ახალი ამბები

რას ისწავლიან კავკასიელი დოკუმენტალისტები შვედი რეჟისორებისგან [ვიდეო]

4 დეკემბერი, 2014 • 1519
რას ისწავლიან კავკასიელი დოკუმენტალისტები შვედი რეჟისორებისგან [ვიდეო]

ფილმების ჩვენება  იოჰანა ბერნჰარდსონის ფილმით Long Gone Day დაიწყო. ფილმი მცირემეტრაჟიანია (15 წთ) და ნაჩვენებია, თუ როგორია წყვილის ცხოვრება, როდესაც ერთ-ერთ მათგანს საკუთარი წარსულიდან თითქმის არაფერი აღარ ახსოვს. იოჰანა ბერნჰარდსონი ამ წყვილის შვილიშვილია, ის ბებიასთან და ბაბუასთან ერთად 24 საათს ატარებს და მაყურებელს მათ ცხოვრებას აცნობს. ფილმში თავად რეჟისორიც  მონაწილეობს.

Dagen lång / Long Gone Day from Johanna Bernhardson on Vimeo.

 

როგორც რეჟისორმა, იოჰანა ბერნჰარდსონმა ფილმის ჩვენების დასრულების შემდეგ განაცხადა, მას სურდა ეჩვენებინა, თუ როგორია ცხოვრება ადამიანთან, რომელსაც თითქმის აღარაფერი აღარ ახსოვს.

 

“მე საზოგადოებას გავუზიარე როგორც სხვების, ასევე ჩემი ისტორიაც. ვფიქრობ, ასე უფრო სამართლიანია,”- თქვა რეჟისორმა ფილმის ჩვენების დასრულების შემდეგ.

 

იოჰანა ბერნჰარდსონი ფილმის ჩვენების დასრულების შემდეგ მაყურებლების შეკითხვებს პასუხობს 03.12.2014
იოჰანა ბერნჰარდსონი ფილმის ჩვენების დასრულების შემდეგ მაყურებლების შეკითხვებს პასუხობს 03.12.2014

როგორც საქდოკ ფილმის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა, ანა ძიაპშიპამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, შვედი დოკუმენტალისტების ფილმები შესაძლოა კარგი მაგალითი იყოს ქართველი რეჟისორებისა და პროდიუსერებისთვის.

 

“ფილმები, რომლებიც ვნახეთ, არის ძალაინ პერსონალურ, პირად ცხოვრებაზე, რაც ჩვენთან  თითქოს ძალიან რთული არის ამაზე ლაპარაკი და დოკუმენტური კინო რაღაც მომენტში მოიცავს პირადი ამბის თხრობასაც და ეს რაღაც მომენტში ჩვენი ცნობიერებისთვის საკმაოდ რთული არის ამის გადახარშვა, პირადზე ლააპრაკი. ამის ჩვენება, რომ ამის ჩვენება შეიძლება, ამაზე ლაპარაკი და ამის განხილვა მნიშვნელოვანია, მე მგონია რომ კარგი მაგალითი შეიძლება იყო ადგილობრივი დოკუმენტალისტებისთვის,”- თქვა მან.

 

ფილმების ჩვენებას სოციალური ანთროპოლოგი ესმა ბერიკიშვილიც ესწრებოდა, რომელიც დოკუმენტური კინოს პროდიუსერია. “ნეტგაზეთთან” საუბრისას მან აღნიშნა, რომ შვედურ დოკუმენტურ კინოსთან შეხება მისთვის საინტერესო გამოცდილებაა

 

“ჩვენ ძალიან იშვიათად ვხედავთ ხოლმე დოკუმენტურ ფილმებში ასეთ პერსონალურ დამოკიდებულებას საკუთარი საკვლევი ობიექტების მიმართ, ასე რომ დავარქვათ. ხშირად გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც რეჟისორი ახლოს არის იმ პრობლემასთან, რომელზეც საუბრობს, ან გამოცდილება აქვს ამ პრობლემაში, ან რაღაცნაირად არის ამ ყველაფრის ნაწილი, მაგრამ იშვიათად თვითონ ჩაერთოს, როგორც ფილმის მთავარი გმირი.”

 

ესმა ბერიკაშვილის თქმით, იოჰანა ბერნჰარდსონის ფილმებში იგრძნობა,  რომ მას არ რცხვენია ეკრანზე თავისი თავის წარმოჩენისა და იმ პერსონალური ინფრომაციის გამოტანის, რომელზეც სხვა არ ისაუბრებდა.

 

“ქალებს, მით უმეტეს ჩვენ კულტურაში, ნაკლებად აქვთ იმის თავისუფლება, რომ ის ისტორიები, რომლებიც მათ აწუხებთ, პერსონალური ისტორიები, ასე სააშკარაოზე გამოიტანონ,” – ამბობს ესმა ბერიკიშვილი.

 

ანა ძიაპშიპას განცხადებით, საქდოკ ფილმი დოკუმენტური კინოს განვითარებისთვის შექმნილ ღონისძიებათა ციკლს 2009 წლიდან ატარებს:

 

“ამ ღონისძიებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის ის, რომ ჩვენ ხშირად ვპატიჟებთ საერთაშორისოდ აღიარებულ დოკუმენტალისტებს, მათ ჩამოაქვთ თავიანთი ფილმები და აჩვენებენ მერე შეხვედრებზე,”- განმარტავს ის.

 

საქდოკ ფილმის კიდევ ერთი წარმომადგენლის, ქეთი ყიფიანის თქმით, პროექტი CAUCADOC ინტენსიურ ვორქშოპებსაც ითვალისწინებს, რომელშიც მონაწილეობას ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი რეჟისორები და პროდიუსერები იღებენ. მისი თქმით, ვორქშოპის ფარგლებში ამ პროდიუსერებისა და რეჟისორებს თავიანთი პროექტების განვითარებაში ეხმარებიან. ვორქშოპი 2-4 დეკემბერს ტარდება და ერთ-ერთი ტრენერი იოჰანა ბერნჰარდსონიც იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი