ახალი ამბები

საკრებულოს დეპუტატს სარფში საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს

8 დეკემბერი, 2014 • • 1333
საკრებულოს დეპუტატს სარფში საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს

ქაზანთარ მამედოვი ამბობს, რომ თურქეთში პირადი საქმისთვის გადადიოდა და დღესვე აპირებდა უკან დაბრუნებას, მაგრამ მას ამის უფლება არ მისცეს.

 

„ტელეფონზე ვიღაც კაცმა მითხრა, ჟვანია ვარ საფინანსო პოლიციიდან და დღეს 5 საათზე თბილისში უნდა იყო დაკითხვაზეო. მე ვუთხარი, რომ გადავალ ერთი საათით და მელევე დავბრუნდები, სარფიდან ნუ მომაბრუნებ-მეთქი. ერთი საათით კი არა, 5 წუთით ვერ გადახვალო… ვკითხე, შეტყობინება რატომ არ მომიტანეს ან წინასწარ რატომ არ დამირეკეს. მერე ცოლს გადავურეკე და ვკითხე, სახლში რამე ხომ არ არის მოტანილი-მეთქი და არაო. მოწმის სახით დაკითხვაზე დამიბარეს“.

ქაზანთარ მამედოვი
ქაზანთარ მამედოვი

 

ქაზანთარ მამედოვი ახლაც სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე იმყოფება და საბაჟოს თანამშრომლებისგან ითხოვს ოფიციალურად მოუმზადონ წერილი, თუ რის გამო არ გაატარეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე. ქაზანთარ მამედოვი ამბობს, რომ მას ამ ცნობის მიცემაზეც უარს ეუბნებიან.

 

ქაზანთარ მამედოვს სავარაუდოდ მოინახულებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში. მამედოვი ამბობს, რომ აუცილებლად მისცემს ახსნა-განმარტებას სახალხო დამცველის წარმომადგენელს და მერე გაემგზავრება თბილისში.

 

ქაზანთარ მამედოვის თქმით, ის საკრებულოში დამოუკიდებელი კანდიდატია და არც ერთი პარტიას არ წარმოადგენს. ასევე ამბობს, რომ ყოფილი პოლიტპატიმარია: „100 ლარის ქრთამის აღების ბრალდებით დამაკავა სააკაშვილის ხელისუფლებამ და 15-წლიანი პატიმრობა მომისაჯა“.


 

შს სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ქაზანთარ მამედოვმა ფინანასთა სამინისტროს უნდა მიმართოს. 


მასალების გადაბეჭდვის წესი