ეკონომიკა

უმაღლესი სასწავლებლები ერთიანი სახაზინო ანგარიშიდან ფულის ხარჯვას არ ეთანხმებიან

9 დეკემბერი, 2014 • • 1660
უმაღლესი სასწავლებლები ერთიანი სახაზინო ანგარიშიდან ფულის ხარჯვას არ ეთანხმებიან

აღნიშნულ მიმართვას უერთდება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტიც (თსუ), რომელიც შესაბამისი განცხადების გავრცელებას დღეს აპირებს. 

 

საგადასახადო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებათა პაკეტზე, რომელიც უკვე ასახულია 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გასულ კვირას იმსჯელა.

 

“ნეტგაზეთთან” საუბარში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი ამბობს, რომ უმაღლესი სასწავლებლების ერთიან სახაზინო ანგარიშზე გადასვლის საკითხი გადაწყვეტილი არ არის. მომავალ კვირას სახელმწიფო ხაზინაში გაიმართება შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უმაღლესი სასწავლებლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ტექნიკურ დეტალებს გაეცნობიან. შემდეგ კი სახელმწიფო ხაზინაში იგივე ინფორმაციას საპარლამენტო კომიტეტის წევრები მიიღებენ.    


“ნეტგაზეთის” კითხვას, რამდენად საფუძვლიანია უნივერსიტეტების პროტესტი ერთიან სახაზინო ანგარიშზე გადასვლასთან დაკავშირებით და იზღუდება თუ არა მათი ავტონომია, დავით ონოფრიშვილი ასე პასუხობს:  

 

“უმაღლესი სასწავლებლების ანგარიშები გადადის ხაზინაში, თუმცა მათ ეძლევათ საშუალება კომერციული ბანკებითაც ისარეგებლონ. უბრალოდ, როგორც ფინანსთა სამინისტრო ამბობს და წარმოადგენს, ეს არის აღრიცხვიანობისთვის და კონტროლისთვის განსაზღვრული. საკმაოდ საინტერესო დებატები გაიმართა ამასთან დაკავშირებით და შევთანხმდით ასე, რომ კომიტეტი კიდევ ერთხელ ჩაიხედავს ამ საკითხში. უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვდებიან ხაზინას. ჩვენ ცალკე შევხვდებით ხაზინის ხელმძღვანელობას. მართალი გითხრათ, კომიტეტის წევრების უმრავლესობას მიაჩნია, რომ სერიოზული პრობლემები არ უნდა წარმოიქმნას. რაც შეეხება ბოლონიის პროცესს და უნივერსიტეტების დამოუკიდებლობას, სახაზინო ანგარიშზე გადასვლასთან ამას პირდაპირი კავშირი არ აქვს. არავის არ აქვს უფლება უნივერსიტეტის თანხები ან თვითნებურად გამოიყენოს, ან სხვა მიმართულებით გაუშვას. უმაღლეს სასწავლებლებს ბანკებში ისედაც ექნებათ ანგარიში, ანუ აღრიცხვიანობა, აღნუსხვა მოხდება ხაზინაში. ეს სიახლეა და ცხადია, უნივერსიტეტებს აქვთ გარკვეული პრეტენზიები. ჩვენ ვეცდებით, რომ ყველა მხარე გავითვალისწინოთ და დაბალანსებული კანონი მივიღოთ. მომავალში ჩვენი კომიტეტი გამადიდებელი შუშით დავაკვირდებით ამ პროცესს, რომ მართლაც პრობლემა არ შეიქმნას.” 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში უმაღლესი სასწავლებებლების კრიტიკას ერთიან სახაზინო ანგარიშზე გადასვლასთან დაკავშირებით არ ეთანხმებიან. ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ერთიან სახაზინო ანგარიშზე ორგანიზაციების გადასვლა ევროკავშირთან ასოცირების ხელსეკრულების ერთ-ერთი დირექტივაა:

  

“საგადასახადო კოდექსში ცვლილებებით ხაზინის ერთიან სისტემაში გადმოდის უნივერსიტეტების აღრიცხვა. ეს ეხება მხოლოდ აღრიცხვას და მოქმედი კანონმდებლობით ვერც ფინანსთა სამინისტრო და ვერც მთავრობა ვერ ერევა მათ ხარჯვით პოლიტიკაში. ასევე დავაკონკრეტებ, იმ გადაწყვეტილების მიღებაში, თუ რა მიმართულებით უნდა დახარჯონ ფინანსური რესურსები, ვერავინ ვერ ჩაერევა. მათი ავტონომიურობა გარანტირებულია შესაბამისი კანონით სქართველოს უმაღლესის შესახებ. ის, თუ რომელი სისტემით მოხდება ხარჯების გაწევა, არ ნიშნავს ავტონომიის შეზღუდვას. იმას, თუ რაში დახარჯავენ თანხას, გადაწყვეტს შესაბამისი უნივერსიტეტი. ხოლო აღრიცხვას განახორციელებს ხაზინის ერთიანი სისტემა.”   

 

ილიას უნივერსიტეტის წარმომადგენელი დავით აფრასიძე მიიჩნევს, რომ ერთიან სახაზინო ანგარიშზე გადასვლა უკან გადადგმული ნაბიჯია უნივერსიტეტების ავტონომიის კუთხით: 


“უმაღლესი სასწავლებლების მთავარი საფიქრალი და შეკითხვა არის ავტონომიურობის თემა. უფლება როცა ეკვეცება უნივერსიტეტს და ის ვალდებულია დირექტიულად ხაზინაში განათავსოს თანხები და მხოლოდ ხაზინის გავლით განახორციელოს ყველა ეს ხარჯი, ამ კუთხით ავტონომიის საკითხებში მთლად მართლები არ ვართ. აქამდე ეს თანხები განთავსებული იყო კომერციულ ბანკებში და რა პროცენტული სარგებლით, ეს დამოკიდებული იყო უნივერსიტეტზე. დღეს გვეუბნებიან, რომ კომერციულ ბანკებში შეიძლება განვათავსოთ სახსრები, უბრალოდ, ყველა ხარჯვა უნდა მოხდეს ხაზინის გავლით. არგუმეტი არის ის, რომ ხაზინის გავლით მოხდება უკეთესი კონტროლი და მონიტორინგი. უნივერსიტეტები დღესაც ბევრ დოკუმენტაციას აგზავნიან ფინანსთა სამინისტროში და განათლების სამინისტროში ხარჯების კუთხით და უნივერსიტეტი მზადაა მომავალშიც ყველანაირი მექანიზმი შეიმუშავოს იმისთვის, რომ ტრანსფარენტულობა იყოს უზრუნველყოფილი. მთავარი პრობლემა დგას იმაში, რომ უნივერსიტეტებს ერთმევათ უფლება და უჩნდებათ ვალდებულება.”


საპარლამენტო კომიტეტი საგადასახადო კოდექსი განსახორციელებელ ცვლილებების პაკეტს კიდევ ერთხელ ეკონომიკური კომიტეტების გაერთანებულ სხდომაზე გადახედავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი