ახალი ამბები

ქადაგიძე ლარის კურსზე: ეს დიდწილად გამოწვეულია ბაზრის მონაწილეების აჟიოტაჟური ქცევით

5 დეკემბერი, 2014 • • 1118
ქადაგიძე ლარის კურსზე: ეს დიდწილად გამოწვეულია ბაზრის მონაწილეების აჟიოტაჟური ქცევით

“ქვეყნის ფინანსურ და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამის გარანტი არის ეროვნული ბანკი. ჩვენ ეს საქმით დაგვიდასტურებია გაცილებით უფრო მნიშვენლოვანი შოკების დროს. ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა არის ფასების სტაბილურობის უზრუნევლყოფა. როგორც წესი, ცენტრალური ბანკები არ აკეთებენ კომენტარს ვალუტის მოკლევადიანი ინფლაციის დროს, მაგრამ ვინაიდან სახეზეა მნიშვენლოვნად გაუარესებული ეკონომიკური მოლოდინები, გადავწყვიტეთ განმარტებები გავაკეთოთ.

 

ეროვნული ვალუტის გაუფასურებას აქვს როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორებით გამოწვეული მიზეზები. ბოლო 7 წლის განმავლობაში ისტორიულად გამყარებულ დოლართან ერთად ადგილზე გვაქვს შიდა სავალუტო შემოდინებების ძირითადი წყაროების შესუსტება ან კლება. ამავე დროს, ჩვენი გათვლებით ეს დისბალანსი უკვე აღმოფხრილია და ასახულია ლარის გაცვლით კურსში. 

 

რაც შეეხება იმ პროცესებს, რომელსაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვაკვირდებით, ის დიდწილად გამოწვეულია ბაზრის მონაწილეების აჟიოტაჟური ქცევით, რაც ფინანსური ბაზრებისთვის ამ დროს ზოგადად დამახასიათებელია. აქვე მინდა აღვნიშო, რომ ბაზრის ის მონაწილეები და მოქალაქეები, რომლებიც იღებენ ან მიიღებენ იმპულსურ გადაწყვეტილებებს კონვერტაციასთან დაკავშირებით, როგორც წესი, ყოველთვის ზარალობენ, ვინაიდან ყველა გაუფასურებას მოსდევს გამყარება”, – განაცხადა ქადაგიძემ


მისივე თქმით, სამწუხაროდ, ამ დროს ყველაზე მეტად ზარალდებიან ის მოქალაქეები, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ, ხოლო შემოსავალი- ლარში.


“აქ მხოლოდ ერთი პასუხი გვაქვს – ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური ზრდა. ეკონომიკის ზრდის საშუალოვადიან პირობებში ლარს გამყარების ტენდენცია ყოველთვის ექნება.


ჩვენ ყოველდღიურად ვაკვირდებით და ვაანალიზებთ მიმდინარე პროცესებს. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავინახავთ კიდევ უფრო გაზრდილ ნეგატიურ მოლოდინებს, მნიშვნელოვან და მოცულობით ინტერვენციებს განვახორციელებთ, ჩვენს ხელთ არსებული ყველა ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებით. იმისთვის, რომ სიტუაცია სტაბილური იყოს”, – განაცხადა ქადაგიძემ.


მისივე თქმით, “ყველა ჩვენი გამოწვევეის წამალი და რეცეპტი არის მხოლოდ ერთი – სწრაფი ეკონომიკური ზრდა”.  


 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 5 დეკემბერს, 17:00 საათზე დადგენილი სავალუტო კურსით აშშ დოლართან მიმართებაში ლარი 1.9527 ნიშნულზეა, ევრო – 2.4118 ნიშნულზე. 

 

 

 

4 დეკემბერს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით 1 აშშ დოალრთან ლარი 1,8984 ნიშნულზე იყო, ევრო კი, 2,3383 ნიშნულზე. ლარი აშშ დოლართან 0.0543 პუნქტით, ხოლო ევროსთან 0.0735 პუნქტით გაუფასურდა. 

 

 

 

კომერციულ და სავალუტო ჯიხურებში აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის კურსი 2.00 და 2.20 ლარამდე აღწევს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი ყოველდღიურად უფასურდება.

 

 

 

ეროვნულმა ბანკმა ბოლო ორ კვირაში ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად 80 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა კურსის შენარჩუნება ვერ ხერხდება.


მასალების გადაბეჭდვის წესი