კომენტარი

განათლების გვერდითი ეფექტები

8 დეკემბერი, 2014 • 2321
განათლების გვერდითი ეფექტები

განათლების დონე რომ ბევრ კერძო თუ საზოგადოებრივ სიკეთესთან არის დაკავშირებული, ბევრი კვლევით დასტურდება და ამაზე კვლევის გარეშეც ყველა თანხმდება. მაგალითად, რაც უფრო განათლებულია ადამიანი, მით მეტია მისი შემოსავლის დონე, უფრო მაღალია მისი სოციალური სტატუსი და ცხოვრების ხარისხი. თუმცა ძნელია იმის დადგენა, განათლების მიღება იწვევს, მაგალითად, მაღალ შემოსავალს, თუ განათლებას ძირითადად ისეთი ადამიანები იღებენ, ვისაც ისედაც უფრო მაღალი შემოსავალი ექნებოდა სხვა ფაქტორების გამო. მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა ძნელია, მაგრამ ფაქტია, რომ განათლება ძალიან ბევრ სხვა, ნაკლებად თვალსაჩინო შედეგსაც უკავშირდება.

 

მაგალითად, ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ რაც უფრო განათლებულია ადამიანი, მით უკეთესია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს მოვლენა არცთუ ისე მარტივად ასახსნელია. შესაძლოა ბევრმა ეს ახსნას იმ ფაქტით, რომ განათლებული ადამიანების შემოსავალი უფრო მაღალია და, შესაბამისად, მათ უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ ფული დახარჯონ საკუთარი თავის მოვლაზე, საკუთარ ჯანმრთელობაზე, პრევენციულ ზრუნვაზე და ა.შ. შესაძლოა ასევე ვიფიქროთ, რომ განათლების დონე ახალგაზრდა თაობებში უფრო მაღალია და, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ უფრო განათლებულ ადამიანებს (ანუ უფრო ახალგაზრდებს) უკეთესი ჯანმრთელობა აქვთ; ასევე შესაძლებელია, რომ უფრო განათლებული ხალხი ცხოვრობს ქალაქში და სოფლად მაცხოვრებლების ჯანმრთელობა კი უარესია იმის გამო, რომ მათ მეტი ფიზიკური მუშაობა უწევთ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს კავშირი განათლებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობას შორის მაშინაც კი ძალიან მჭიდროა, როცა ყველა სხვა შესაძლო ფაქტორს გავითვალისწინებთ.

 

გაეროს “გენდერისა და თაობების” პროგრამის ფარგლებში საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგებიც იგივეს ადასტურებს. 2009 წელს საქართველოს მასშტაბით გამოკითხულ 8700 სრულწლოვან რესპონდენტს სთხოვეს, შეეფასებინათ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა 5-ქულიანი შკალით. ჯანმრთელობის შეფასების ეს მეთოდი რაოდენობრივი კვლევის ტექნოლოგიებში აპრობირებულია და დადასტურებულია, რომ საკმაოდ კარგად ასახავს ჯანმრთელობის რეალურ მდგომარეობას.

 

1-ლ დიაგრამაზე მოცემულია პასუხების გადანაწილება რესპონდენტების განათლების დონის მიხედვით. მე გამოვყავი განათლების სამი დონე – არასრული საშუალო ან ნაკლები, სრული საშუალო ან საშუალო პროფესიული, და უმაღლესი. შედეგები გამოთვლილია სტატისტიკური მოდელიდან, რომელშიც შედის რესპონდენტის ასაკი, შემოსავალი, სქესი და საცხოვრებელი ადგილი (სოფელი ან ქალაქი). ჰორიზონტალურ ღერძზე მოცემულია რესპონდენტის მიერ შეფასებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვერტიკალური სვეტები კი წარმოადგენს სხვადასხვა განათლების დონის მქონე ადამიანებისათვის ამა თუ იმ კატეგორიაში მოხვედრის ალბათობას. როგორც ვხედავთ, თანაბარი ასაკისა და შემოსავლის მქონე, ერთი სქესისა და საცხოვრებელი ადგილის მქონე ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად განსხვავდება იმის მიხედვით, თუ როგორია მათი განათლების დონე. მაგალითად, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანს 30% აქვს შანსი იმისა, რომ კარგი ჯანმრთელობა ჰქონდეს, საშუალო განათლების მქონე ადამიანს კი (ყველა სხვა ფაქტორის გათვალისწინებით) – 22%.

დიაგრამა 1: ჯანმრთელობის მდგომარეობა განათლების დონის მიხედვით

იგივე სტატისტიკური მოდელიდან შეიძლება გამოვთვალოთ, რომ 45 წლის არასრული საშუალო განათლების მქონე ადამიანს აქვს იმავენაირი ჯანრთელობა, როგორიც სხვა ყველაფრით მის მსგავსს, მაგრამ უმაღლესი განათლების მქონე 60 წლის ადამიანს. ანუ მცდარი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ უმაღლესი განათლება არასრულ საშუალო განათლებასთან შედარებით 15 წლის ჯანმრთელობას აძლევს ადამიანს.

 

საინტერესოა ასევე ის, რომ ეს განსხვავებები გვხვდება არა მხოლოდ ასაკოვან რესპონდენტებში – შედეგები დაახლოებით იგივენაირია, თუ მხოლოდ ახალგაზრდა რესპონდენტებზე გავაკეთებთ ანალიზს. მაგალითად, 30 წლის საშუალო განათლების მქონე ადამიანს ბევრად ნაკლები შანსი აქვს ჰქონდეს კარგი ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვა მხრივ თავისნაირ 30 წლის უმაღლესდამთავრებულთან შედარებით.

 

ბევრი მოსაზრება და თეორია არსებობს იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა მექანიზმით შეიძლება განათლებამ გავლენა იქონიოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ასე, მაგალითად, დასავლეთის ქვეყნებში ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ თამბაქოს მოწევა ბევრად უფრო გავრცელებულია დაბალი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის და შესაბამისად დაბალი საგანმანათელბლო მიღწევების მქონე მოსახლეობაში . ამ კატეგორიის მოსახლეობა ასევე უფრო ნაკლებად მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს, ნაკლებად ჯანმრთელად იკვებება და ა.შ.

 

გარდა ამისა, არსებობს უფრო ბუნდოვანი და კვლევის გზით უფრო რთულად შესამჩნევი მექანიზმი, როგორიც არის ზოგადი დისციპლინის ხარისხი და თვითკონტროლის უნარი. ამ მექანიზმის საკვლევად ძალიან კარგ შემთხვევას წარმოადგენს ტუბერკულოზის მკურნალობა იმ თავისებურებების გამო, რომლებსაც ქვემოთ აღვწერ.

 

ტუბერკულოზი განკურნებადი დაავადებაა, მაგრამ მისი მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესია და საკმაოდ მკვეთრად გამოხატული გვერდითი ეფექტებით ხასიათდება. აქედან გამომდინარე, დიდ პრობლემას წარმოადგენს პაციენტების მიერ მკურნალობის ხშირი შეწყვეტა, განსაკუთრებით, თუ ისინი უკეთ გრძნობენ თავს. ბევრი პაციენტი ამჯობინებს, არ გააგრძელოს რთულად გადასაყლაპი დიდი ზომის აბების მიღება და უსიამოვნო გვერდითი ეფექტებიც ამით შეაჩეროს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ მკურნალობის პროცესის ასეთნაირად შეწყვეტის, ხოლო შემდგომ კვლავ აღდგენის შედეგად შესაძლოა განვითარდეს დაავადების უფრო რთული ფორმები, რომლებიც შემდგომ გაცილებით უფრო ძნელი სამკურნალოა. ყველაფერი ეს განსაკუთრებულად შემაშფოთებელია, თუკი გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ტუბერკულოზი ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებაა და მკურნალობის შეწყვეტით პაციენტი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საკუთარ, არამედ გარშემომყოფების ჯანმრთელობასაც.

 

მიუხედავად ამ ყველაფრისა, რატომ ანებებს პაციენტების საკმაოდ დიდი ნაწილი მკურნალობას თავს? ერთი ფაქტორი, რაც საქართველოს შემთხვევაში შეიძლება გამოირიცხოს, არის ფინანსური მდგომარეობა – ჩვენთან ტუბერკულოზის მკურნალობა ეროვნული პროგრამის ფარგლებში უფასოა და პაციენტებს მედიკამენტების რეგულარულად მიღების სტიმულირების მიზნით მცირედ ფულად დახმარებასაც კი უხდიან. გარდა ამისა, აშშ-ის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის ფარგლებში 2013 წელს ჩატარებული დეფოლტერების (პაციენტი, რომელმაც მინიმუმ 2 თვეა, რაც შეწყვიტა მკურნალობა) კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სერვისების ხელმისაწვდომობა და სტიგმა არ არის მკურნალობის შეწყვეტის განმსაზღვრელი ფაქტორი. იმავე კვლევის თანახმად დეფოლტერები მკურნალობის შეწყვეტის ძირითად მიზეზებად ასახელებენ გვერდითი ეფექტების სიმძლავრეს და მისაღები მედიკამენტების რაოდენობას. ასევე მნიშვნელოვანია სხვა სისტემური პრობლემები და პაციენტების ფსიქოლოგიური მდგომარეობა. მედიკამენტების რაოდენობა და სისტემური პრობლემები ყველა პაციენტისთვის ერთნაირი უნდა იყოს, შესაბამისად, ეს ფაქტორები მკურნალობის შეწყვეტას ვერ ახსნის. თანაც ამ კვლევის სამიზნე ჯგუფი მხოლოდ დეფოლტერები იყო და, შესაბამისად, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, იმავე ხასიათის გვერდითი ეფექტები აწუხებთ თუ არა იმ პაციენტებს, რომლებსაც არ შეუწყვეტიათ მკურნალობა. თუ ეს ასეა, მაშინ მკურნალობის შეწყვეტის მიზეზები სხვაგან უნდა ვეძებოთ.   

 

სწორედ აქ შეიძლება იყოს განათლების დონე ძალიან მნიშვნელოვანი – განათლებულ პაციენტებს ზოგადად აქვთ უფრო მაღალი თვითდისციპლინა და უფრო ხშირად ასრულებენ მკურნალი ექიმების მოთხოვნებს . მკვლევარები ფიქრობენ, რომ ტუბერკულოზის მკურნალობის წარმატების განპირობებაშიც განათლება და მასთან დაკავშირებული ფაქტორები ერთ-ერთი მნიშვნელოვანია . შესაძლოა საქართველოშიც ტუბერკულოზის შემთხვევების მკურნალობის წარმატებაც  ნაწილობრივ მაინც პაციენტების განათლების დონით იყოს განპირობებული.

 

განათლების ამ და სხვა გვერდითი ეფექტების მექანიზმების დასადგენად კიდევ ბევრი კვლევაა ჩასატარებელი. მაგრამ განათლების სავარაუდო გვერდითი ეფექტების არეალი იმდენად ფართოა, რომ ალბათ თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია სახელმწიფოს გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან ბევრ ფულს დაუზოგავს: ტუბერკულოზის მკურნალობაზე, ზოგადად მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვაზე, სოციალურ პროგრამებზე, კრიმინალთან ბრძოლაზე და ა.შ.   

ლელა ჩახაია
ლელა ჩახაია

ავტორის შესახებ

ლელა ჩახაია არის ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორანტი (ფლორენცია, იტალია). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის და ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. სხვადასხვა დროს მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაეროს ბავშვთა ფონდში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი