ეკონომიკა

რა იცვლება სამთავრობო პროექტებში, საიდანაც სოფლის მეურნეობის სექტორი ფინანსდება

11 დეკემბერი, 2014 • • 1391
რა იცვლება სამთავრობო პროექტებში, საიდანაც სოფლის მეურნეობის სექტორი ფინანსდება

პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ბიზნეს-სექტორის და ბანკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 


სოფლის მეურნეობის პროდუქტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის მარიანა მორგოშიას ინფორმაციით, “შეღავათიანი აგროკრედიტის” ფარგლებში 11 დეკემბრის მდგომარეობით გაცემულია 25 240 შეღავათიანი აგროკრედიტი, რომლის ბიუჯეტიც 670 მლნ ლარია. ამჟამად გაცემული სესხებიდან აქტიურია 19 916 სესხი, რომლის დაფინანსებაც 497 მლნ ლარია:

 

“გადაიარაღებულია 580-ზე მეტი საწარმო. აგროკრედიტის ფარგლებში გვაქვს 89 ახალი საწარმო: 37- კახეთში, 18- ქვემო ქართლში. ეს ორი რეგიონია წამყვანი ამ პროექტებში. რაც შეეხება დარგობრივ დაფინანსებას, დაფინანსდა 30-ზე მეტი დარგი. მეღვინეობა წამყვან პოზიციაზეა.” 

 

ცვლილებები სამთავრობო პროექტებში

 

სოფლის მეურნეობის პროდუქტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის მარიანა მორგოშიას ინფორმაციით, 2015 წლის 1 იანვრიდან “შეღავათიანი აგროკრედიტის” 8 კომპონენტი ორ ძირითად კომპონენტად გაერთიანდება. ეს არის “შეღავათიანი აგროკრედიტი” ძირითადი საშუალებებისთვის და საბრუნავი საშუალებებისთვის.

 

პროექტებში საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი დაიკლებს: “1 იანვრიდან ჩვენი თანხვედრი დაფინანსების საპროცენტო განაკვეთი შემცირდება 1%-ით.  რაც შეეხება “აგროლიზინგს” და ”აწარმოე საქართველოში”, ცალკე პროექტებად იქნება გამოტანილი.

 

რაც შეეხება “გადამამუშავებელი საწარმოების” დაფინანსების პროექტს – დაფინანსებულია 16 გრანტი, საიდანაც 11 პროექტი არის განხორციელების ეტაპზე, ხოლო 5 ბანკიდან დაფინანსების მოპოვების პროცესშია.

 

მარიანა მორგოშიას ინფორმაციით, ამ პროექტშიც არის ცვლილებები, კერძოდ, პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ზღვარი გაუქმდა:

 

“პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ზღვარი იყო 1 მლნ ლარი. ეს ზღვარი მოიხსნა და თუ პროექტი საინტერესო და რენტაბელური იქნება, დაფინანასდება. ადრე პროექტების მიღება არ ხდებოდა აქტიური რეგიონებიდან. ახლა მიდგომა შეიცვალა. პროექტებს ყველა რეგიონებიდან მივიღებთ, გარდა 5 თვითმმართველი ქალაქისა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და ფოთი.”

 

იცვლება პროექტების დაფინანსების წესიც. აქამდე პროექტის თანადაფინანსება შეადგენდა 40%-ს, ახლა პროექტის დამტკიცების შემთხვევაში დაფინანსდება მისი ღირებულების 40%, მაგრამ ქვედა ზღვარი 80 ათასი აშშ დოლარი იქნება.

 

პროექტის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში გაცემულია 8 სესხი, 5- ახალი საწარმოსთვის, 3 -არსებული საწარმოს გადაიარაღებისთვის.

 

“ჯამში, ამ პროექტების ფარგლებში არის დაფინანსებული 105 საწარმო. 87 საწარმო უკვე ფუნქციონირებს, ამას ემატება 8 საწარმო, რომლის მშენებლობაც სრულდება და 10 საწარმო არის მზადების პროცესში” -აცხადებს მარინა მორგოშია. 

 

როგორ აფასებენ სამთავრობო პროექტებს მეწარმეები და ბანკები


კომპანია „თეთრი ქუდის“ გენერალური დირექტორი ივანე იოსელიანი ამბობს, რომ “შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით” 1 მილიონი ლარის სესხი 1 პროცენტში 7 წლით ისესხა. დღეს პრეზენტაციაზე მიიღო ინფორმაცია, რომ აგროკრედიტებზე დაფინანსების ლიმიტი მოიხსნა. მეწარმე ფიქრობს, რომ გაუჩნდა შანსი იმისთვის, რომ სამთავრობო კრედიტითით კიდევ ერთხელ ისარგებლოს:    

 

“ავიღეთ შეღავათანი აგროკრედიტი “შეღავათიანი აგროკრედიტის” მესამე კომპონენტში. დონორი იყო თავისთავად სახელმწიფო და სესხი გამოგვიყო ბანკმა „რესპუბლიკამ“. დაახლოებით 20-დღიანი პროცედურის შემდეგ დაგვიმტკიცდა ეს სესხი და ავითვისეთ. პირობები იყო უპრეცედენტო. ბაზარზე საკმაოდ ძვირი იყო აგროსესხის საპროცენტო განაკვეთები, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდიდა ამ დარგის განვითრებას. თუმცა უკონკურენტო აღმოჩნდა ეს პროდუქტი, ვისარგებლე. მოვახდინე საწარმოს გადაიარაღება. წარმადობა გავზარდეთ 30 პროცენტით. ჩავანაცვლეთ იმპორტი და დავიწყეთ საექსპორტო ბაზრების ათვისება.” 

 

კიდევ ერთი კრედიტის აღებას გეგმავს კომპანია “ჩირინა”. კომპანიის ხელმძღვანელი  რევაზ ვაშაკიძე ამბობს, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში 600 ათასი აშშ დოლარი ისესხა: “ავაშენეთ სასაწყობო მეურნეობა, ხილის საწყობი და საშრობი. ჩვენ ვფარავთ კრედიტს. ახლა შევიტყეთ, რომ ზღვარი მოიხსნა და ბიზნესის გასაფართოებლად კრედიტით კიდევ ვისარგებლებთ.”

 

კომპანია “აგრიკომის” დირქტორი ქეთი კუბლაშვილი ამბობს, რომ მისთვის პრეზენტაციაზე მთავარი სიახლე სესხზე საპროცენტო განაკვეთის დაწევაა. სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული 12%-იანი სესხიდან კომპანია ბანკს 3%-ს უხდიდა, 9%-ს სახელმწიფო ფარავდა. ახლა ბანკის სესხი 1%-ით მცირდება:   


“აგრიკომი“ 2005 წელს დაარსდა. ჩვენი ძირითადი საქმიანობა მარცვლეულით ვაჭრობაა იმპორტი-ექსპორტია. ძირითადად, ეს არის ხორბალი (80%), ხოლო დარჩენილი წილი (20%) სიმინდს, სოიოსა და სხვა მარცვლეულ კულტურებს უჭირავს. მარცვლეული ზღვისა და რკინიგზის მეშვეობით შემოგვაქვს და დისტრიბუციას, ძირითადად, საქართველოში ვახდენთ, თუმცა გარკვეული ნაწილი ექსპორტზე სომხეთშიც გაგვაქვს.”

 

“შეღავათიანი აგროკრედიტის” პროექტს წარმატებულად მიიჩნევს “ხალიკ ბანკის” გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გეგუჩაძე: “აგროკრედიტების პირობები არის მიმზიდველი. ეს სამომავლოდ მოიტანს ეფექტს. კარგია, რომ სახელმწიფო ეხმარება ბიზნესს და მეწარმეებს. ეს არის ძალიან დიდი შეღავათი. “ხალიკ ბანკიდან” სესხი მეწარმებს ძირითადად მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გადაიარაღებისთვის გააქვთ. გავცემთ აგროკრედიტებსაც. სესხებზე მონიტორინგი მკაცრია.” 


შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის განხორციელება სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2013 წლის 27 მარტს დაიწყო. 


სამთავრობო პროგრამა – “აწარმოე საქართველოში” 2014 წლის 1 ივნისიდან დაიწყო. პროგრამის ბიუჯეტი 46 მილიონი ლარით განისაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი