საზოგადოება

ილიაუნი ბავშვთა და მოზარდთა განვითარების კლინიკას ხსნის

3 დეკემბერი, 2014 • • 3662
ილიაუნი ბავშვთა და მოზარდთა განვითარების კლინიკას ხსნის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ბავშვთა და მოზარდთა განვითარების კლინიკა, როგორც სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი მიმდინარე წელს დაარსდა. 


“ერთ სივრცეში იქნება გაერთიანებული სწავლება, კვლევა და სერვისების მიწოდება. ამ მხრივ უნიკალური სივრცე იქნება,”- აცხადებს ილიაუნის რექტორი, გიგა ზედანია. 

 

ზედანის თქმით, კლინიკის გახსნა უნივერსიტეტის ბაზაზე იყო როგორც უნივერსიტეტის აკადემიური, ასევე საზოგადოებრივი ამოცანა. – “მოგეხსენებათ, განსაკუთრებითი საჭიროების მქონე ადამიანებთან დაკავშირებით ჯერჯერობით საქართველოში ძალიან ცოტა რამ კეთდება.”


თინათინ ჭინჭარაულის, სამეცნიერო კლევითი ინსტიტუტის დირექტორის განცხადებით, კლინიკაში სხვადასხვა ცენტრია გაერთიანებული. მათ შორისაა ადრეული განვითარების, განსაკუთრებულ მოსწავლეთა დახმარების, აუტიზმისა და სკოლამდელი ინკლუზიური განათლების პროგრამები, სადაც ჩართული არიან 0-18 წლამდე სპეციალური, განსაკუთრებული საჭიროების მქონე, რისკჯგუფებში მყოფი ბავშვები და მათი მშობლები.

 

“სხვადასხვა ტიპის დახმარებაზეა საუბარი – ფსიქოსოციალური შეფასება, ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია, მეტყველების თერაპია და ა.შ. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ბავშვს განვითარებაში,”- ამბობს თინათინ ჭინჭარაული. 


კლინიკაში აუტიზმის პროგრამაც ფუნქციონირებს. პროგრამში ჩართულია 42 აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვი, რომლებიც ქცევით თერაპიას გადიან.

 

“ეს ქცევითი თერაპია არის მსოფლიოში ყველაზე აღიარებული მიდგომა აუტიზმის მქონე ადამიანებისთვის. ეს არის საგანმანათლებლო მოდელი, რომელიც ამ ადამიანების განვითარებას ხელს უწყობს. შეიძლება ითქვას, ილიაუნის აუტიზმის ცენტრი იყო ერთადერთი საქართველოში, რომელმაც ამ მხრივ ქცევითი თერაპიის განხორციელება დაიწყო,”- ამბობს ინსტიტუტის დირექტორი.

 

გარდა ამისა, ცენტრს ამჟამად 80-მდე ადრეული განვითარების პროგრამის ბენეფიციარი ჰყავს. ამ პროგრამას სახელმწიფო აფინანსებს. რაც შეეხება სხვა პროგრამებზე მომსახურების ფასებს, როგორც თინათინ ჭინჭარაული ამბობს, სხვა ცენტრებისგან განსხვავებით, ილიაუნის თანადაფინანსების ხარჯზე რამდენჯერმე დაბალია,- “აუტიზმის შემთხვევაში ერთსაათიანი თერაპია 12.5 ლარი ღირს, სხვაგან- 26, 50 ლარი.”


ჭინჭარაულის განმარტებით, სპეციალისტებმა, რომლებიც ცენტრში მუშაობენ, სპეციალური მომზადება უცხოელი პროფესორების მეშვეობით გაიარეს. გარდა ამისა, კლინიკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ინსტიტუტის ფარგლებში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებისა და უწყევეტი განათლების ფარგლებში სხვადასხვა სასერტიფიკაციო პროგრამები არსებობს, რომელიც ამ მიმართულებებით ახალი სპეციალისტების მომზადებას ითვალისწინებს. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი სასერტიფიკაციო პროგრამა ინკლუზიური განათლების კუთხით ბაღის აღმზრდელების მომზადებაა. 


“ჩვენი ერთ-ერთი მისიაა, რომ ცოდნა, რომელიც არსებობს უნივერსიტეტში, არ უნდა იყოს ჩაკეტილი,”- ამბობს ჭინჭარაული.

 

ამასთან, კლინიკის ფუნქციონირების ერთ-ერთი მიმართულებაა მშობლებისთვის სხვადასხვა უნარ-ჩვევების შეძენა. 

 

როგორც თინათინ ჭინჭარაული ამბობს, ბავშვთა და მოზარდთა კლინიკის ბაზაზე უახლოეს მომავალში გაისხსნება ინკლუზიურ ბავშვთა და მოზარდთა კლუბი, სადაც ბავშვები დაბადების დღეების, წვეულებების გამართვასა და უბრალოდ, თავისუფალი დროის გატარებას შეძლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი