ახალი ამბები

ადვოკატი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების გათავისუფლებას ითხოვს, პროკურატურა – პროცესის გადადებას

3 დეკემბერი, 2014 • 924
ადვოკატი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების გათავისუფლებას ითხოვს, პროკურატურა – პროცესის გადადებას

იოსებ ბარათაშვილის თქმით, დაცვის მხარე წინააღმდეგი არ არის, თუკი პროკურატურა საქმის გასაცნობად დამატებით დროს მოითხოვს, თუმცა ამ შემთხვევაში ბრალდებულები პატიმრობაში არ უნდა დარჩნენ.

 

“ჩვენ საქმის სრულყოფილი გამოძიების წინააღმდეგი ნამდვილად არ ვართ და თუ ჭირდება პროკურატურას დამატებითი დრო საქმის გაცნობისთვის, ამასაც არ ვეწინააღმდეგებით. მაგრამ ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს პატიმრობაში იმყოფებიან, ისინი უნდა იყვნენ თავისუფლები. ასეთ შემთხვევაში, პროკურატურამ რამდენ ხანსაც უნდა, იმდენ ხანს გააგრძელოს გაცნობა საქმის მასალების, ეს არ უნდა ხდებოდეს პატიმრების ხარჯზე,”– განაცხადა ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა. 

 

წინასასამართლო სხდომა 11 დეკემბერს არის დანიშნული. იოსებ ბარათაშვილის ცნობით, გადადების შესახებ მოსამართლის გადაწყვეტილება დღეს ან ხვალ გახდება ცნობილი. 

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 28 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი “სილქნეტის” სასარგებლოდ სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა. საქმის მასალებს გრიფი საიდუმლო 25 ნოემბრამდე ედო, შემდეგ კი, როგორც პროკურატურა აცხადებს, გრიფი მასალების 93%–ს მოეხსნა. იოსებ ბარათაშვილის თქმით, გრიფი საიდუმლო ახლა დაახლოებით 200 გვერდამდე დოკუმენტებს ადევს.

 

“გადმოცემულ ნაწილში და იმ ნაწილშიც, რომელსაც საიდუმლო გრიფი ადევს, არ არის გამოკვეთილი არც დანაშაულებრივი განზრახვა, არც ანგარებითი მიზანი, არც ბრალდებულთა დანაშაულებრივი ურთიერთკავშირი და საერთოდ არ არის ინდივიდუალიზებული თითოეული მათგანის ბრალი. ამის გამო ეს ბრალდება არის დაუსაბუთებელი და ვერ პასუხობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს,”– განაცხადა ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი