურ ძეგლს.

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ბოხუმის გერმანიის სამთო მუზეუმთან (DBM) და სხვა უცხოელ პარტნიორებთან ერთად 2004 წლიდან აწარმოებდა სამთო-მეტალურგიული კერის საერთაშორისო ინტერდისციპლინარულ კვლევებს საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე. რის შედეგადაც სამეცნიერო წრეების მიერ ძეგლი აღიარებულ იქნა ოქროს სამთამადნო წარმოების უძველეს კერად მსოფლიოში, რაც გამოიხატა სხვადასხვა დროს საქართველოსა და საზღვარგარეთ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებში.

 

მიგვაჩნია, რომ არქეოლოგიური ობიექტის დღევანდელ სავალალო მდგომარეობა განაპირობა 2013 წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმად ოქროს სამთამადნო წარმოების ძეგლს მოეხსნა სტატუსი. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო თერთმეტკაციანი კომისიის დასკვნა, რომლის მომზადებაში არ ყოფილან ჩართული ის ქართველი და უცხოელი მეცნიერები, რომლებიც თითქმის ათი წლის განმავლობაში იკვლევდნენ ძეგლს.

 

2013 წელს მოხდა საერთაშორისო ექსპედიციის ჯგუფის იზოლირება ძეგლისაგან და იმავე წელს არქეოლოგთა სხვა ჯგუფმა ჩაატარა სამუშაოები, რომლის შედეგადაც გააქტიურდა ძეგლის ნგრევის პროცესი. ჩვენს მეცნიერებს არ ჰქონდათ საშუალება არათუ ჩართულიყვნენ მიმდინარე სამუშაოებში, ინფორმაციასაც არ ფლობდნენ ძეგლზე მიმდინარე პროცესების შესახებ. 2014 წლის ზაფხულში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და კომპანია “RMG გოლდის” ინიციატივით აღდგა ურთიერთობა საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფთან და დაიწყო მოლაპარაკება ძეგლზე შემდგომი კვლევა-ძიების გაგრძელებასთან დაკავშირებით. პროფ. ტომას შტოლნერისა (რურის უნივერსიტეტი, ბოხუმი, გერმანია) და დოქ. ირინე ღამბაშიძის (საქართველოს ეროვნული მუზეუმი) მიერ მომზადდა არქეოლოგიური გათხრების გაგრძელების გეგმა საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე სათანადო პირობების შექმნის შემთხვევაში. გეგმასთან ერთად მომზადებულია ჩატარებული კვლევების ანგარიში, რომელიც გადაეგზავნა მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და კომპანია “RMG გოლდს”.

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, როგორც სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, მიუხედავად შექმნილი მძიმე მდგომარეობისა, მზად არის სათანადო პირობების შექმნის შემთხვევაში კვლავ განიხილოს სამეცნიერო კვლევების გაგრძელების შესაძლებლობა”, – ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.


 

13 დეკემბერს კომპანია „არემჯიმ“ საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა.ვრცლად კომპანიის განცხადება შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

 

 

RMG Gold- ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.


მასალების გადაბეჭდვის წესი