ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთმა სამხრეთ ოსეთში სამხედრო წვრთნები დაიწყო – ოფიციალური თბილისი შეშფოთებულია

7 დეკემბერი, 2014 • • 1344
რუსეთმა სამხრეთ ოსეთში სამხედრო წვრთნები დაიწყო – ოფიციალური თბილისი შეშფოთებულია

“წვრთნების ფარგლებში, 58-ე არმიის სამხედროები და ოფიცრები გადიან მასშტაბურ საარტილერიო სწავლებას სხვადასხვა საცეცხლე სისტემებიდან სროლებში და ეუფლებიან უახლესი რადიოლოკაციური კომპლექსების გამოყენებას. სწავლებაში გამოიყენება ისეთი თანამედროვე შეტევითი ხასიათის სახეობები, როგორიცაა თვითმავალი ჰაუბიცების „МСТА-С“ და რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემები „ТОРНАДО-Г“, რადიოსალოკაციო კომპლექს „Зоопарк-1“ დახმარებით, რომელიც აღჭურვილია სანავიგაციო სისტემით „ГЛОНАСС“.  სულ საველე წვრთნებში მონაწილეობას იღებს ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და ორასზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა.


რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ეს ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშირისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების, აგრეთვე, რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეშ დარღვევას და საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას.


საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას და მოითხოვს რუსეთის ფედერაციისაგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას და საქართველოს რეგიონების დეოკუპაციას. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯზე და არ დაუშვას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვისკენ მიმართული მორიგი ქმედება”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი