ახალი ამბები

განათლების სამინისტროს განმარტებები კონსულტანტისთვის 1,5 თვეში გადახდილ 143 ათას ლარზე

7 დეკემბერი, 2014 • • 1078
განათლების სამინისტროს განმარტებები კონსულტანტისთვის 1,5 თვეში გადახდილ 143 ათას ლარზე

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებას, რომელიც ნეტგაზეთს სამინისტროს პრესსამსახურმა მიაწოდა, უცვლელად გთავაზობთ: 

 

“5 დეკემბერს სხვადასხვა მედასაშუალებით „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ- ერთი წარმომადგენლის მიერ გავრცელდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურაში შემავალმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონსულტატ ალექსანდრე შელიას თვენახევრის განმავლობაში ხელფასის სახით 143 ათასი ლარი გადაუხადა. აღნიშნული განცხადების საპასუხოდ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ ბატონი ალექსანდრე შელია გახლავთ „განათლების ხარისხის ელექტრონული მართვის პროექტის“ საერთაშორისო კონსულტანტი და მისი ანაზღაურება ხორციელდება არა საბიუჯეტო სახსრებიდან, არამედ გაეროს განვითარების პროგრამის მიზნობრივი გრანტიდან, რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ავტომატიზაციის მიზნით მიმდინარე ზემოაღნიშნულ პროექტში ბატონი ალქესანდრე შელია, რომელიც ამერიკის მოქალაქეა, მოწვეულია საერთაშორისო კონსულტანტის რანგში. გაეროს განვითარების პროგრამასთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში განსაზღვრულია ანგარიშვალდებულების წესები, რომლის დაცვაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის სავალდებულოა. შესაბამისად, საერთაშორისო კონსულტანტის მიერ შესასრულებელი კომპლექსური სამუშაო და ამოცანები, მის მიერ შექმნილი პროდუქტის ღირებულება, შესაბამისი ანაზღაურება და ანაზღაურების პირობები ხელშეკრულებაში დეტალურადაა გაწერილი. ამდენად, დონორთან შეთანხმებით, ცენტრმა შეასრულა მიზნობრივი გრანტის განხორციელების ფარგლებში წარმოქმნილი ვალდებულება”, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი