ახალი ამბები

უცხოური ინვესტიციები დიდწილად ოლიმპიური სოფლის პროექტის ხარჯზე გაიზარდა

9 დეკემბერი, 2014 • • 1211
უცხოური ინვესტიციები დიდწილად ოლიმპიური სოფლის პროექტის ხარჯზე გაიზარდა

დღეს, 9 დეკემბერს საქსტატმა გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები, რომლის მიხედვითაც საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წლის III კვარტალში (ივლისი-სექტემბრერი) 508 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქსტატის ინფორმაციით, 99 პროცენტით აღემატება 2013 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მაჩვენებელს – 255 მილიონ დოლარს. III კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა ჩინეთია (მეორე ადგილზე აზერბაიჯანი, ხოლო მესამეზე – ჰოლანდია), საიდანაც 149 მილიონი დოლარი შემოვიდა. საქსტატის მიერ “ნეტგაზეთისთვის” მოწოდებული ინფორმაციით, ამ 149 მილიონიდან თითქმის 145 მილიონი დოლარი მშენებლობაზე დაიხარჯა. საქსტატმა ნეტგაზეთს არ მიაწოდა (საქსტატის განმარტებით ეს კონფიდენციალური ცნობაა) ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა წილი მოდის ამ თანხიდან “ჰუალინგ ჯგუფზე”, თუმცა ცნობილია, რომ სამშენებელო სამუშაოებს საქართველოში სწორედ ეს კომპანია აწარმოებს.



პირდაპირი ინვესტიციები ჩინეთიდან სექტორების მიხედვით (დოლარში) |Create infographics


ჩინელმა ინვესტორებმა მუშაობა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყეს და ოლიმპიური სოფლის მშენებელობის დასრულებას 2015 წლის მარტში გეგმავენ. პროექტის თანახმად, თბილისის ზღვაზე, ოლიმპიურ სოფელში 17 საცხოვრებელი კორპუსი აშენდება, საიდანაც 9 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის სტუმრების დაბინავებას უზრუნველყოფს.

 

კომპანია „ჰუალინგ ჯგუფთან“ დევნილებისთვის 8 კორპუსის შეძენასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომლის დასრულების შემდეგ შეძენილი ბინები დევნილებს გადაეცემათ”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამა წლის აგვისტოში და დასძინა, რომ კომპანიას გააჩნია სხვა საინვესტიციო წინადადებებიც და საქართველოში დამატებით ასობით მილიონის ინვესტირებას აპირებს.

ჩინეთიდან შემოსული თითქმის 2,5 მილიონი დოლარი საფინანსო სექტორისკენაა მიმართული. უცნობია, კონკრეტულად რომელმა ჩინურმა კომპანიებმა შემოიტანეს საქართველოში ეს ფული, თუმცა ცნობილია, რომ “ჰუალინგი” ამ სფეროშიც საქმიანობს, რადგან მას ბაზის ბანკის საკონტროლო პაკეტი აქვს შესყიდული.

ზემოხსენებულ კვარტალში უმსხვილესი ინვესტორების ტოპ 20-ში ასევე მოხვდნენ ბი-ფი ჯგუფი, ოლდ სითი დეველოპმენტი, შპს აჭარისწყალი ჯორჯია და “აიდიეს ბორჯომი საქართველო”, მაგთიკომი.


2014 წლის III კვარტალში ყველაზე მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მშენებლობის სფეროში განხორციელდა და 181 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფება ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 109 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – უძრავი ქონება 61 მლნ. აშშ დოლარით. გთავაზობთ შემოსული ინვესტიციების თვალსაზრისით ტოპ 3 ქვეყნის მონაცემების სექტორების მიხედვით:


მასალების გადაბეჭდვის წესი