ეკონომიკა

“მთავრობა მუშაობს არაეფექტურად და ეს ახდენს გავლენას ლარის კურსზე”

5 დეკემბერი, 2014 • • 1516
“მთავრობა მუშაობს არაეფექტურად და ეს ახდენს გავლენას ლარის კურსზე”

5 დეკემბრის მონაცემებით, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 1.94 ლარია. რამდენად ასახავს ეროვნული ვალუტის კურსი საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ვითარებას? 

 

სავალუტო კურსი ყოველთვის ასახავს იმ მდგომარეობას, რაც არის ეკონომიკაში. ლარის კურსი ასახავს საგადამხდელო ბალანსის მდგომარეობას, რომელიც რამდენიმე ნაწილისგან შედგება: საქონლის ექსპორტ–იმპორტი, ფულის ტრანსფერები, კაპიტალის ბალანსი – შემოსვლა და გადინება. როცა საგადამხდელო ბალანსი უარყოფითია, ის სწორდება სავალუტო კურსის საშუალებით. თუ საგადამხდელო ბალანსი იქნებოდა დადებითი, ამ შემთხვევაში ლარი გამყარდებოდა, მაგრამ სტატისტიკა აჩვენებს, რომ საგადამხდელო ბალანსი უარყოფითია და მნიშვნელოვნად გაიზარდა.  

 

რა შეცდომა დაუშვა მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა და რამ განაპირობა ექსპორტ–იმპორტში  უარყოფითი საგადამხდელო ბალანსის ზრდა? ხელისუფლება ერთ-ერთ მიღწევად ექსპორტის ზრდასა და რუსეთის ბაზრის გახსნას ასახელებს. 

 

რუსეთის და უკრაინის ბაზარი არასტაბილურია და ორიენტირება ამ ბაზრებზე სახარბიელო არ არის. ეს ფაქტია და განვითარებულმა მოვლენებმაც აჩვენა. ბოლო პერიოდში შემცირდა ექსპორტის მოცულობა, გაიზარდა იმპორტი. მიმდინარე ბალანსის უარყოფითი სალდო კიდევ უფრო გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნიდან უნდა გავიდეს მეტი ვალუტა, ვიდრე შემოდის. ეს თავისთავად ასუსტებს ლარს. ამის დამაბალანსებელი იყო ფულადი ტრანსფერები – იმ ქართველების მიერ გამოგზავნილი ფული, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა ქვენებში საზღვარგარეთ. ამ კუთხითაც შეიქმნა პრობლემა, რადგან ვალუტის ძირითადი გამომგზავნი იყვნენ რუსეთში დასაქმებული ემიგრანტები. იქ არსებულმა ეკონომიკურმა პრობლემებმა ეს ფულადი ნაკადები შეამცირა. ამან კიდევ უფრო მეტი დაწოლა მოახდინა ლარზე. ამას დაემატა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვიზებთან დაკავშირებით. რამაც პრაქტიკულად შეამცირა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში. დღეს საქართველოში ჩამომსვლელ ინვესტორებს აძლევენ ერთკვირიან ვიზას. ამ სიტუაციის გამო არც ერთი ინვესტორი არ ჩადებს იმ ქვეყანაში  ფულს, სადაც ერთკვირიან ვიზას აძლევენ. საგარეო საქმეთა სამინისტრო როცა იღებდა ამ გადაწყვეტილებას, 6 თვით ადრე იცოდა და არაფერი არ გააკეთა, რომ გაეზარდა საკონსულოების მომსახურე პერსონალი. პრაქტიკულად ადამიანები დგანან რიგში ვიზების მოლოდინში  და ვერ შემოდიან ქვეყანაში. ეს არის ფუნდამენტური ფაქტორები, რომლებიც ლარის კურსზე მოქმედებენ.

 

ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ლარი გარე ფაქტორების გავლენის შედეგად გაუფასურდა. რა არის ის შიდა ფაქტორი რამაც ლარის კურსზე ზეწოლა მოახდინა?


მთავრობის ხარჯვითი პოლიტიკა.

გოჩა თუთბერიძე
გოჩა თუთბერიძე

ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ბიუჯეტის გავლენა ლარზე ნულის ტოლია. ამ შეფასების გაკეთებას რა არგუმენტი გაძლევთ?


ხაზინის მონაცემები აჩვენებს, რომ ბიუჯეტი ვერ შესრულდა ხარჯვით ნაწილში. ახლა უწევს მთავრობას უფრო მეტი თანხის დახარჯვა, რაც წლის განმავლობაში უნდა დაეხარჯა. როცა ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და დეკემბერში მეტი ფული იხარჯება, მაშინ თავიდანვე უნდა დაეგეგმა ბიუჯეტი ისე, რომ წლის ბოლოს მიმოქცევაში გამოსასვლელი ფულის მასა ნაკლები ყოფილიყო. ეს კითხვა აუცილებლად უნდა დაისვას. თუ ბიუჯეტი სწორად იყო დაგეგმილი, მაშინ ეს პრობლემა არ უნდა შეიქმნას. მთავრობა მუშაობს არაეფექტურად. ეს ახდენს გავლენას ლარის კურსზე.


ფინანსთა სამინისტრომ ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენციების განხორციელებისაკენ მოუწოდა. სებ–მა სავალუტო რეზერვებიდან 80 მლნ აშშ დოლარი დახარჯა, თუმცა ლარის კურსის ვარდნა ვერ შეაჩერა. 


კონსტიტუციით ლარის კურსზე და ფასების სტაბილურობაზე პასუხისმგებელი არის ეროვნული ბანკი. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, როცა მთავრობა მიყვება ეროვნული ბანკის პოლიტიკას. განვითარებულ ქვეყნებში ცენტრალური ბანკის საბჭო იღებს საკვანძო გადაწყვეტილებებს. თუმცა მთავრობის ფისკალურ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკი ვერ იქნება. როცა დიდი ფულის მასა გამოდის ბაზარზე, სებ-ი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას. ეს არაფრის მომტანი არ არის, გარდა იმისა, რომ სავალუტო რეზერვები შემცირდება. რეზერვები არის განთავსებული უცხოეთის ქვეყნებში და მას გარკვეული შემოსავალი მოაქვს საქართველოსთვს. ტყუილად ვხარჯავთ რეზერვებს, ვიდრე მთავრობა თავის პოლიტიკას არ შეცვლის.


მაგრამ ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ჭარბი ფულის მასა ბაზარზე არ გამოსულა.


ფინანსთა სამინისტროს მოცულობითი ხარჯების გაწევა მოუწევს, რაც ლარზე დამატებით მოახდენს ზეწოლას. არის სხვა გზაც, ფინანსთა მინისტრმა უნდა აღიაროს ბიუჯეტის გარღვევა. აშკარაა, რომ ეკონომიკური გუნდი არაეფექტურად მუშაობს.


როცა ვერ სრულდება ბიუჯეტი, მცირდება ინვესტიციები, იზრდება ექსპორტ-იმპორტის უარყოფითი სალდო, ლარი უფასურდება… პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტში ამბობენ, რომ ეკონომიკური გუნდის გადადგომისთვის ეს საკმარისი არგუმენტი არ არის…


აქ გამოსავალია ის, რომ როცა ადამინები ვერ ასრულებენ მოვალეობებს, მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. სხვა შემთხვევაში 2015 წელს შეიძლება უფრო მძიმე სიტუაცია მივიღოთ. როცა ორი წელი ერთი და იგივე  გემართება, უნდა წახვიდე.


რაშია გამოსავალი დღეს, რომ მოსახლეობა კიდევ უფრო არ გაღარიბდეს და ლარის გაუფასურებამ მეტი ფინანსური ზარალი არ მიაყენოს?


ეროვნულ ბანკს ვურჩევდი, რომ არ ჩაერიოს პროცესებში. რაკი ვაღიარეთ მცურავი კურსი, უნდა მივყვეთ ამას, რადგან რეზერვების ხარჯვა ლარს ვერ გაამყარებს. მთავრობამ თავი უნდა დაანებოს ქაღალდზე ბიუჯეტის შესრულებას. ეს კიდევ უფრო დაამძიმებს სოციალურ ფონს. მოხდება ლარის კურსის კიდევ გაუფასურება და ინფლაციური პროცესების სტიმულირება. ჯამში, ეს ყველაფერი რიგით მოქალაქეებს დააზარალებს. საზოგადოებას ამ შემთხევვაში სხვა გზა არ აქვს, უნდა დაელოდოს მომავალ არჩევნებს.  


რა შემთხვევაში შეიძლება ლარი დაუბრუნდეს ძველ ნიშნულს?


ეს მოხდება მაშინ, თუ ქვეყანაში აღდგება ინვესტიციების შემოდინების პროცესი. საქართველომ უნდა გააგრძელოს ღია ეკონომიკის ლიბერალიზაციიის პოლიტიკა. თუ ფულადი ნაკადები არ შემოვიდა, ლარი ძველ ნიშნულზე ვერ გამყარდება. ლარის კურსის რყევა მაინც დროებითი მოვლენაა. ლარი დაუბრუნდება თავის ბუნებრივ მდგომარეობას. მთავრობის მიერ გატარებულმა არასწორმა ფისკალურმა და ეკონომიკურმა პოლიტიკამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა ლარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი