ახალი ამბები

ადვოკატი: ოლეგ მელნიკოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

11 დეკემბერი, 2014 • • 3310
ადვოკატი: ოლეგ მელნიკოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ადვოკატის განცხადებით, ოლეგ მელნიკოვის პატიმრობიდან გათავისუფლება საპროცესო შეთანხმების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

 

პროკურატურასა და ოლეგ მელნიკოვს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2014 წლის 12 ნოემბერს დაამტკიცა. საპროცესო შეთანხმების მიხედვით, მელნიკოვს 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 9 თვე უნდა ჩაეთვალოს პირობითად 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. მაშინ თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მელნიკოვს სასჯელის მოხდის დაწყების თარიღად განესაზღვრა 2013 წლის 21 სექტემბერი, როცა იგი საქართველოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს გადაეცა ფაქტობრივად უკრაინის მიერ, შესაბამისად, მელნიკოვს ციხე უნდა დეტოვებინა 2015 წლის 21 სექტემბერს.

 

თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოვიდა მას შემდეგ, რაც ამ ინსტანციას სასჯელაღსრულების სამინისტრომ მიმართა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელნიკოვის სასჯელის მოხდის თარიღად განისაზღვრა 2012 წლის დეკემბერი, როდესაც იგი უკრაინში პოლიციელის ცემის გამო დააკავეს. შესაბამისად, ადვოკატის ცნობით, 2014 წლის 6 დეკემბერს ოლეგ მელნიკოვმა ციხე დატოვა.

 

ნეტგაზეთი დაუკავშირდა სასჯელაღსრულების სამინისტროს, დატოვა თუ არა ოლეგ მელნიკოვმა სასჯელღასრულების დაწესებულება, თუმცა სამინისტროში განაცხადეს, რომ მათ არ აქვთ უფლება, რომ პერსონალური ინფორმაცია გასცენ.

 

ოლეგ მელნიკოვი საქართველოში პატიმრობაში 2013 წლის სექტემბრიდან იმყოფებოდა. 2013 წლის 21 სექტემბერს განხორციელდა მისი ექსტრადირება საქართველოში. ოლეგ მელნიკოვი 2012 წლის 7 დეკემბერს უკრაინაში, ქალაქ კიევში დააკავეს.

 

2013 წელს ოლეგ მელნიკოვს ბრალი წაეყენა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე. იგი სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით, რისთვისაც, ამნისტიის გათვალისწინებით, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 9(ცხრა) თვის ვადით.

 

11 აგვისტოს შსს-ს ყოფილმა მაღალჩინოსმა ოლეგ მელნიკოვმა საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმეში თავისი ბრალეულობა დაადასტურა. ადვოკატის თქმით, დაცვის მხარესა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება 2014 წლის სექტემბერში გაფორმდა.

ოლეგ მელნიკოვი
ოლეგ მელნიკოვი

მასალების გადაბეჭდვის წესი