საზოგადოება

საკონკურსო შოუები – სტრესი ბავშვებისთვის 111111

9 დეკემბერი, 2014 • • 3355
საკონკურსო შოუები – სტრესი ბავშვებისთვის 111111

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ბავშვები სატელევიზიო შოუებში და კონკურსებში არ უნდა მონაწილეობდნენ, რადგან იქ გადატანილი სტრესი ან წარუმატებლობით მიღებული იმედგაცრუება ბავშვებზე არასახარბიელოდ მოქმედებს.


“ერთი პატარა მონაწილე შეფასებამდე ნატრობდა – ხომ არის ზღაპრების დასასრული კეთილი და ესეც მინდა კეთილად დასრულდესო. იგივე პატარამ ჟიურის წევრის ხანგრძლივი ახსნა-განმარტების შემდეგ წამყვანს ჰკითხა – ვერ გავიგე გადავედი თუ არაო და ცრემლები…. და შეკუმშული პატარა მუშტები ბიჭებისაც და გოგოებისაც, რომ არ ეტირათ.

 

მე მესმის, რომ მსოფლიო რევოლუციასა და შოუბიზნესსა და შემოსავალს არაფერი აქვს საერთო ბავშვების ცრემლებთან, მაგრამ მაინც მინდა გთხოვოთ – დამატებით ნუღარ აატირებთ ბავშვებს. შეცვალეთ კონკურსის პირობები”, – ეს სიტყვები ფსიქოლოგმა მარინე ჩიტაშვილმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა სატელევიზიო შოუ “ნიჭიერის” მეორე ტურის შესარჩევი კონკურსის დასრულების შემდეგ, რომელიც ექვსმა მცირეწლოვანმა მონაწილემ ვერ გადალახა.

 

მარინე ჩიტაშვლს მიაჩნია, რომ მსგავს კონკურსებში არ უნდა მონაწილეობდნენ 14 წლამდე ასაკის ბავშვები, ან შესაძლოა მათ ჰქონდეთ სპეციალური სტატუსი – კონკურსგარეშე მონაწილეების. მარინე ჩიტაშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი სტრესისთვის ბავშვები მომზადებულნი არ არიან.

 

2014 წლის 2 დეკემბერს “ნიჭიერის” პირველ ტურში გამართულ კონკურსში მონაწილეობდნენ 7 წლის თეკლე ასლანიკაშვილი, რომელიც დედამ მიიყვანა საპნის ბუშტების გასაშვებად, 6 წლის ჯულიანა კუბლაშვილი, 6 წლის მოცეკვავე დათა ბუკია, 6 წლის სალომე კარანაძე და მოცეკვავეები ანი სართანია და ბაჩი მახარაშვილი. ვერც ერთი მათგანი კონკურსის მეორე ტურში ვერ გადავიდა.

 

ბავშვების მონაწილეობა უცხო არაა კონკურსებისთვის, რომლებიც საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ იმართება.  “ნიჭიერის” უცხოურ ანალოგში Got Talent ხშრად მონაწილეობენ ბავშვები, რომლებმაც საკუთარი შესაძლებლობების გარდა, მცირე ასაკითაც მიიქციეს ყურადღება. Norwey’s Got talent-ის მონაწილე 7 წლის ანჯელინა ჯორდანის ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერს youtube.com-ზე 10 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. მხოლოდ ბავშვებისთვის იმართება ევროვიზიის საბავშვო კონკურსი, რომელშიც საქართველოც აგზავნის თავის მონაწილეს. საქართველოს წარმომადგენელს ქვეყნის შიდა კონკურსში გამარჯვებაც უწევს. თუმცა, ფსიქოლოგები მშობლებს ურჩვეენ, რომ სანამ მათი შვილების შოუ-კონკურსებში მონაწილეობის საკითხს გადაწყვეტდნენ, დაფიქრდნენ იმ სტრესზე, რასაც ბავშვები კონკურსში მონაწილეობის დროს მიიღებენ.

 

ფსიქოლოგი მაია ცირამუა ამბობს, რომ შოუსთვის ბავშვის გამოყენება არაა მართებული, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეობა წარუმატებელი იქნება. ფსიქოლოგის თქმით, მეურვეები ვალდებულნი არიან დაფიქრდნენ ბავშვის საუკეთესო ინტერესზე, მაშინაც კი თუ ბავშვი მოწადინებულია კონკურსში მონაწილეობა მიიღოს.

 

“როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ბავშვი ხშირად იარაღია მშობლის ან პროდიუსერის ხელში, მშობელი მოწადინებულია ბავშვის საშუალებით საკუთარი არარეალიზებული ოცნებები აიხდინოს, “სულ მინდოდა საბალეტო სკოლაში მევლო” და ბავშვი ვალდებული ხდება მშობლის ეს ამოცანა წარმატებით შეასრულოს. პროდიუსერისათვისაც მომგებიანია, როცა საყვარელი 4-5 წლის პატარა თავის არაჩვეულებრივ უნარს პუბლიკას აჩვენებს, ხშირად ამას შეიძლება მძიმე სოციალური ისტორიაც ერთვოდეს თან, ან კონკურსის მოლოდინში მაყურებლისათვის მისი ემოციური მდგომარეობის ჩვენება (რაც მიმაჩნია, რომ მისი უფლებების უხეში დარღვევაა)”, – მიაჩნია ფსიქოლოგს.

 

მაია ცირამუას აზრით, სხვადასხვა სახის კონკურსში ბავშვის მონაწილეობის საკითხი უნდა იყოს დამოკიდებული ბავშვის უნარზე, გაუმკლავდეს სტრესულ გარემოს, რადგან ხშირ შემთხვევაში წარმატება ილუზორული აღმოჩნდება ხოლმე ან წარუმატებლობა მთელი ცხოვრების სტიგმად ექცევა.

 

“აუცილებლად გასათვალისწინებელია ბავშვის სტრეს-მოწყვლადობის საკითხი, როგორია ბავშვის ფრუსტრაციის ზღურბლი – როგორ რეაგირებს ის წინააღმდეგობებზე, წარუმატებლობაზე. თუ არსებობს მინიმალური რისკიც კი იმისა, რომ ამან ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე უარყოფითად შეიძლება იმოქმედოს, ცხადია, არ ღირს გარისკვა. მეტიც, ადამიანებს ხშირად მოულოდნელ წარმატებასთან გამკლავებაც კი უჭირთ, მითუმეტეს ბავშვებს”, – ამბობს ცირამუა.

 

ფსიქოლოგი ამბობს, რომ არავინ იცის, როგორ აისახება კონკურსის დროს გამოცდილი სტრესი მის სამომავლო განვითარებაზე, ან “რა მოხდება ე.წ. ვარსკვლავური ცხოვრების შემდეგ”.


ფსიქოთერაპევტი თამარ ხუბულავა მიიჩნევს, რომ უარყოფითი შედეგისთვის ან წარუმატებლობისთვის შემზადება არათუ ბავშვს, მოზრდილ ადამიანსაც ესაჭიროება. მისი აზრით, კონსკურსში მონაწილეობა შეიცავს რისკს: რაც უნდა ნიჭიერი იყოს ბავშვი, შეიძლება ვერ მიაღწიოს წარმატებას.

 

“განსაკუთრებით სკოლამდელი ასაკის ბავშვები არიან მსგავსი სტრესებისადმი ლაბილურები, ამ დროს ჯერ არ არის ჩამოყალიებებული თვითშეფასების კრიტერიუმები. ცნობილია, რომ ბავშვები კარგი მსახიობები არიან, უფრო სწორად, ზედმიწევნით კარგად ართმევენ თავს დაკისრებულ როლს, რადგან მათთვის არ არსებობს განსხვავება რეალურ ცხოვრებასა და როლს შორის. ბავშვები თავს აიგივებენ პერსონაჟთან, რომლის განსახიერებაც უწევთ და ფაქტობრივად “ცხოვრობენ” ამ როლით. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მონაწილეობა, რომელიც შეჯიბრს გულისხმობს, არის ბავშვის მხრიდან აღქმული ძალიან სერიოზულად და ნებისმიერი უარი ან წარუმატებლობა მისთვის არის მატრავმირებელი. მნიშვნელოვანია რომ მსგავს კონკურსებზე კონკურსანტების შედარება ხდება: ვინ უკეთესი იყო და ა.შ. მსგავსი შედარებები კი მოგეხსენებათ, ბავშვის განვითარებაზე და მის შემდგომ წარმატებაზე უარყოფითად აისახება”, – ამბობს თამარ ხუბულავა.

ფსიქოთერაპევტი მიიჩნევს, რომ კონკურსებში, სადაც ასაკობრივი მრავალფეროვნებაა, სასურველია ბავშვები 12 წლამდე არ იღებდნენ მონაწილეობას. გამონაკლისია ის კონკურსები, რომლებიც მხოლოდ 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. თამარ ხუბულავასთვის მნიშვნელოვანია თუ რას ანიჭებს მშობელი მნიშვნელობას:

 

“მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერებაც, თუ წარმატების შემთხვევაში, რაზე კეთდება აქცენტი – რას უქებს მშობელი შვილს: კონკურსის შემდგომ ეტაპზე გადასვლას თუ მის მონდომებას ამისთვის? რადგან ამით მშობელი შვილს ასწავლის რაზე მოახდინოს თავისი ყურადღების გადატანა, თუმცა აქ ერთი რამ არის აღსანიშნავი: სამწუხაროდ, ბავშვის მონდომება და ნიჭიერება წარმატების პირდაპირპროპორციული არ არის, მსგავს კონსკურსებზე ბავშვი ხედავს მაგალითებს, სადაც მისი (ან სხვების) შრომა შეიძლება სხვადასხვა მიზეზის გამო დაუფასებელი რჩება და ამით ის თავისი მონდომების და შრომის შედეგს ვერ ხედავს”, – ამბობს თამარ ხუბულავა.

 

ფსიქოთერაპევტის თქმით, მსგავსი პრეცენდენტებით ბავშვები კარგავენ ნდობას იმ ადამიანებისადმი (აღფრთოვანებული პუბლიკა და ჟიური), ვინც აქამდე მათ კეთილგანწყობას იმსახურებდა. ამ დროს პატარების ემოციების და განცდების უფრო სერიოზულად აღქმა გვმართებს, რადგან როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ბავშვებისთვის (განსაკუთრებით 5-6 წლამდე) მათი პრეზენტაცია არის არა მხოლოდ ნომრის წარმოჩენა, არამედ მისი ინდივიდუალობის, მისი პიროვნული მახასიათებლების, რომლებიც ჯერ კიდევ ჩამოყალიებების სტადიაშია, მიაჩნია თამარ ხუბულავას.

 

ნეტგაზეთმა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გენერალურ დირექტორსა და “ნიჭიერის” ჟიურის წევრ ნიკა გვარამიასთან დაკავშირება სცადა, რათა ეკითხა იგიც იზიარებს თუ არა ფსიქოლოგების შეხედულებებს და ხომ არ მიაჩნია უკეთესად, რომ ბავშვებისთვის გარკვეული შეზღუდვა დაწესდეს. თუმცა ნიკა გვარამიამ ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი