ეკონომიკა

ხადური: ბიუჯეტის საგარეო ვალებით შევსების ბრალდება ცნობილი ტყუილია

3 დეკემბერი, 2014 • • 1491
ხადური: ბიუჯეტის საგარეო ვალებით შევსების ბრალდება ცნობილი ტყუილია

„2015 წელს ბიუჯეტში 8 მილიარდ ლარზე მეტი გადასახადი იქნება მობილიზებული. ეს ის მაჩვენებელია, რომელსაც კანონმდებლობა ითვალისწინებს. იცით, რომ საბიუჯეტო ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტს 30 პროცენტზე მეტით არ უნდა აღემატებოდეს. ხარჯების 80 პროცენტზე მეტი სწორედ გადასახადებით დაფინანსდება. სახელმწიფო ბიუჯეტი ვალების ხარჯზე არ ივსება. მისი დეფიციტი, ანუ ის, რაც ვალებით ფინანსდება, მშპ–ის სამი პროცენტია“, _ აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

 

მისივე ინფორმაციით, სახელმწიფო 2015 წელს უფრო მეტ საგარეო ვალს დაფარავს, ვიდრე აიღებს. კერძოდ, მომავალი წლისათვის 750 მილიონი ლარის ვალი იქნება დაფარული. ჯამში, ახალი ხელისუფლების მიერ გასტუმრებული საგარეო ვალების ჯამური მაჩვენებელი 2 მილიარდ 400 მილიონ ლარს გაუტოლდება.

 

„კანონმდებლობით, საგარეო ვალი მშპ–ის 60 პროცენტზე მეტს არ უნდა შეადგენდეს. დღეის მონაცემებით, მისი მაჩვენებელი 34 პროცენტია“, _ აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

 

2015 წლის ბიუჯეტის მესამედ წარსადგენად აშშ დოლართან მიმართებაში ლარი 1,80 ნიშნულზეა გათვლილი. 

ნოდარ ხადურის განმარტებით, საგარეო ვალის მონაცემი ლარში სავალუტო კურსის ცვლილებამ გაზარდა. ბიუჯეტის პირველ და მეორე ვარიანტში ბიუჯეტი აშშ დოლართან მიმართებაში  1,75 ნიშნულზე იყო დათვლილი. 

 

ფინანსთა მინისტრმა 3 დეკემბერს უწყების ორი წლის მუშაობის შედეგები საზოგადოებას პროექტის – „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის“ _ ფარგლებში გააცნო.

მასალების გადაბეჭდვის წესი