სამართალი

შეიცავს თუ არა რისკებს მოსამართლეთა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნა

2 დეკემბერი, 2014 • 1771
შეიცავს თუ არა რისკებს მოსამართლეთა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძე თანამდებობაზე 2008 წელს დაინიშნა. 2018 წელს მას მოსამართლედ მუშაობის 10–წლიანი გამოცდილება ექნება, თუმცა, თუკი მოსამართლედ მუშაობის გაგრძელებას კვლავ გადაწყვეტს, 3–წლიანი გამოსაცდელი ვადის გავლა მოუწევს.

 

“10 წელს რომ იმუშავებ ამ თანამდებობაზე, შემდგომი 3 წლის გამოსაცდელი ვადის არსებობა ჩემთვის არის გაურკვეველი. თუ ჩვენ ადამიანს ვაფასებთ თავისი ნამუშევრით, ამ 10 წლის განმავლობაში არსებულ ნამუშევარსაც შეაფასებ და იმით მიიღებ გადაწყვეტილებას, დაინიშნოს თუ არა ხელახლა თანამდებობაზე,”– განაცხადა “ნეტგაზეთთან” საუბრისას მოსამართლე გიორგი არევაძემ.

 

გარდა ამისა, როგორც გიორგი არევაძე ამბობს, რადგანაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 წევრს პარლამენტი ირჩევს, 1–ს კი პრეზიდენტი ნიშნავს, გამოდის, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელისუფლება ნიშნავს მისთვის სასურველ კანდიდატებს. მისი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ “ადამიანი მოიქცეს ისე, როგორც სხვას უნდა”.

“ადამიანი, რომელმაც იცის, რომ მას აფასებენ, უნდა თუ არა, გარკვეულწილად შეეცდება, რომ ეს ადამიანი “არ გაანაწყენოს”, რომელიც სავარაუდოდ მისი შემფასებელი იქნება,“– თქვა გიორგი არევაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე ამბობს, რომ გამოსაცდელი ვადის საჭიროება რამდენიმე მიზეზმა განაპირობა, მათ შორის, სასამართლო სისტემაში არსებულმა მძიმე მემკვიდრეობამ. ის ამბობს, რომ სასამართლო სისტემისადმი ნდობა არა არსებობდა; იყო ძალიან ბევრი მორჩილი მოსამართლე, რომლებიც სხვის დავალებებს ასრულებდნენ.

 

“ეს, ერთი მხრივ, იყო მოსამართლეებისთვის სასარგებლოც კი, იმ თვალსაზრისით, რომ შეფასებას დაექვემდებარება არა წარსული შეცდომები, არამედ მხოლოდ ეს 3 წელიწადი. ეს ერთგვარი ამნისტიაც იყო ყველასთვის და ყველა იმ დარღვევის პატიება, რაც მანამდე ჰქონდათ ჩადენილი, სავარაუდოდ, ყველაზე შეუძლებელია ამის თქმა,”– განაცხადა “ნეტგაზეთთან” საუბრისას ევა გოცირიძემ.

 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი კი ამბობს, რომ ამ 3 წლის განმავლობაში, შესაძლოა, მოსამართლის დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშ დადგეს.

 

“მოსამართლისათვის მთავარი ის არის, რომ იგი იყოს სტაბილურად დანიშნული და ამას არ ჰქონდეს უახლოეს მომავალში იმაზე ფიქრის აუცილებლობა, რომ რა მოხდება, რომ ხელისუფლება შეიცვალა ახლა, ან მე რომ ვადა გამივა, მერე საბჭო რა გადაწყვეტილებას მიიღებს. აქ იკარგება უკვე სტაბილურობა და როცა ის იკარგება, იკარგება ობიექტურობაც“.

კუბლაშვილის თქმით, ასევე, არსებობს საფრთხე, რომ მოსამართლეებმა გადაწყვეტილებები პოლიტიკურ საფუძველზე მიიღონ.

 

“შეიძლება ეს ყველა მოსამართლემ არ გააკეთოს, იმიტომ, რომ ვინც დაინიშნა, ძალიან ბევრი მათგანი არის გამოცდილი და ძალიან კარგად იციან, რა და როგორ უნდა გააკეთონ, მაგრამ უზარმაზარი რისკია, რომ ასე მოხდეს,”– ამბობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

 

ევა გოცირიძემ კი ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნა, რომ  “იმაზე მეტად ებრძვიან ამ საგამოცდო ვადას, ვიდრე რეალურად ის ამას იმსახურებს” .

 

“იმიტომ უნდა გაიაროს, რომ მოსამართლის დანიშვნა უნდა მოხდეს უვადოდ და სახელმწიფოს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, კიდევ ერთხელ გადაამოწმოს, ვის აძლევს უვადოდ მოსამართლის უფლებამოსილებას,”– უთხრა მან “ნეტგაზეთს”.

 

გამოსაცდელი ვადის არსებობას ემხრობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი წევრი, ვახტანგ მჭედლიშვილი, და ამბობს, რომ ქართულ მართლმსაჯულებას ჯერ დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკმარისი ტრადიციები არ აქვს შექმნილი

“სანამ ჩვენ უვადოდ გავამწესებდით მოსამართლეებს, გარკვეული პერიოდი უნდა გვქონოდა მოსამართლეების საგამოცდო ვადით დანიშვნის და შეფასების თაობაზე, მაგრამ ეს შეფასება არავითარ შემთხვევაში არ უნდა განხორციელებულიყო მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებლობის ხარჯზე,“– განაცხადა მან 2 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე.

 

შეხვედრაზე  მოსამართლეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების კრიტერიუმებს განიხილავდნენ. კონსტანე კუბლაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მოსამართლეთა მოსამზადებელი ვადის გაზრდა შესთავაზა.

“მე ვარ მომხრე იმისა, რომ იყოს უვადოდ დანიშვნა, თუმცა მანამდე იმ მიზნით, რომ საბოლოოდ კარგად შევარჩიოთ კანდიდატები, ძალიან კარგად შეიძლება იმის გაკეთება, რომ უფრო გაძლიერდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის როლი და იქ წინასწარ კანდიდატი მოვამზადოთ არა დღევანდელივით 10 თვის, არამედ 2 წლის განმავლობაში. შეიძლება დავხვეწოთ პირველი გამოცდის სისტემაც, იყო მაგალითი მოყვანილი, გერმანიაში 8 სხვადასხვა გამოცდას აბარებს კანდიდატი  და შემდეგ აქვს უფლება მხოლოდ, რომ დაინიშნოს. იგივე ჩვენ შეგვიძილია გავაძლიეროთ ეს მიდგომა და ზუსტად გავწეროთ ეს ყველაფერი,”– განაცხადა მან.

 

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის გართულებისა და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლის გახანგრძლივების შემთხვევაში გამოსაცდელი ვადის შემცირებას არც ევა გოცირიძე გამორიცხავს.

 

“მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს, ეს უნდა იყოს უფრო რთული და სერიოზული. მოსამართლის პროფესიული მომზადება/სტაჟირების საკითხები უნდა იყოს უფრო უკეთ მოწესრიგებული და უნდა იყოს გაცილებით უფრო სერიოზულ საწყისებზე აღმოცენებული და უფრო ხანგრძლივი, უფრო ყოვლისმომცველი,“– განაცხადა მან.

 

თუმცა, მისი თქმით,  დარჩება პერიოდული, 3–წლიანი ან 4–წლიანი მოსამართლის პროფესიული შეფასების აუცილებლობა, რომელიც ყველა ქვეყანაში არის დადგენილი.

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების თქმით, ამჟამად გამოსაცდელ რეჟიმში 12 მოსამართლეა. 2010 წელს “ზოგადი სასამართლოების შესახებ კანონში” შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოსამართლეები უვადოდ გამწესდებიან. თუმცა კანონმა დაადგინა, რომ მოსამართლე უვადოდ დანიშვნამდე არაუმეტეს სამწლიან გამოსაცდელ ვადას გადის. ცვლილება კანონში გიორგი მარგველაშვილის ფიცის დადების შემდეგ ამოქმედდა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი