სამართალი

ჭიკაიძის გინების შემსწრე პოლიციელს სასამართლომ გირაო შეუფარდა

5 დეკემბერი, 2014 • • 1481
ჭიკაიძის გინების შემსწრე პოლიციელს სასამართლომ გირაო შეუფარდა

პაატა დობორჯგინიძის დამცველი ადვოკატის, ინგა არახამიას განცხადებით, დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე დობორჯგინიძეს მოსამართლემ 1 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. არახამიას თქმით, 21 იანვარს წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა”, რომელიც დობორჯგინიძის პოზიციებს იცავს, აცხადებს, რომ პოლიციელზე მიმდინარეობს ზეწოლა. იურისტ ნინო ბოლქვაძის თქმით, პროკურატურა დობორჯგინიძეს იარაღის უკანონოდ ტარებაში, მეგობარი ქალის ცემასა და სიცოცხლის მოსპობის მცდელობაში ედავება.

 

დობორჯგინიძეს ბრალი 3 დეკემბერს წაუყენეს. იგი პროკურატურაში საკუთარ ადვოკატთან ერთად გამოცხადდა. იმავე დღეს ამოიღეს მისი პირადი ავტომატი, რომლითაც, გამოძიების მტკიცებით,  მეგობარი ქალის მოკვლა სურდა.

პაატა დობორჯგინიძე ამბობს, რომ ბრალდება არის უსაფუძვლო და გამოძიებასთან თანამშრომლობს. დობორჯგინიძის თქმით, მას საკუთრი იარაღის შენახვის ნებართვა ჰქონდა და დაშლილ მდგომარეობში საკუთარ სახლში ინახავდა, საიდანაც 3 დეკემბერს მტკიცებულების სახით ამოიღეს.

 

პაატა დობორჯგინიძე
პაატა დობორჯგინიძე

“იდენტობის” იურისტი ნინო ბოლქვაძე ამბობს, რომ გამოძებას “ვითომ დაზარალებულისა და  მოწმეების” ჩვენებების გარდა სხვა მტკიცებულება არ გააჩნია.

 

ადვოკატის თქმით, გამოძიება ამტკიცებს, რომ იარაღს ბალისტიკური ექსპერტიზა 4 დეკემბერს მათი მოთხოვნის შემდეგ ჩაუტარდა. ხოლო “მოგონილი ინციდენტი” ნოემბრის დასაწყისში მოხდა.

 

“ვითომ დაზარალებულის გარდა, არის კიდევ რამდენიმე ადამიანის ჩვენება, ჩვენება არის თითქოს კარნახით დაწერილი, ერთი და იმავე შინაარსის”, – ამბობს ბოლქვაძე.

 

პაატა დობორჯგინიძე საპატრულო პოლიციის საბურთალოს მიმართულების მეოთხე ასეულის შემადგენლობაში შედიოდა. იგი სამსახურში 8 ნოემბრის შემდეგ აღარ მისულა, რაც გათავისუფლების შესახებ პატაკი დაწერა. დობორჯგინიძის პატაკი არც ოცმეთაურმა და არც ასმეთაურმა არ ჩაიბარეს. მისი ინფორმაციით, მისი პატაკი არც 3 დეკემბერს არ იყო დაკმაყოფილებული.

 

დობორჯგინიძე ამბობს, რომ მის წინააღმდეგ ზეწოლა თბილისში 18 ივლისს მომხდარი პოლიციელების ჩხუბის შემდეგ დაიწყო, სადაც მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე აუგად მოიხსენიეს.

 

დობორჯგინიძე ამბობს, რომ ინციდენტის დასრულების შემდეგ ორთაჭალაში, გენერალურ ინსპექციაში გადაიყვანეს და საყვედური გამოუცხადეს მას და მის მეწყვილეს იმის გამო, რომ არ დააკავეს პოლიციელები ჭიკაიძის შეურაცხყოფისთვის.

 

დობორჯგინიძის თქმით, მას პატრულ-ინსპექტორს, არ ჰქონდა ინციდენტში მონაწილე პოლიციელების დაკავების უფლება, რადგან ისინი მასზე რანგით მაღალი, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ.

 

“უშუალოდ გვთხოვდნენ პასუხს იმაზე, რომ რატომ არ დავაკავეთ პოლიციელები იმის გამო, რომ ის აგინებდა ჭიკაიძეს. მაშინ, შესაბამისი სამსახურები, რომლებიც გამოვიძახეთ, გენერალური ისპექცია რას აკეთებდა ამ დროს, რატომ არ მიგვითითეს, დააკავეთ ეს ოთხი პიროვნებაო?” – კითხულობს დობორჯგინიძე.

 

დობორჯგინიძე ამბობს, რომ საყვედურის გამოცხადების შემდეგ მის მიმართ დევნა სამსახურში გრძელდებოდა. მას დაუმსახურებლად გამოუცხადეს საყვედური დაგვიანების გამო და ცდილობდნენ კიდევ სხვა მიზეზები ეპოვნათ მისთვის საყვედურის გამოცხადებისთვის, თუმცა არც სამსახურიდან წასვლის შესაძლებლობას აძლევდნენ.

ადვოკატი ნინო ბოლქვაძე ამბობს, რომ შსს-ს არ უნდოდა, დობორჯგინიძე წასულიყო სამსახურიდან როგროც იძულებული თანამშრომელი, არამედ მათ უნდოდათ გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან და ამიტომ სამსახურში დარჩენას სთხოვდნენ, რაც არ გამოუვიდათ.

 

საქართველოს მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს და არა შინაგან საქმეთა სამინიტრო და პოლიციელების ჩხუბთან ამ საქმეს არანაირი კავშირის არ აქვს. პროკურატურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 125-ე მუხლითა და 151 მუხლის ნაწილით მიმდინარეობს.

 

ყოფილი პოლიციელების ჩხუბის კადრები “ტაბულამ” 2014 წლის 18 ივლისს გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, როგორ აგინებენ ჩხუბის დროს შსს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელები.

 

“ტაბულას” ცნობით, ინციდენტში მონაწილეობდნენ პოლიციის მაიორი რამაზ კაკალაშვილი, ასევე – შსს-ს თანამშრომლები გივი გამეზარდაშვილი, გიორგი აფციაური და ირაკლი დარახველიძე.

 

შინაგან საქმეთა სამინსიტროს გენერალურმა ინსპექციამ პოლიციელების წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო, რის შემდეგაც ისინი გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი