საზოგადოება

სახელმწიფო პროგრამით ნაყიდი უხარისხო წამლები 100 ათასი ადამიანისთვის

5 დეკემბერი, 2014 • 1548
სახელმწიფო პროგრამით ნაყიდი უხარისხო წამლები 100 ათასი ადამიანისთვის

აჭარის ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფოს ხელმძღვანელი ეკა ზოიძე ამბობს, რომ უმეტესად საქართველოში ექიმს მაშინ მიმართავენ, როცა დაავადება მძიმე ფორმებშია გადასული, ამ მხრივ გამონაკლისი არც ფსიქიატრიაა. მას, ვისაც არ სურს ერთი, მოკლე სტრესული მდგომარეობის გამო ფსიქიატრიულ საავდმყოფოში აღრიცხვაზე იმყოფებოდეს და ამის გამო თავს არიდებს სპეციალისტთან კონსულტაციას, შეუძლია ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფოს კრიზისული ინტერვენციის სამსახურით (კის) ისარგებლოს. აქ მისული პაციენტი გადის რეგისტრაციას, მაგრამ აღრიცხვაზე არ აჰყავთ.


კის-ი ორი წლის წინ ბათუმის, თბილისისა და ქუთაისის ფსიქო-ნევროლოგიურ საავადმყოფოებში პაციენტის ჰოსპიტალიზაციის თავიდან არიდების მიზნით ჩამოყალიბდა.

“ფსიქიატრიულში აღრიცხვიანობა მაინც სხვა თემაა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია პაციენტის შესახებ სრულად კონფიდენციალურია და მას კანონიც იცავს, კვალი მაინც რჩება, პაციენტი აღრიცხვაზეა ფსიქიატრიულში და მას ეს არ სურს. პაციენტებს, რომლებსაც კრიზისული პერიოდი აქვთ, შეუძლიათ ექვსი თვის განმავლობაში იარონ ცენტრში კონსულტაციებზე, შეხვდნენ სოცმუშაკს, ფსიქოთერაპევტს, მიიღონ უფასო მედიკამენტები და მხოლოდ მაშინ, თუ ეს არ აღმოჩნდება მათთვის საკმარისი და მდგომარეობა მაინც დამძიმდება, ჩვენ მათ ვთავაზობთ სტაციონარში გადასვლას”, – ამბობს ეკა ზოიძე.

დღეისთვის აჭარის ფსიქო-ნევროლოგიურ საავადმყოფოში აღრიცხვაზე 9000-მდე ადამიანია, სტაციონარში კი 145-მდე პაციენტი მკურნალობს. აჭარის ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფოს სტაციონარი, ხონის ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შემდეგ სიდიდით მეორეა დასავლეთ საქართველოში, ამიტომ აქ აჭარის გარდა სხვა რეგიონების (ფოთი, სენაკი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ლანჩხუთი და სხვა) მცხოვრებლებიც მკურნალობენ. საავადმყოფო 155 საწოლზეა გათვლილი, თუმცა აქ ყოველთვის დგას სარეზერვო საწოლები, რადგან საავადმყოფოს ხელმძღვანელის თქმით, არის შემთხვევები, როცა სტაციონარი გადატვირთულია და გეგმაზე მეტი პაციენტის მიღებაც უწევთ: “ყოფილა მომენტი, როცა 160 პაციენტიც გვყოლია, გადატვირთული ვიყავით, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უარის თქმის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი არ გვაქვს ფიზიკურად და ყველა რესურსი ამოწურულია, მაშინ პაციენტს უახლოეს კლინიკაში ან ფსიქიატრიულში ვაგზავნით”.

ფსიქიატრიული მომსახურება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასოა, თუმცა, როცა პაციენტი უარს ამბობს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საავადმყოფოს მიერ მიცემულ უფასო მედიკამენტებზე და უფრო მაღალი ხარისხის მედიკამენტებით მკურნალობას არჩევს, ამას სახელმწიფო აღარ აფინანსებს. ეკა ზოიძე ამბობს, რომ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის სტაციონარში 41 დასახელების უფასო მედიკამენტია, რომელთაგან ზოგი ევროპული ხარისხისაა, ზოგიც ინდური – “ვერ ვიტყვი, რომ ინდური მედიკამენტი არ ვარგა. უბრალოდ, ფაქტია, რომ მედიკამენტი, რომლის თითო აბიც სამი ლარი ღირს – ბევრად უკეთესია”.

ადამიანის უფლებათა ცენტრის გასული წლის ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო პროგრამებში შეძენილი მედიკამენტების ხარისხი ნაკლებად ეფექტურია. “ტენდერში იმარჯვებს ის კომპანია, რომელსაც პროდუქცია ყველაზე დაბალ ფასში აქვს. იაფფასიან წამლებში აქტიური ნივთიერების რაოდენობა ბევრად ნაკლებია. შესაბამისად, წამალი პაციენტისთვის ნაკლებად ეფექტურია და ხშირ შემთხვევაში, უფრო მძიმე გვერდით ეფექტებს იწვევს. ასეთი „სატენდერო სისტემის“ ფარგლებში ექიმებს არა აქვთ უფლება განსაზღვრონ, რა წამლის შეძენა სჯობია არსებული პრაქტიკიდან და ცოდნიდან გამომდინარე. ყველაფერს საზღვრავს მხოლოდ ეკონომიკური კრიტერიუმი, რაც სამედიცინო მომსახურების სფეროში დაუშვებელია”, – ნათქვამია ანგარიშში.


საქართველოში არ არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გაწერილ ადამიანებს დასაქმებასა და საზოგადოებასთან ინტეგრაციაში დაეხმარება. ეკა ზოიძის თქმით, სტაციონარგარეშე სერვისების არსებობა არასამთავრობო ორგანიზაციების პასიურობის ბრალიცაა: “ამბულატორიის იქეთ ადამიანს უნდა ჰქონდეს თავშესაფარი, ევროპის მსგავსად აქაც უნდა არსებობდეს დღის ცენტრები. ამ მხრივ აჭარაში არასამთავრობო ორგანიზაციები არ აქტიურობენ და ეს ძალიან სამწუხაროა. მათი აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია და პატარა სერვისების შექმნასაც დიდი მნიშვნელობა ექნება, თუნდაც მათთვის უფასო იურიდიული მომსახურების მხრივ”.

ფსიქიკურად დაავადებული ადამიანები საზოგადოების ერთ–ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან და განსაკუთრებით საჭიროებენ მათი უფლებების დაცვას. ადამიანთა უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, ეს ადამიანები ადვილად ხდებიან ძალადობისა და თაღლითობის მსხვერპლი: “კარგავენ საკუთრების უფლებას, ქონებას. ხშირია შემთხვევები, როცა ნათესავებს არ უნდათ ფსიქიკურად დაავადებულ ახლობელთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება და მეურვეობის გაფორმებითა და ავადმყოფობის გამწვავების პროვოცირებით ცდილობენ მათ ხანგრძლივ ან სამუდამო გამოკეტვას ფსიქიატრიულ დაწესებულებებში”.

ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფოს არტ-თრაპევტის, მედეა ბერიძის თქმით, სტაციონარის პაციენტებისთვის მეტად აქტუალურია არტ-თერაპიის კურსი, რომლის ფარგლებშიც პაციენტები ხატავენ, ძერწავენ, ქსოვენ და სხვადასხვა ნაკეთობას ქმნიან. კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, ნებისმიერ სტაციონარგარეშე ურთიერთობას ამ პაციენტებზე ძალიან დიდი ეფექტი აქვს: “მე მიკვირს სკოლების, უნივერსიტეტებისაც, რატომ არ არიან აქტიურები. ყველამ რომ მოინდომოს, თუნდაც შაბათობები მოაწყონ, გამოყონ რაღაც დღეები ფსიქიატრიულში სტუმრობისთვის, ეს პრობლემა მხოლოდ ჭიშკარს შიგნით არ დარჩებოდა”.

მედეა ბერიძის თქმით, ზოგიერთი მათი პაციენტი უკვე 12-13 წელია ფსიქიატრიულში ცხოვრობს და მათ არავინ აკითხავს, ამიტომ ასეთ პაციენტებს ნებისმიერი ყურადღება უხარიათ. პერსონალის თქმით, ტანსაცმელს ასეთი პაციენტებისთვის ხშირად სამეგობროში აგროვებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი