საზოგადოება

“მოვიდა დრო, კინო რეგიონებშიც გავიდეს”

5 დეკემბერი, 2014 • • 3755
“მოვიდა დრო, კინო რეგიონებშიც გავიდეს”

“კარგ უცხოურ ფილმებს ვერ ვუშვებ, არ გვაქვს 3D ციფრული მოწყობილობა, თან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ბილეთების გაყიდვიდან შემოსული ფული კი მიზერულია. მხოლოდ 3 საათით რომ გავათბო დარბაზი, 40 ლარი მიჯდება,”- ამბობს საჩხერის მუნიციპალიტეტის კინოთეატრის ხელმძღვანელი, ჯურხა დეკანოიძე დღევანდელ შეხვედრაზე. 

 

ფილმებს საჩხერის კინოთეატრში კვირაში რამდენჯერმე, საღამოს შვდის ნახევარზე უშვებენ. ძირითადად ქართველი რეჟისორების ფილმებს ყიდულობენ და თანხას ბილეთებიდან მიღებული შემოსავლით იხდიან. ბილეთებს 3 ლარად ყიდიან და დარბაზს ძირითადად ვერ ავსებენ. ფილმის მთლიანი შემოსავალი მაქსიმუმ 500 ლარია. კინოთეატრის ხელმძრვანელი ამბობს, რომ ფილმის პრემიერის დღეს მხოლოდ 20 ბილეთს უფასოდ ადგილობრივი ხელისუფლების წევრებითვის ინახავენ. მთლიანობაში მოგებული თანხა კი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რეგიონში კინოთეატრი ბიზნესის წყაროდ იქცეს.

 

საჩხერის კინოთეატრი
საჩხერის კინოთეატრი

 

 

მანამდე, სანამ რეგიონებში კინოთეატრი ბიზნესისთვის მოგებას მოიტანს, ამ დარგში მომუშავე ადამიანები ფიქრობენ, რომ მუნიციპალური კინოთეატრები უნდა განვითარდეს. რეგიონებში კინოთეატრების განვითარებაზე კულტურის სამინისტრომ გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგა. 

 

“ძალიან მალე ამუშავდება კინოთეატრები. ჩვენ ვეხმარებით იმ რეგიონებს, სადაც არის საშუალება იმისა, რომ იყოს ეკრანი და ვაჩვენოთ კინო, მაგრამ ეს არ არის თვითმიზანი, ეს იქნება რეგიონში კულტურის ცენტრი. იქნება ეს შეხვედრების ადგილი, დისკუსიების ადგილი,”– ეს განცხადება გურამ ოდიშარიამ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილმა მინისტრმა დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გააკეთა. მალევე საქართველოს ზოგიერთი რეგიონის კინოთეატრი გარკვეული ტექნიკით – პროექტორებითა და ხმის აპარატურით აღჭურვეს.  


როგორც კინოცენტრის რეგიონული პროექტების ხელმძღვანელი, კოტე ჩლაიძე ამბობს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მისი ჯგუფის მოკვლევამ აჩვენა, რომ ამ კინოთეატრების ტექნიკური და ინჟინრული აღჭურვილობა არ შეესაბამება სტანდარტებს, არ არის დარბაზში გათბობა, კინოთეატრების მენეჯმენტს კინოს სფეროსთან ნაკლები შეხება აქვს მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო და გარდა ამისა, კინოთეატრების დაფინანსებისთვის არ არსებობს ფული. 


გაგა ჩხეიძეს, თბილისის კინოფესტივალის დირექტორს მიაჩნია, რომ ვითარების გამოსასწორებლად ერთ-ერთი აუცილებელად გადასადგმელი ნაბიჯი მუნიციპალური კინოთეატრების ქსელის ჩამოყალიბებაა. ამ ქსელში გაერთიანდებოდა დაახლოებით 15-20 მუნიციპალური კინოთეატრი და ერთიანი სტრატეგიით მოხდებოდა რეგიონების კინოთეატრების მენეჯმენტი. ვინაიდან ახალი უცხოენოვანი ფილმების დისტრიბუცია დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტების კინოთეატრებში, ქართველ თანამედროვე რეჟისორებთან მოლაპარაკებებით, მათივე ფილმები გავიდოდა. 


შესაბამისად, მუნიციპალური კინოთეატრების ქსელს კოორდინაცია ექნებოდა რეგიონული განვითარების, კულტურისა და ეკონომიკის სამინისტროსთან. 


ის, რომ ეკონომიკის სამინისტროს როლი მუნიციპალური კინოთეატრების განვითარებაში მნიშვნელოვანია, ბოლნისის კინოთეატრის მაგალითი კარგი პრეცედენტია. 


თორნიკე ადამაშვილი, რომელმაც დაახლოებით ერთი წლის წინ ბოლნისის მუნიციპალური კინოთეატრის განვითარებაზე დაიწყო ზრუნვა, ყვება, რომ კინოთეატრის აღნიშნული შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო, თუმცა მოქალაქეებისა და ხელისუფლების აქტიურობითა და ჩართულობით ადგილობრივ მუნიციპალიტეტს შენობა დაუბრუნეს. ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი ინიციტივითა და საშულებებით კინოთეატრის შენობაში გარკვეული ტექნიკური სამუშაოები ჩაატარა და იმის მიუხედავად, რომ ბოლნისის კინოთეატრი სტანდარტებისგან ჯერ შორსაა, ფილმების გაშვება 2 კვირის განმავლობაში მაინც შეძლეს. ამჟამად ადგილობრივი ხელისუფლება კინოთეატრის რემონტს გეგმავს. 


მსგავსი სიტუაციაა ბევრ რეგიონში, სადაც არსებული კინოთეატრების შენობები ადგილობრივი ხელისუფლების მფლობელობაში აღარ არის. 


“ეს იყო შეცდომა. დაიკარგა კულტურის კერები და კიდევ უფრო შევიწროვდა კულტურული სივრცის არეალი,”- ამბობს გაგა ჩხეიძე.  


1991 წლიდან მუნიციპალური კინოთეატრების შენობები “ქართულ ფილმს” გადაეცა. 2004 წლის შემდეგ მათი ინტენსიური შესყიდვა მოხდა – ეკონომიკის სამინისტრომ მათი გაყიდვა დაიწყო. 


როგორც გაგა ჩხეიძე ამბობს, დაახლოებით 100 რეგიონული კინოთეატრი არსებობდა საქართველოში. მათ შორის იყო 1907 წელს კინოთეატრი “აპოლო” თბილისში, რომელიც დღეს კერძო მფლობელობაშია – “არ მოიძებნა ისეთი ინვესტორი, რომელიც აღადგენდა ამ კინოთეატრს. რა თქმა უნდა, კერძო მფლობელობას არ ვეხებით, თუმცა გვინდა შეხვდეთ მის წარმომადგენლებს ამ საკითხზე”.

 

საბოლოოდ, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გამართული დღევანდელი შეხვედრის შემდეგ რეგიონების წარმომადგენლებთან გადაწყდა, რომ ერთობლივი კოორდინაციით მუნიციპალური კინოთეატრების ქსელის ჩამოყალიბებაზე მუშაობა დაიწყონ. 


“მოვიდა დრო, კინო რეგიონებშიც გავიდეს”, – ამბობს კოტე ჩლაიძე, კინოცენტრის რეგიონული პროექტების ხელმძღვანელი. 



მასალების გადაბეჭდვის წესი