კომენტარი

რასთან მოუწევს ბრძოლა კვიტაშვილს უკრაინაში

9 დეკემბერი, 2014 • • 1728
რასთან მოუწევს ბრძოლა კვიტაშვილს უკრაინაში

იმ დროს, როდესაც საქართველოში და თუნდაც რუსეთში შესაბამისი რეფორმები ტარდებოდა, უკრაინის მედიცინა მხოლოდ საკუთარ პოტენციალს ხარჯავდა და არაფერს ამატებდა მას. ამ სფეროს საბიუჯეტო დაფინანსება კი წლიდან წლამდე არსებული ინფრასტრუქტურის შენარჩუნებასაც არ ყოფნიდა, არათუ ახლის განვითრებას. 


ისევე, როგორც ბევრი სხვა სფერო უკრაინაში, მედიცინაც კორუფციაშია ჩაფლული: სასაცილო ხელფასები (ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ქვეყანაში) და კვალიფიციური კადრების გადინება კერძო კლინიკებსა და საზღვარგარეთ; სამედიცინო აღჭურვილობა ბევრ სამედიცინო დაწესებულებაში კი, სულ მცირე, 1980-იანი წლების შემდეგ არ განახლებულა; იმ სამედიცინო დაწესებულებებში კი, რომლებიც ასე თუ ისე თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებენ, პაციენტი ქრთამის გარეშე ვერ მოხვდება. 

 

ცალკე უნდა გამოიყოს ფარმაკოლოგიური მაფია – მწარმოებელთა კონგლომერატი და სამედიცინო პრეპარატების მომწოდებლები, რომლებიც უკრაინაში მედიცინის განვითარებას ბლოკავენ. ფარმაკოლოგიური ომების შედეგად არაერთხელ მომხდარა ისე, რომ ქვეყანაში გადაუდებელი საჭიროების პრეპარატი, მაგალითად, ინსულინი ვერ შემოვიდა, რამაც ასობით ათასი ადამიანის სოცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.

 

იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს ვინიცკის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის რეგიონები და ქალაქი კიევი საპილოტე რეგიონებად დაასახელეს, სადაც სამედიცინო რეფორმა უნდა დაწყებულიყო. თუმცა ეს ცვლილებები მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებების ტოტალური დახურვითა და დარჩენილ სამედიცინო დაწესებულებებს შორის ფინანსების არაეფექტური გადანაწილებით შემოიფარგლა. ამ ფრაგმენტული რეფორმის არც ერთი დასახული ამოცანა არ განახორციელეს.

 

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ქართველი სპეციალისტის დანიშვნა საზოგადოებამ ძირითადად პოზიტიურად, თუმცა, ამავე დროს, ძალიან დიდი სიფრთხილით აღიქვა. 


ალექსანდრე კვიტაშვილი; ფოტო: kp.ua
ალექსანდრე კვიტაშვილი; ფოტო: kp.ua


პოზიტიურად იმიტომ, რომ უკრაინაში ბევრმა იცის საქართველოს რეფორმების შესახებ და სიფრთხილით იმიტომ, რომ ყველას გადასარევად ესმის, რა წინააღმდეგობები ელის წინ ალექსანდრე კვიტაშვილს მინისტრ ჩინოვკინებისა და ზემოთ ხსენებულ ფარმაკოლოგიურ მაფიაში ჩართული პირებისგან, რომლებიც დღევანდელ სისტემას წარმოადგენენ.

 

აქამდე, ფაქტობრივად, არავინ ცდილობდა ამ კორუფციულ ქსელთან ბრძოლას. უკრაინის ყველა ჯანდაცვის მინისტრის ამოცანა იმაში მდგომარეობადა, რომ მაქსიმალურად ეფექტურად “მიტმასნონდნენ” ამ კორუფციულ ქსელს. შესაბამისად, ხელისუფლებამ იცოდა, რომ ამ სისტემის წარმომადგენლებს არ შეეძლოთ ამავე სისტემასთან ბრძოლა. სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, თანამდებობაზე უცხოელი დაენიშნათ.

 

რას ელოდებიან კვიტაშვილისგან უკრანაში? რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ უახლოეს დროში ათეულობით წლის განმავლობაში ჩამონეგრეული სისტემა მთლიანად აღორძინდება. თუმცა, ამავე დროს, დიდი მოლოდინია იმისა, რომ ახალი მინისტრი ყველაზე მთავარი მიმართულებებით რამდენიმე რეალურ და ეფექტურ ნაბიჯს გადადგამს.

 

პირველ რიგში, ეს უნდა იყოს კორუფციასთან დაუნდობელი ბრძოლა – არა კონკრეტულ პირებთან, არამედ მთელ სისტემასთან. ასობით ჩინოვნიკი უნდა ჩამოშორდეს ამ სისტემას, პრაქტიკულად მთელი აპარატი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თითოეული მათგანი საკუთარი ძალებით დაიწყებს ახალი მინისტრის ნებისმიერი ინიციატივის ბლოკირებას, როგორი პერსპექტიულიც არ უნდა იყოს ის. პატიოსანი წესები, რომლითაც სისტემა უნდა ხელმძღვანელობდეს – არის სიკვდილი კორუმპირებული ჩინოვნიკებისთვის, რომლებიც მთელ სისტემაში არიან მიმოფანტული. 

 

მეორე – უკრაინა რეალურად ელის სამედიცინო სადაზღვევო სისტემის ამოქმედებას. ალბათ, არ ღირს საუბარი იმის შესახებაც, რომ უახლოესი ათწლეულის განმავლობაში სრულყოფილად ამოქმედდება დაზღვევა. უკრაინის ჯანდაცვის ისტორიის მანძილზე, ხელისუფლებამ მაინც ვერ შეძლო უზრუნველეყო მინიმალური პირობები სადაზღვევო სისტემის წარმატებული მუშაობისთვის. უკრაინაში სამედიცინო სადაზღვევო პოლისი ფაქტობრივად არ არსებობს. პირადად მეც არ ვიცნობ ვინმეს, ვისაც სამედიცინო სადაზღვევო პოლისი აქვს.

 

მესამე – უკრაინის ჯანდაცვას ესაჭიროება დამოუკიდებელი აუდიტი, იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორ მუშაობს სისტემა დღეს და რა უნდა შეიცვალოს. პარადოქსულია, მაგრამ უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები, რამდენი უჯდება სახელმწიფოს ესა თუ ის სამედიცინო პროცედურა და პაციენტების მკურნალობა. მსხვილი საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები უკვე ამოწმებენ უკრაინის თავდაცვის სამისნიტროს საქმიანობას, ახლა დადგა დრო, ჯანდაცვის სისტემაზე გადაერთონ. 

 

საქართველოს ჯანდაცვის რეფორმისთვის 5 წელი ჰქონდა. უკრაინას არ აქვს ამდენი დრო. სისტემის შეცვლა ახლავე უნდა დაიწყოს, სხვა შემთხვევაში, მას უკვე არაფერი უშველის. კატეგორიულად ჟღერს, მაგრამ ეს ფაქტია. საზოგადოება ელის, რომ კვიტაშვილის ქმედებები უკვე მომდევნო კვირებში აჩვენებს, რამდენად სწორად მოიქცნენ უკრაინის ლიდერები, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მიიწვიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი