საზოგადოება

რატომ არ სურს ოჯახში ძალადობის მსხვერპლს სამართალდამცავებთან თანამშრომლობა

2 დეკემბერი, 2014 • 1209
რატომ არ სურს ოჯახში ძალადობის მსხვერპლს სამართალდამცავებთან თანამშრომლობა

“პირველი ჩვენება”

 

როგორც მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა სამმართველოს უფროსი მაია კვირიკაშვილი ამბობს, ეს მაჩვენებელი რეალურად მხოლოდ თანამშრომლობის საწყის ეტაპზე არის მაღალი, რაც შეიძლება “ცხელ გულზე” მიცემული ჩვენებით იყოს გამოწვეული.

 

“ყოველ მომდევნო შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც სურს გამოძიებას თუ პროკურორს, დააზუსტოს მის ჩვენებაში მითითებული გარემოებები, ან მოისმინოს მისი პოზიცია, უმეტეს შემთხვევაში დაზარალებული უარს ამბობს პირველადი ჩვენებისთვის მხარდაჭერაზე, ან საერთოდ, ჩვენების მიცემაზე,“– ამბობს მაია კვირიკაშვილი

როგორც მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნა, კვლევის პროცესში გამოიკვეთა, რომ ადამიანებს, რომლებიც საწყის ეტაპზე გამოძიებას მიმართავენ, გამოძიების მომდევნო ეტაპზე ჩვენებას ცვლიან და სასამართლოში თავს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისგან თავს იკავებენ.

 

გარდა ამისა, ნათია მეზვრიშვილის თქმით, პროკურატურის ხელთ არსებული ფაქტები რეალურ სურათს სრულად არ ასახავს, რადგან, სავარაუდოდ, რაოდენობა უფრო მეტია:

 

“ეჭვი გავქვს, რომ ეს 330 ფაქტი, რომელზეც დღეს ჩვენ ვისაუბრეთ, ეს არ არის სრული სურათი იმიტომ, რომ ამის მიღმა არსებობს კიდევ ბევრი ფაქტი, რაზეც არ მოგვმართავენ,”– განაცხადა მან.

 

ვინ არის დაზარალებული?

 

პროკურატურის მიერ წარმოდგენილი კვლევის მიხედვით, ნახევარზე მეტ შემთხვევაში დაზარალებულია ცოლი, ყოფილი ცოლი, ან არარეგისტრირებული ცოლი (ჯამში 52.3%), რომლებზეც ქმარი/ყოფილი ქმარი ძალადობს. დაზარალებულთა შორის არიან მამა, რომელზეც შვილი ძალადობს (7.2%); დედა, რომელზეც შვილი ძალადობს (5.4); შვილი, რომელზეც მამა ძალადობს (5.1%); ძმა, რომელზეც ძმა ძალადობს (4.3%) და და, რომელზეც ძმა ძალადობს (4%).

 

უმაღლესი განათლება დაზარალებულთა 26,5%–ს, ხოლო ბრალდებულთა 24%–ს აქვს.

 

როგორც დაზარალებულთა, ასევე, ბრალდებულთა შორის დაბალია დასაქმების მაჩვენებელი: დაზარალებულთა 65%–მდე უმუშევარია, 5%–მდე პენსიონერია, 2 %–მდე კი – მოსწავლე.  70%–მდე ბრალდებული უმუშევარია.

 

ამავე კვლევის მიხედვით, ბრალდებულთა 82%–ს ნასამართლეობა არ აქვს.

 

რაც შეეხება ოჯახში დანაშაულის შეტყობინების ავტორს, კვლევაში ნათქვამია, რომ დაზარალებულთა მხოლოდ 41.8%–მა მიმართა სამართალდამცავებს. შეტყობინების ავტორებს შორის ფიგურირებენ ოჯახის წევრები, მეზობლები, საავადმყოფო, ახლობლები და ა.შ.

 

რაც შეეხება დანაშაულის ჩადენის ადგილს, დანაშაულთა დიდი ნაწილი (70%–მდე) სახლში ხდება, მას მოსდევს ქუჩა/ეზო (23.9%), ასევე, სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების დაწესებულებები (ჯამში 2.1%).

 

ამონარიდი საქართველოს პროკურატურის ჩატარებული კვლევიდან
ამონარიდი საქართველოს პროკურატურის ჩატარებული კვლევიდან

 

დაბალი მომართვიანობის მიზეზები

 

სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე სხილაძე ამბობს, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისას დაზარალებულთა იდენტიფიცირება ერთ–ერთი მთავარი გამოწვევაა. მისი თქმით, მომართვიანობა ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის შემთვევებზე ძალიან მაღალია, თუმცა ქალები ძირითადად მაშინ მიმართავენ, როდესაც “თმენის ყოველგვარი ზღვარი ამოწურულია“.

 

ამის მიზეზებად ეკატერინე სხილაძე ჩადენილი დანაშაულის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების გარდა ეკონომიკურ ფაქტორებსაც ასახელებს.

“ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირი არის ოჯახის წევრი, რომელიც შესაძლოა ოჯახის ერთადერთი ფიზიკური უზრუნველმყოფელიც კი იყოს. შესაბამისად, როდესაც ქალი აცხადებს მის წინააღმდეგ რაიმე სახის ქმედებებთან დაკავშირებით, ის აუცილებლად ფიქრობს ოჯახის ეკონომიკურ ფაქტორზე. ამ შემთხვევაში ის ფიქრობს, რა მოყვება მის მიმართვას. ხომ არ შეწყდება მის შვილებზე რესურსების გამოყოფა, იზრუნებს თუ არა მისი მეუღლე ისევ თავიანთ შვილებზე და მასზე,“– ამბობს სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი.

 

„ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ წარმომადგენელი ელისო ამირეჯიბი მიიჩნევს, რომ მომართვიანობის გასაზრდელად ცნობიერების ამაღლებასთან ერთად კანონმდებლობაც უფრო მოქნილი უნდა გახდეს. მისი თქმით, როდესაც მოძალადე სათანადოდ არ ისჯება, მაშინ სხვებიც ვერ ხედავენ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის აზრს:

 

“ის ადამიანიები, რომლებიც ბოლომდე მზად არიან, მიყვნენ საქმის წარმოებას და მზად არიან იმისთვის, რომ დაისაჯოს ბოლოს და ბოლოს მოძალადე, რომელიც წლების განმავლობაში ახორციელებდა მასზე სხვადასხვა ტიპის ძალადობას, ხშირ შემთხვევაში იმის გამო, რომ მოქნილი არ არის კანონმდებლობა, ერიდებიან უკვე ჩივილს და ფაქტობრივად ორმაგად დაზარალებულები რჩებიან და, საბოლოო ჯამში, ეს აისახება იმაზე, რომ სხვები აღარ მიმართავენ სამართალდამცავებს და აღარ ცდილობენ საკუთარი უფლებების დაცვას”.

                                                                                        

მისი თქმით, დღეს არასამთავრობო სექტორი ცნობიერების ამაღლების ამოცანას თავს წარმატებით ართმევს, თუმცა ოჯახში ძალადობის მსხვერპლს დაცვის სათანადო სისტემა არ ხვდება.

 

“იმ ადამიანებს, იმ მსხვერპლებს არ დახვდათ ადეკვატური ზომები მათი დაცვის, რის შედეგად ასეთი ფატალური შედეგი დადგა. აამაღლო ცნობიერება და არ დაახვედრო საპირწონე დაცვის სისტემა, ნიშნავს იმას, რომ გაწირო ეს მსხვერპლი ძალიან ცუდი რამისთვის,“– ამბობს ელისო ამირეჯიბი.

 

კანონმდებლობა შესაძლოა გამკაცრდეს

 

ოჯახში ძალადობას სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლი არეგულირებს, რომლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეზე ძალადობა) ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 80–დან 150 საათამდე. განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება კი – თავისუფლების აღკვეთით 1 წლამდე ვადით.

 

შსს–ს ამ მუხლის გამკაცრების ინიციატივა აქვს,  რომლის მიხედვითაც, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომისა, იქნება ასევე თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე ვადით.

 

შსს–ს ადმინსტრაციის იურიდიული სამსახურის უფროსის თქმით, ამ შემთხვევაში მოსამართლე გადაწყვეტს, პირის მიმართ გამოიყენოს თავისუფლების აღკვეთის ზომა, თუ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. მისივე განცხადებით, კანონპროექტის მოსმენა პარლამენტში წლის ბოლომდე გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი